5 სექტემბერს ბაღდადში ფრანგულ გაზისა და ნავთობის კომპანია Total–სა და ერაყის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, Total–ი სამხრეთ ერაყში ოთხ გიგანტურ ენერგეტიკულ პროექტში $27 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი საწყის ეტაპზე $10 მილიარდის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ Total–ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პიუიანმა ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა.
ერაყის ნავთობის მინისტრ იჰსან აბდულ ჯაბარის განცხადებით, პირველი ეტაპი მოიცავს $3 მილიარდის ინვესტიციას ნავთობის მოპოვების გასაზრდელად. დამატებით $2 მილიარდი დაიხარჯება West Qurna 2–ის საბადოსთან გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად.
მინისტრის განცხადებით, West Qurna 2-ში, პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამომუშავებული გაზის მოცულობა მინიმუმ გაორმაგდება.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ერაყის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. კერძოდ, უნდა შემცირდეს გაზის იმპორტი ირანიდან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების გაზი რამდენჯერმე უფრო იაფია, ვიდრე ირანიდან იმპორტირებული.
Total–ი კიდევ ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია Artawi–ის ნავთობის საბადოდან წარმოების ზრდა 85,000 ბარელიდან 210,000 ბარელამდე. ამასთან Total–ი ერაყის ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურების მშენებლობასაც გეგმავს.
დატოვე კომენტარი