საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 6.75%-მდე შეამცირა. აქამდე განაკვეთი 7% იყო.
ბანკის ინფორმაციით: “2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს”.
გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.
დატოვე კომენტარი