ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი, Goldman Sachs-ი რუსეთიდან გადის

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი, Goldman Sachs-ი რუსეთიდან გადის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Goldman Sachs-ი უოლ-სტრიტის კომპანიებს შორის პირველი იქნება, რომელიც რუსულ ბაზარს დატოვებს. „ლიცენზიებთან და რეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, Goldman Sachs-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ხურავს“, – განაცხადეს კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის რუსული საკრედიტო პორტფელი არც თუ ისე დიდია – 2021 წლის ბოლოს, მისმა მოცულობამ $650 მილიონი შეადგინა.

როგორც ჩანს, Goldman Sachs-ი არ იქნება ერთადერთი ბანკი უოლ-სტრიტიდან, რომელიც უახლოეს ხანებში რუსეთის ბაზარს დატოვებს: მსგავსი პათოსის მქონე ინფორმაცია ოთხშაბათს Citigroup-მაც გაავრცელა – ბანკის თქმით, ისინი რუსეთში ბიზნესის შეწყვეტას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ Citibank-ის რუსეთიდან გასვლა გაცილებით უფრო რთული იქნება – გასული თვეს, კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთთან მას $9.8 მილიარდის მოცულობის სესხები და აქტივები აკავშირებს; ამასთანავე, კომპანია 3000 ადამიანს ასაქმებს.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილი აქტივების მქონე ამერიკულ ბანკს, JPMorgan Chase-ს, რუსეთის ბაზრიდან გასვლა-არგასვლასთან დაკავშირებით მას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი ვითარებაა ევროპული ბანკების შემთხვევაშიც. Deutsche Bank-მა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული IT-ჰაბის დახურვას გეგმავს, რომელიც საერთო ჯამში 1300 ადამიანს ასაქმებს. BNP Paribas-მა ახალი პროექტების დაფინანსება შეწყვიტა და მომავალი კვირისთვის ინვესტორთა კრება ჩანიშნა. ახალი პროექტების დაფინანსება Credit Agricole-მა და Société Generale-მაც შეაჩერეს, ხოლო Raiffeisen Bank International-მა, რომელიც ევროპულ ბანკებს შორის რუსეთში ყველაზე მყარადაა წარმოდგენილი, დივიდენდების გაცემა შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *