თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, არჩევნებში უპრეცედენტო მარცხი განიცადა. თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან მმართველი გუნდის დამარცხებას ხელი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მათ შორის მზარდმა ინფლაციამ შეუწყო. სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია TRT-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, ერდოღანის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 35.5%, ხოლო ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ 37.7% მოიპოვა. საარჩევნო უბნებზე დათვლილია ხმათა 99.8%.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამომრჩევლებმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ხმა მმართველი პარტიის წინააღმდეგ მისცეს, თუმცა განსაკუთრებით დრამატული ცვლილება ქალაქებში დაფიქსირდა. შედეგები ძირითადად მაღალმა ინფლაციამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა ცენტრალურ ბანკს ნება დართო, ქვეყნის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე გაეზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2002 წელს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ხმების უმრავლესობის დათვლის შემდეგ, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი ექრემ იმამოღლუ 10 პროცენტული პუნქტით ლიდერობდა სტამბულის არჩევნებში, ხოლო მისმა პარტიამ შეინარჩუნა ანკარა და, დამატებით, 15 სხვა ქალაქშიც მოიპოვა გამარჯვება.
AKP-ის შტაბ-ბინის წინ თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები ცნო და დამარცხებაც აღიარა. „31 მარტის არჩევნები გარდამტეხი მომენტია. არჩევნებში ჩვენთვის სასურველი შედეგები ვერ დავაფიქსირეთ, რასაც მოველოდით“, – განაცხადა ერდოღანმა, თუმცა პირობა დადო, რომ მხარდაჭერის აღდგენას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კვლავ მოახერხებს.