ეროვნული ბანკი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

ეროვნული ბანკი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება აიკრძალება. ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.

ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.

სებ-ის თანახმად, ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. მისივე თქმით, ცვლილება ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.

ცნობისთვის, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს საქართველოში გასცემს “ლიბერთი ბანკი”, რომელმაც 2022 წელს მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და კიდევ 7 წლის ვადით მოიპოვა პენსიების გაცემის უფლებაც, რაშიც ბანკი ერთ წელში 15 მილიონ ლარს, მთლიანობაში კი 105 მილიონ ლარს მიიღებს.

“ლიბერთის” მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებით ირკვევა, რომ პენსიის ან სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელის გათვალისწინებით გაცემული სესხების მოცულობა 401.3 მილიონ ლარს შეადგენს, მსესხებელთა რაოდენობა 354,397-ია, საშუალო შეწონილი ეფექტური განაკვეთი კი 29.4%.