სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მაისში წინა წლის მაისთან შედარებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 10 ლარით და 90 თეთრით გაიზარდა და თვეში 168 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრითაა გაზრდილი.
საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქსტატის გაანგარიშებით 190 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 5 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს.
გაზრდილია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და ის თვეში 318 ლარს და 90 თეთრს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 8 ლარით და 50 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია, წლიურად კი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით და 70 თეთრით გაიზარდა.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგია:
ერთსულიანი – 168 ლარი და 40 თეთრი.
ორსულიანი – 269 ლარი და 40 თეთრი.
სამსულიანი – 303 ლარი და 10 თეთრი.
ოთხსულიანი – 336 ლარი და 80 თეთრი.
ხუთსულიანი – 378 ლარი და 90 თეთრი.
ექვსსულიანი და მეტი – 448 ლარი.
დატოვე კომენტარი