სომხეთის დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ერევნის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ხელშეწყობით განხორციელდა, ქართულმა კომპანიამ, „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. შეთანხმების მიხედვით, ქალაქს საერთო ჯამში გერმანული ბრენდის 100-მდე ავტობუსი შეემატება. ასევე სატენდერო ხელშეკრულებით, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, კომპანიამ მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის ვალდებულებაც აიღო.
„თეგეტას“, ერევნის მერიასა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის მაისში მოეწერა. ამგვარად, კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაში მონაწილეობით დაგროვილი გამოცდილება ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმატებით გაიტანა.
€25-მილიონიანი ტენდერი სომხეთის დედაქალაქის მთავრობამ 2021 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. ქართული კომპანიის პირობები საუკეთესო აღმოჩნდა, შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ,,თეგეტამ“ უპირატესობა მოიპოვა და ერევანში ავტობუსების პარკის განვითარების პროცესში ჩაერთო.
სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, ,,თეგეტამ“, MAN-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ავტობუსების ტექნიკური გამართულობის პასუხისმგებლობაც აიღო. სხვა მოდელებთან შედარებით, MAN-ის უახლესი ავტობუსები გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს. თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, შშმ პირებისათვის ადაპტირებული და კომფორტული MAN Lion’s City 12C ტიპის ტრანსპორტი 94 მგზავრზეა გათვლილი და ერევნის მოქალაქეებს 2023 წლის დასაწყისიდან მოემსახურება.
საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობაზე, წარმატებაზე, ავტობუსების მიწოდების პროცესსა და სიახლეებზე Forbes Infrastructure-თან „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი, ირაკლი პაპიაშვილი საუბრობს:
მიმდინარე წელი „თეგეტასთვის” მიღწევების კუთხით განსაკუთრებული იყო. კომპანია ქვეყნის ფარგლებს გასცდა და რეგიონალური მასშტაბით სომხეთში, ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. როგორ მიხვედით აქამდე და რამდენად დიდი იყო კონკურენცია?
ჩვენი კომპანიისთვის ეს ნამდვილად კარგი გამოცდილება და, პარალელურად, დიდი გამოწვევაც იყო. საერთაშორისო ტენდერებში აქამდეც მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ეს შემთხვევა, თავისი სპეციფიკით, გამორჩეულია. ავტობუსების მიწოდება მეზობელი ქვეყნისთვის საქართველოს გავლით მოგვიწევს. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით, ერევნის მთავრობა სისტემურ ცვლილებებს გეგმავს და ავტობუსების პარკის განახლება რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტს გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი ექნება, ასევე, სომხეთის დედაქალაქში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტიანობას გაზრდის. გვიხარია, რომ სწორედ „თეგეტა ჰოლდინგი” გახდა ამ რეფორმის მონაწილე.
რაც შეეხება კონკურენციას, ტენდერში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან ერთად შევედით და გამოცდილებასა და სანდოობასთან ერთად, ერევნის მერიას ევროპული ხარისხი, მისაღები ფასი და პირობები შევთავაზეთ. ასევე ვაკმაყოფილებდით კიდევ ერთ კრიტერიუმს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მახასიათებლებს უკავშირდება. ჩვენ მიერ შეთავაზებული MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები ერევნის მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა.
მხარეებს შორის შეთანხმებას მიმდინარე წლის მაისში მოეწერა ხელი. ამ დროიდან იწყება ტენდერით აღებული ვალდებულებების შესრულების პერიოდის ათვლაც. რა ვადებზეა გაწერილი MAN-ის ავტობუსების ერევნისთვის მიწოდება და დღეს რა ეტაპზე ხართ?
ხელშეკრულების მიხედვით, ავტობუსები 2023 წლის მარტი-მაისის პერიოდში უნდა მიგვეწოდებინა. თუმცა ჩვენმა გერმანულმა პარტნიორმა, MAN-მა ერევნისთვის განკუთვნილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები დაახლოებით 5 თვით ადრე დაამზადა. ამის შემდეგ დაიგეგმა ერევნის მთავრობისა და „თეგეტას“ წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში. მასპინძელი გერმანული ბრენდის წარმომადგენლობა იყო. განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების პირველი ინსპექტირებაც. შემოგვთავაზეს ტესტ-დრაივებიც. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
პირველი 20 ავტობუსი პოლონეთიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამის შემდეგ მივყვებით განრიგს და სატრანსპორტო საშუალებების პირველ ნაკადს ერევანში დეკემბრის ბოლომდე ჩავიყვანთ. შემდგომი მოქმედების გეგმა კი ასეთია: ქარხნიდან დამატებით ორი ათეული ავტობუსი ყოველკვირეულად ჯერ თბილისში გამოიგზავნება. საბოლოოდ, ერევნისათვის ტრანსპორტის მიწოდების პროცესი იანვრის ბოლოსთვის დასრულდება.
ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. როგორ გრძელდება თანამშრომლობა? რას გულისხმობს შემდგომი მომსახურება და როგორ განახორციელებთ მას?
დიახ, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების გადამზადებას ,,თეგეტა” უზრუნველყოფს. ჩვენ ამის სრული რესურსი გვაქვს. პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის, „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე განხორციელდება, რომელიც რეგიონში ამ მხრივ ფლაგმანია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში ერევნიდან 20 ტექნიკოსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიუნხენში გაემგზავრება.
შემდეგი ეტაპი „თეგეტა აკადემიის” დახმარებით მძღოლების მომზადება იქნება. პერსონალი უსაფრთხო მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენს. პროცესი გერმანიასა და ერევანში წარიმართება. აქვე დავამატებ, რომ ასევე მიუნხენში გადის სპეციალურ კურსს ,,თეგეტას“ ათამდე ტრენერი, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახება ავტოინდუსტრიის სფეროზე, მთელი რეგიონის მასშტაბით.
სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდება. „თეგეტამ“ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. არსებული ავტობუსების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ერევანში დიდი გამოწვევა იყო. ამჯერად ამ საკითხის მოგვარებაზე ქართული კომპანია იზრუნებს და უზრუნველყოფს ყველა შესაბამის სერვისს, რაც ავტობუსების მიწოდების პირველივე დღიდან მათ გამართულ ოპერირებას განაპირობებს.
სომხეთის შემდეგ რომელი ქვეყანა იქნება „თეგეტასთვის“ საინტერესო ტენდერში მონაწილეობისა თუ სხვა პროექტების განხორციელების კუთხით?
რეგიონული დივერსიფიცირება და მეტი წარმომადგენლობა მსოფლიო ბიზნესრუკაზე „თეგეტას” სტრატეგიის ნაწილია. გვაქვს ამბიცია, რომ მომხმარებლისთვის საავტომობილო ეკოსისტემის სრული სპექტრის შეთავაზება და ტრანსპორტის ფლობის გამოცდილების გამარტივება შეგვიძლია. დავამკვიდრეთ ხარისხის მაღალი სტანდარტი და შედეგად მოვიპოვეთ მომხმარებლისა და პარტნიორების ნდობა. ყოველწლიურად ვაფართოებთ ბიზნესს და აღებული გეზის გაგრძელებას პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად ვგეგმავთ.
დატოვე კომენტარი