გიორგი ქადაგიძის სამუშაო რეზიუმე ქვეყნის ფინანსური ალმანახია. დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა 25 წლისაა; 16 წლის იყო (ყველაზე რთულ, გარდატეხის ასაკში), როდესაც მასზე მეურვეობა გიორგი ქადაგიძემ აიღო. ევროპის საუკეთესო ბანკირი ძველ პოსტს, ახალ ლარსა და ბევრ კითხვას ტოვებს. მათგან ყველაზე საინტერესოებზე გიორგი ქადაგიძემ ექსკლუზიურად გვიპასუხა.
თვლით, რომ სახელმწიფო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო უამრავი გამოწვევის ფონზე? იმ დროს, როდესაც შიდა ფაქტორებს გარედან, მეტწილად სამეზობლოდან, ან ძირითადი პარტნიორი სახელმწიფოების ეკონომიკებში შექმნილი პრობლემებიც ემატებოდა…
ჩვენ შეიძლება სულ ვიმეოროთ, რომ არსებობს სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია გახლავთ ეფექტიანი რეაგირება პრობლემებზე და ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკას ექსპორტისა და იმპორტის შემცირების გამო კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, რისი მიზეზები ისედაც გასაგებია, არამედ გამოწვევებზე მისი არაეფექტიანი რეაგირების გამო.
ლარს რაც შეეხება, ამ ნაწილში ლარი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე მდგომი ერთეული. შეუძლებელია, ეკონომიკაში კარგად იყოს ყველაფერი და გაცვლით კურსში პრობლემები წარმოიქმნას, ან პირიქით, გაცვლით კურსში იყოს ყველაფერი კარგად და ეკონომიკას პრობლემები ჰქონდეს. ჩვენ ვართ ღია პატარა ეკონომიკა და გაცვლითი კურსი ეკონომიკაში მიმდინარე ყველა მოვლენას ასახავს. ლარი არის საზომი, მეტი არაფერი.
თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ იყო პერიოდები, როცა “ხელით მართვის” რეჟიმზე მოგიწიათ გადასვლა. რამდენად ხშირი იყო ასეთი შემთხვევები?
ხელით მართვა ბევრჯერ მოგვიწია. 2009 წელს, როდესაც ათასობით ადამიანი ქუჩაში იყო გამოსული, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი სიტყვით გამოვიდა და ხალხს მიმართა: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს გააქვთ საცავი და ქვეყნიდან გარბიან. ტელევიზიით მოვისმინე ეს გამოსვლა. მაშინ არ იყო ახალი საკასო ცენტრი, ჯერ კიდევ ძველი ინკასაციის სისტემა მუშაობდა, ლეონიძის ქუჩიდან იმართებოდა ნაღდი ფულის ლოგისტიკა. რეალობა კი ასეთი გახლდათ: ძირითადი გამზირი, უმეტესობა ქუჩებისა გადაკეტილი იყო და ამ ფონზე ჩვენ ვგეგმავდით, რომელი ქუჩიდან რომელი თაღის ქვეშ უნდა გამძვრალიყო მანქანა, რომ ბანკამდე ფული მიეტანა.
ინსტიტუტების მშენებლობა – პროცესი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანია და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მიმართულებებზე მხოლოდ მყიფე ბუტაფორიის დონემდე მივიდა – იყო თუ არა ისეთი სფერო, რომელიც ბოლომდე შედგა?
დამოუკიდებელი ინსტიტუტები გამოიცდება ხელისუფლებების ცვლილების დროს და ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა წელიწად-ნახევარზე მეტ ხანს უცვლელი რჩება, ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის ტესტი ჩაბარებულია. ჩვენც ვიდექით ამ რისკის წინაშე, როგორც უმეტესი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ეს იყო კარგი საშუალება იმის დასანახად, რომელმა ინსტიტუტებმა შეძლეს დამოუკიდებლობის ტესტის ჩაბარება.
მე ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ეს ტესტი ცალსახად ჩააბარა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომაც და ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ. ამ მიმართულებით უფრო წინ ვართ, ვიდრე ოდესმე, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, სადაც სერიოზული პრობლემები გვაქვს.
საბანკო ზედამხედველობაზე როცა ვლაპარაკობთ, მთავარი არგუმენტი სწორედ 2008 წელია ხოლმე, როცა ზედამხედველობის სააგენტო გამოყოფილი იყო. ან რატომ გამოვიდა, ან რატომ დაბრუნდა?
რატომ ვარეგულირებთ ბანკებს? და რატომ არ არსებობს, მაგალითად, ვულკანიზაციების ან სუპერმარკეტების ზედამხედველობა? ბანკირები საკუთარი აქციონერების ფულს რომ მართავდნენ და არა მეანაბრეებისას, არანაირი ზედამხედველობა არ იქნებოდა საჭირო. არავინ გააკონტროლებდა მათ ქმედებებს – არც სულელურს და არც ჭკვიანურს. მაგრამ რადგან ასე არ არის, ბანკების შემთხვევაში ზედამხედველობას ფინანსური სტაბილურობის ფუნქცია ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის გაკოტრება მეანაბრის გაკოტრებას არ უნდა იწვევდეს. ყოველთვის, როდესაც სასწორზე დადგება აქციონერის ინტერესი VS მეანაბრეთა ინტერესი, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, აქციონერის უკმაყოფილების მიუხედავად, მეანაბრის ინტერესების დაცვაა. ასეც იყო და შედეგად, მეანაბრეების ნდობა საბანკო სისტემისადმი დღეს ძალიან მაღალია, რიცხვებში ეს ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს და 15-მილიარდს შეადგენს. ქართულ საბანკო სისტემას ენდობიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ როდესაც უცხოელი დებს ფულს ქართულ ბანკში, ბანკი აფინანსებს რეალურ სექტორს, ანუ უცხოელი აფინანსებს ქართულ სექტორს.
სად იქნება ზედამზედველობა – ბანკის შიგნით თუ გარეთ – ეს პოლიტიკის გადასაწყვეტია. ერთი მხრივ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველა შეთანხმდა, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან ერთად და მეორე მხრივ, ჩვენთან საკითხი განიხილებოდა როგორც კონტროლის დამყარების მექანიზმი. როდესაც ღიად ამბობ, რომ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მოქმედ მენეჯმენტთან შეუთანხმებლობის გამო იღებ, იქ არგუმენტები ქრება. ზუსტად ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირების ტესტი.
2007-ში ზედამხედველობის გამოყოფა სხვა მიზეზით მოხდა. მაშინ საფინანსო სექტორი დაქსაქსული იყო: დაზღვევის რეგულატორი ცალკე იყო, ფასიანი ქაღალდების კომისია, ფინანსური მონიტორინგი – ცალკე. გაჩნდა მათი გაერთიანების იდეა, რაც განხორციელდა კიდევაც, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ეროვნული ბანკის გარეშე ეს ძალიან არაეფექტიანი იყო. გაერთიანებასთან ერთად ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, ეროვნული ბანკი გახდა ფინანსური სტაბილურობის გარანტი და დღეს ეს ჩანაწერია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის საფუძველი.
“ეროვნულის ფუნქცია არის მეანაბრეებზე ზრუნვა”, “ბანკის გაკოტრება მეანაბრის გაკოტრებას არ ნიშნავს” – ასეთია, თქვენი თქმით, პრინციპი, რომლითაც მუშაობთ. ეს ხომ არ იყო ზოგიერთი გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიღებაც ეროვნულ ბანკში ყოფნის დროს მოგიწიათ?
დიახ, რა თქმა უნდა. ამის კლასიკური მაგალითებია “ინტელექტბანკი” და მაშინდელი “სახალხო ბანკი”. ორივე შემთხვევაში ანგარიშგებების დამალვა და ინფორმაციის გაყალბება ხდებოდა. ისინი ეროვნულ ბანკს რეალობისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, ადგილზე შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ორივე შემთხვევა დასრულდა შედეგით: კმაყოფილი მეანაბრეები და უკმაყოფილო აქციონერები. ამ უკანასკნელთა უკმაყოფილების მიზეზი თუ კანონთან არათავსებადია, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, მიმართონ მათ. მეანაბრეები რომ ყოფილიყვნენ უკმაყოფილო, ეს იქნებოდა პრობლემა. მეანაბრეები კმაყოფილები არიან – კმაყოფილი ვარ მეც.
რა შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ 2007-დან მოყოლებული ბიზნესის წარმომადგენლებზე? რამდენად ადეკვატურები არიან და მიჰყვებიან ან არიან განვითარების ავანგარდში? გასაგებია, რომ მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულები…
ასეც უნდა იყოს, მეწარმე უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ამ ნაწილში პრობლემა არა არსებული მეწარმეები, არამედ მეწარმეების ნაკლებობაა. მეწარმე თავისი მრწამსით, საკუთარი უნარების მატერიალიზებას ცდილობს. ვიღაც მოგვწონს, ვიღაც – არა, შეიძლება ვიღაცის სტანდარტი არ მოგვწონდეს და ვიღაცის სოციალური პასუხისმგებლობა. მე, არა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ როგორც მოქალაქეს, არ მომწონს, რომ ავტოგასამართი ქსელების მეპატრონეებს არა აქვთ იმდენი სოციალური პასუხისმგებლობა, (“სოკარის” გამოკლებით), რომ საჯარო ტუალეტები მოწესრიგებული ჰქონდეთ. ამას არ სჭირდება არც კანონი, არც რეგულირება. როგორც პოლიტიკის გამტარებელს კი მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა მეწარმეების სიმცირეა.
ტელეინტერვიუში ბრძანეთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხმა არ ისმის. უფრო სწორად, არ ესმოდა და არც ახლა ესმის ხელისუფლებას …
ყველა პრემიერი შეხვედრას იწყებს ბიზნესფედერაციებთან, გასაგებია, ეს იმიტომ, რომ ერთ ოთახში იკრიბება 100 კაცი, რომელიც რიცხობრივად არის ჩვენი ეკონომიკის 80%. მაგრამ რაოდენობრივად ეს არის მხოლოდ ასი ადამიანი. რეალურად კი არ ისმის ათიათასობით მეწარმის ხმა – ბაზრობებით დაწყებული, მცირე მაღაზიებით დამთავრებული. ასე იყო ადრეც. მათ შორის, 2009 წელს, როცა შემოსავლები შემცირდა, სახელმწიფომ საგადასახადო წნეხი გაამკაცრა და ყველა დონეზე დარიცხვები დაიწყო. ზოგი სწორად, ზოგი – არასწორად და გადაცდომებით, რასაც სინამდვილეში ფისკალური დატვირთვა დიდად არ მოჰყოლია, მაგრამ მაღაზიაზე დარიცხული 100 ათასი ლარი ნიშნავს, რომ ის გაკოტრდა. ეს კი პრობლემაა.
რას ნიშნავს ხმა არ გვესმის? არსებობს ბევრი პროგრამა, რომლებსაც მთავრობა აქტიურად ტირაჟირებს…
ხმა არ გვესმის ნიშნავს შემდეგს: მცირე ბიზნესი უნდა გახდეს საშუალო, საშუალო უნდა გამსხვილდეს და ა. შ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ამის შემაფერხებელი ფაქტორი და სახელმწიფოს უნდა ესმოდეს, რომ ამ ფაქტორების მოშორებაა საჭირო.
მაშინ როდესაც სახელმწიფო მანქანების ბროკერების პრობლემებით დაინტერესდა, მათი შენიშვნების ჩამონათვალი დაიწყო რეგისტრაციით და დასრულდა ფოთში ლოგისტიკით. მერე ყველა დასახელებული პრობლემის გამოსასწორებლად ჩატარდა სამუშაოები. შედეგად მივიღეთ მილიარდიანი ინდუსტრია.
როცა ვსაუბრობთ თხილის, მწვანილის ექსპორტზე, აქაც ბევრნაირი პრობლემაა… ყველასთვის უნდა მოვიცალოთ და ბიზნესის პროფილის შესაბამისად ანალოგიური მოდელების დანერგვა მოვახერხოთ. ერთ-ერთი გამოუყენებელი რესურსი – ჩვენი საელჩოებია საზღვარგარეთ. არაპოლიტიკურ დედაქალაქებში საელჩოები პროტოკოლის ფუნქციის შესრულების ნაცვლად მეღვინის, მეთხილის, მემწვანილის ელჩის ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ. ნებისმიერი საშუალო ან დიდი სასტუმროს მენეჯერს უნდა შეეძლოს ჩვენს საელჩოში, მაგალითად, ინდოეთში დარეკვა და გარკვევა, არის თუ არა შესაძლებელი, ორგანიზება გაუწიოს ტურისტულ ტოპ-სააგენტოებთან შეხვედრას. ისინი ჩვენი მეწარმეების ელჩები უნდა იყვნენ. მცირე და საშუალო მეწარმეს არ შეუძლია პრობლემის არსებობის შემთხვევაში ადგილზე ჩავიდეს და საქმე ისე მოაგვაროს, ამაში მას დახმარებას ადგილობრივი საელჩო უნდა უწევდეს.
კიდევ ერთი საკითხია სახელმწიფო შესყიდვები საზღვარგარეთ. თუ ჩვენთან ტენდერებში მონაწილეობას უცხოური კომპანიები იღებენ და ეს ძალიან კარგია, ქართველმა წარმატებულმა კომპანიებმაც უნდა შეძლონ უცხოურ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ამისთვის საჭიროა ინფორმაცია, რომელსაც საელჩოები უნდა აწვდიდნენ. ჩვენმა საელჩოებმა უნდა დაიცვან ქართული კომპანიები, სხვა კომპანიებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, სადაც ისინი არიან.
რეფინანსირების ინსტიტუტი აღიქმება როგორც ირიბი ინსტიტუტი. როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ფულის ბეჭდვა და გაიზარდოს ფულის მასა, არის თუ არა ეს რეალობასთან ახლოს და რა არის სინამდვილეში ეს ინსტრუმენტი?
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ინსტიტუტი 2012 წლის შემდეგ შეიცვალა და საგარეო ვალის ნაცვლად ბიუჯეტის დაფინანსების მთავარი წყარო შიდა ვალი გახდა. ამან გამოიწვია რეფინანსირების სესხის გაზრდა. ფულის მასა გაიზარდა თუ არა? არა, არ გაზრდილა. 2015 წელს ფულის მასის ჯამურ გავლენას თუ ავიღებთ, პირიქით, შემცირდა, იმიტომ რომ ფულის მასა არ შედგება მხოლოდ რეფინანსირების სესხებისგან. თავის მხრივ, ფულის მასის ზომიერი ზრდა არ ნიშნავს კურსის გაუფასურებას, არც ინფლაციას. ეს არის მონეტარისტების პოზიცია და ისინი არ არიან მეინსტრიმ- ეკონომისტები. მაგალითად, 2007 წელს ფულის მასა გაიზარდა 40%-ით და კურსი გამყარდა, რაც ინვესტიციების დიდი მოცულობით იყო განპირობებული. ამავე დროს – ისე, ინფორმაციისთვის – რეფინანსირების სესხების გაუქმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა შედგეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერს პრემიერი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იქვე ჩაიწერება რეფინანსირების სესხის ფიქსირებული მოცულობა და ეს ჩანაწერი უნდა შესრულდეს. ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა მთავრობას წელიწად-ნახევრის წინ, პარლამენტის ტრიბუნიდან შევთავაზეთ.
რა მოხდა 2010 წელს, რის გამო იყო ასეთი მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი? იყო თუ არა ფულის მასა რამე კავშირში ამ შემთხვევასთან?
2010 წელს ნავთობის ფასი 140 დოლარამდე ავიდა. ყველა ძირითადი სასაქონლო პროდუქტის – შაქრის, ოქროს, ზეთის – ფასი გაიზარდა, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ ვახდენდით. ერთ წელზე ცოტა ნაკლები დაგვჭირდა, რომ ინფლაცია კლებისკენ წამოსულიყო. ისევე როგორც ახლა, ნავთობის შემცირებული ფასი ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. $300 მილიონით ნაკლები გადის ქვეყნიდან. იმის პროგნოზირება, რომ პროდუქტები ასე გაძვირდებოდა, ძალიან რთული იყო.
ასეთ შემთხვევებში არსებობს რაიმე ტიპის ინსტრუმენტები? წინმსწრებად არ შეიძლება პრევენციული ღონისძიებების გატარება და მერე უნდა გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა?
რეალობა ასეთია: ეროვნულ ბანკს აქვს სამიზნე მაჩვენებელი, რომელსაც იღებს ორიენტირად და მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს შესაბამისად იყენებს. სხვათა შორის – ძალიან წარმატებულად.
და რა შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს რეზერვები?
სავალუტო რეზერვის დანიშნულება პირველ რიგში ქვეყნისა და ვალუტის მიმართ ნდობის შენარჩუნებაა. სავალუტო რეზერვი ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როგორიც 2008 წელს იყო, როდესაც შევედით საომარ მოქმედებაში და სისტემის ჩამოშლის რეალური საფრთხე გაჩნდა. მაშინ სავალუტო რეზერვების გამოყენებით მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზება. დღეს განსხვავებული მდგომარეობაა. მოთხოვნის მიზეზი ამ შემთხვევაში ის სავაჭრო ცდომილება გახდა, რომელიც დაკლებული ექსპორტისა და გზავნილების გამო მივიღეთ.
ფინანსური სტაბილურობის ანგარიში. თუ ჩავთვლით იმას, რომ ეროვნული ბანკი მაღალი დონის ნდობით სარგებლობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინვესტორები თქვენი მონაცემებით და ანალიზით ხელმძღვანელობენ, იმიტომ ხომ არ გაქრა ეს ანგარიში, რომ ისედაც მძიმე დროს მუდმივად არ ყოფილიყო ამ შედეგების ფრიალი? თუ ეს ასეა, რატომ არ ამბობთ?
ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გახლავთ დოკუმენტი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული და შესაძლო საფრთხეების, ასევე ამ საფრთხეების გამოწვევების შესახებ. რას თვლის ინვესტორი საფრთხედ და გამოწვევად: პოლიტიკურ არასტაბილურობას, ინსტიტუტების მიმართ ნდობის არარსებობას და ასე შემდეგ. გავიხსენოთ, რა მსჯელობები და შეფასებები ისმოდა ეროვნულ ბანკზე 2012 წლიდან: საბოტაჟი, სპეციალურად კურსის გაუფასურება, შეთქმულების თეორიები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამის დაწერა ქვეყნისადმი ნდობას მხოლოდ დააზიანებდა, ამიტომ პირადად ჩემი გადაწყვეტილებით ვარჩიეთ, არ გამოგვექვეყნებინა ეს ანგარიში. ანგარიშის არარსებობა გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე მისი არსებობა – ეს არგუმენტი სავალუტო ფონდმა გაითვალისწინა. საპარლამენტო კომიტეტების უარყოფითი დასკვნები საკმარისია. მათ სტუდენტებთან, როგორც ქეისებს, კიდევ დიდხანს გამოვიყენებ. ღიმილის მომგვრელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნის ჩანაწერი, რომელიც თავისი კომპეტენციის მიღმა მიმოიხილავს საკითხებს და დასკვნაში წერს, რომ დადებითი შეფასების მორალური უფლება არა აქვს. ქართულმა აუდიტორიამ შეიძლება გაიღიმოს, მაგრამ მაინც ჯობია, არ გადავთარგმნოთ.
იყო თუ არა თქვენი მმართველობის პერიოდში შეცდომა ნაკლები კომუნიკაცია? რევერსის შესაძლებლობა რომ იყოს, შეიცვლებოდა ეს პოზიცია?
დღევანდელი გადმოსახედიდან კომუნიკაცია არის ის, რაშიც გაცილებით მეტ ენერგიას დავხარჯავდი. მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: ეროვნული ბანკები ზოგადად სპეციფიკურია და კომუნიკაცია მათი აქილევსის ქუსლია. და მეორე, თუკი პროაქტიურ კომუნიკაციას გადაწყვეტ, მაშინ ყველა პროცესთან დაკავშირებით გულწრფელი უნდა იყო. ამ დროს კი არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა საჯაროდ გამოტანაც ჩემი გადაწყვეტილებით არ მოხდა. ჩავთვალე, რომ ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა. ეროვნულ ბანკს დღეს ნდობა იმიტომ აქვს, რომ ტყუილი არ გვითქვამს. თუ ერთხელ მოიტყუე და შესაბამისი შედეგი არ დადგა, მეორედ არავინ დაგიჯერებს. ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ ლარი აღარ გაუფასურდება. ჩვენ ვამბობდით, რომ გაუფასურდება მანამდე, სანამ იმპორტი არ შემცირდება. რეალურად ასეც მოხდა. გაუფასურებაზე ზეწოლა გაჩერდა მაშინ, როდესაც იმპორტი შემცირდა ზუსტად იმ ოდენობით, რა ოდენობაზეც ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ამ მიმართულებით გაუმჯობესებულიყო მუშაობა. თუმცა თუ მკითხავთ, რას შევცვლიდი, პროცესისგან დისტანცირებული ვიტყვი, რომ კომუნიკაცია იქნებოდა გაცილებით აქტიური.
არის თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობის ერთ-ერთი გამართლება ის, რომ მთავრობასთან ღია კონფლიქტს მოერიდეთ?
დიახ, ეს ასე იყო. იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო გაართულებდა სიტუაციას. არც ინვესტორებისთვის იქნებოდა სწორი გზავნილი.
თქვენი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდი 50/50-ზე იყოფა. ერთი ნახევარი – ე.წ. კოჰაბიტაციური რეჟიმი, “ოცნების” მთავრობა და მეორე, როცა სააკაშვილის დროს დაინიშნეთ.
ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია გარე ინვესტორებთან. პირველი ინსტიტუტი, ვისაც აზრს ეკითხებიან, ეს არის ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ პოლიტიკური შეფასებისგან არის დაცლილი. ჩვენ ინვესტორების საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს. ეს არიან ევრობონდების მფლობელები, რკინიგზის ბონდის მფლობელები, TBC, BOG, GIOC და ა.შ.
როდესაც კურსმა გაუფასურება დაიწყო, არავის კითხვა არ დაუსვამს, არავის დაურეკავს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩვეულ რეჟიმში ვუგზავნიდით რიცხვებს. ისედაც ცხადი იყო, რომ როცა დაიკლო შემოსავლებმა, უნდა დაიკლოს მოხმარებამაც. პირიქით, მაგ დროს როდესაც ვამბობდით, რომ ინტერვენციებს არ გავაკეთებთ, ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები მოდიოდა ქვევით, იმიტომ რომ ინტერვენციის არარსებობა რისკების შემცირებას ნიშნავს.
როგორც კი ცხელ ფაზაში გადავედით და მაშინდელმა პრემიერმა თქვა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება და აუცილებელია რეზერვების დახარჯვა, მაგალითად მოიყვანა აზერბაიჯანი, მოლდავეთი და .ა.შ. ამის მერე ტელეფონი აღარ გაჩერდა. მათ შეეშინდათ, რომ იმას გავაკეთებდით, რაზეც მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობდა. ყველა ორგანიზაცია ეროვნულ ბანკს ამართლებდა. მაშინ ვთავაზობდი, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკოსი ეკონომისტი, რომელიც შეამოწმებდა ყველაფერს და თუ ის დადებდა დასკვნას, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, მე მეორე დღესვე გამოვიდოდი, ბოდიშს მოვიხდიდი და თანამდებობას დავტოვებდი. საპირისპირო შედეგის შემთხვევაში ვითხოვდი მხოლოდ ერთს: ნუ დაუჯერებდნენ ოდიოზურ ექსპერტებს, რომლებსაც ჭკუას ეკითხებოდნენ. შეთავაზება მთავრობამ, კარგი შანსის გამოყენების მიუხედავად, არ მიიღო.
თქვენს შემცვლელს მოუწევს იმავეს გავლა. მერე რა მოხდება?
აღარ მოუწევს. იმიტომ რომ 90%-იანი ალბათობით “ფსკერზე” ვართ შეუსაბამო რეგულაციებით და გადაწყვეტილებებით. რაღაც სხვა ტიპის პრობლემები შეიქმნება, მაგრამ რისკი იმის, რომ ახალ გაუთვლელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მცირეა. მით უმეტეს, არის ტენდენცია ირანთან, ჩინეთთან მოლაპარაკებების. დიდი ალბათობით და იმედია, ამას არ შეწყვეტენ და იქნება გამყარების ტრენდიც.
თქვენმა განცხადებამ სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ტირაჟირება ჰპოვა, 2012 წლამდეც ანალოგიური ენთუზიაზმით იყავით?
რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით მისაუბრია როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. საჯაროდ პირველად ახლა ვთქვი, თუმცა ნებისმიერ საუბარში, როცა იყო კითხვა, რა არის გასაკეთებელი, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა.
რა ეფექტი აქვს სამინისტროების გაუქმებას, სამ ძირითად საკითხს გამოვყოფ. პირველი – ფისკალური ეფექტი. მეორე – კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუროკრატი თავისი არსით იმგვარი მოხელეა, რომ მას თუ არა აქვს სამუშაო აღწერილობა, ის სამუშაო აღწერილობას თავისთვის იგონებს, რაც თავის მხრივ მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს.
ამ ნაწილში ყველაზე დიდი გამოხმაურება კულტურის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებულ რეპლიკას მოჰყვა. გულისხმობს თუ არა თქვენი ხედვა კულტურის თვითდაფინანსებაზე გადასვლას გარკვეული თვალსაზრისით?
მე არ ვამბობ, რომ კულტურა არ უნდა დაფინანსდეს და მე საერთოდ არ ვარ კომპეტენტური იმაში, კულტურის სფეროში რა უნდა დაფინანსდეს. მე დაფინანსების მოდელზე ვსაუბრობ, რომელიც ორნაირი არსებობს: პირველი – იტალიურ-ფრანგული, რომელსაც მე საბჭოურს ვუწოდებ და მეორე – ბრიტანული. იტალიურ-ფრანგულ-საბჭოური მოდელი – ეს არის სისტემა, როდესაც ბიუროკრატი და პოლიტიკოსი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ და რა უნდა დააფინანსონ. თუ ბიუროკრატი არის სფეროში გარკვეული ადამიანი – სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუ არა – არასწორს. ამ მოდელში პოლიტიკური ლობის, ასევე “ცნობადი სახეებისა” და მათი პროექტების დაფინანსების საფრთხე ჩნდება. ბრიტანულ მოდელში განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტები, რომელთაც პროფესიონალები საზღვრავენ და შემდგომ უკვე დაფინანსების თაობაზე ტენდერები ცხადდება, ანუ მენეჯმენტის აუტსორსინგი მიდის. ამ შემთხვევაში ორ ბენეფიტს ვღებულობთ. პირველი, ბიუროკრატიული წნეხი არ არის და არც სამინისტროა საჭირო და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა სფეროს თავისი სპეციალისტი განკარგავს. დაფინანსების ამ მოდელის შეცვლა დამატებით სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.
ლარიზაციის პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა?
90-იან წლებში საბანკო სექტორის ჩამოშლის შემდეგ ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობა გაქრა. ამან გამოიწვია ის, რომ ადამიანების მთავარ შესანახ ვალუტად დოლარი იქცა. დოლარიზაცია იმის შედეგია, რომ ეროვნული ვალუტა ტრანზაქციის საშუალების გარდა არაფერს აღარ წარმოადგენდა. 90-იანების ბოლომდე თითქმის 100%-იანი დოლარიზაცია გვქონდა. რეფორმებმა სახელმწიფოსა და საბანკო სფეროს მიმართ ნდობა დააბრუნა. გარკვეული ეტაპის შემდეგ, უფრო კონკრეტულად კი 2010 წელს, ვთქვით, რომ ლარიზაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხარს არავინ გვიჭერდა, შედეგი ასეთია: 2012 წელს ფიზიკური პირის სესხებში პირველად ჩამოვცდით 50%-ს. ჯამურად 80%-დან ჩამოვედით 59%-ზე. შედეგის თვალსაზრისით უკმაყოფილო არ ვარ და იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, თანმიმდევრული პოლიტიკაა საჭირო. არ უნდა დავუშვათ ორი შეცდომა: არაფრით არ უნდა ავკრძალოთ რამე ადმინისტრაციულად და მეორე, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ არანაირი კაპიტალის კონტროლი არ გვაქვს. ეს უნდა იყოს წმინდა ნდობაზე დაფუძნებული მექანიზმი და ასე სასურველ შედეგს მივიღებთ. მერე ოდესმე შევალთ ევროზონაში და გავაუქმებთ ლარს.
განათლებაზე ხშირად საუბრობთ, ძირითადად სოციალური ქსელებიდან.
განათლების მოდელებზე გამიჭირდება საუბარი, მაგრამ არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: არ არსებობს არც ერთი განვითარებული ქვეყანა, ვისაც სასკოლო განათლებაში შესაბამისი რეიტინგები არა აქვს. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენი ახალგაზრდა თაობის ათიათასობით წარმომადგენელი სკოლის დამთავრებისას საერთაშორისო მასშტაბით თავიანთ თანატოლებთან შედარებით კონკურენტუნარიანი უკვე არ არის. ამის გამოსწორების გარეშე ძალიან რთული იქნება განვითარება და ეს პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან. მეორე გახლავთ ინგლისური. ძალიან ხშირად ინგლისური საქილიკო თემაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავხდეთ ინგლისურენოვანი ქვეყანა. ჩვენ ინგლისური უნდა ვიცოდეთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვიცოდით რუსული. ამას ალტერნატივა არა აქვს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია კარგი შედეგები, მაგრამ აქ თავის როლს მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესი ასრულებს. ყველაზე განვითარებული და წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები თავიანთ საგანმანათლებლო კონტენტს დებენ ონლაინ და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. დღეს აღარ არის საჭირო კონკრეტული ცოდნის მისაღებად ტოპ- სკოლაში წასვლა. თუ მოზარდებს ექნებათ შესაბამისი უნარები და ინგლისურის ცოდნა, მათ აქვთ შესაძლებლობა, კარგი განათლება მიიღონ.
დატოვე კომენტარი