თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ამასთან ერთად კომუნიკაციების დირექტორატმა მასკის განცხადებებიც დაიმოწმა, რომელთა თანახმად, Tesla-სთან უკვე მრავალი თურქი მიმწოდებელი თანამშრომლობს, შესაბამისად, ავტომწარმოებლის მიერ შემდეგი ქარხნის აშენების კანდიდატებს შორის თურქეთი უკვე დაწინაურებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავად Tesla-ს.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასააგენტო Anadolu ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინასთან ახლოს მდებარე ცათამბჯენში, „თურქულ სახლში“ გაიმართა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ერდოღანმა ილონ მასკთან ხელოვნურ ინტელექტთან და Starlink-თან დაკავშირებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. დირექტორატის ინფორმაციით, ილონ მასკი თურქულ მარეგულირებლებთან SpaceX-ისთვის Starlink-ის შესაბამისი ლიცენზიის მინიჭებაზე მუშაობს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკი სექტემბერში იზმირში დაგეგმილ კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალზე, Teknofest-ზე მიიწვია და მასკისგან თანხმობაც მიიღო.
მასკი დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება. მილიარდერის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე ისაუბრებს.