ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში 117 ოქროს ზოდი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში 117 ოქროს ზოდი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან ამ დრომდე 117 ოქროს ზოდია გაყიდული, მათგან 116 ოცგრამიანია, ხოლო 1 – ერთკილოგრამიანი.

1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდი 183,993 ლარი ღირს და მისი შეძენა მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრებშია ხელმისაწვდომი, ხოლო 20-გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდების ფასი 3680 ლარია და მათი შეძენა მომხმარებლებს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც – www.MoneyMuseum.nbg.gov.ge – შეუძლიათ.

“ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება”, – აღნიშნავს ბანკი გავრცელებულ განცხადებაში.

ოქროს ზოდების გარდა, სებ-მა დაიწყო სერტიფიკატების გამოშვებაც და მათი შეძენა კომერციულ ბანკებში იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, ელექტრონული ფორმით არსებობს და გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. სებ-ის ინფორმაციით, გაყიდვაში დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის მიერ დამზადებული მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები ჩაეშვება.

სერტიფიკატის მფლობელს მისი მეორედ ბაზარზე გაყიდვასთან ერთად, მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება შეუძლია. ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.