ერთი ამბავი „ბედდამწვარი“ მენახშირისა

ერთი ამბავი „ბედდამწვარი“ მენახშირისა

„მენახშირე ბიჭი ვარ, არ მაქვს ბინა, საფარი, ნახშირს ვყიდი ბედისგან ნახშირივით დამწვარი“
მოჯამაგირე ვანოს სიმღერა, მ/ფ „მაგდანას ლურჯა

„ტაბახმელიდან სახედრებით მოაქვთ გუდურა, ფიჩხი, შეშა-ნახშირი და სხვა. ნახშირის მოედანზე ხშირად შეხვდებით პატარ-პატარა ბიჭებს, რომლებიც ნახშირის ვირის საპალნეს ჩამოსდევენ და თუ აღმოჩნდა ნახშირის მუშტარი, მაშინ ეს გროშუა წაუღებს მყიდველს ნახშირს, თვითონვე დასცლის და სახედარს კი ისევ პატრონს ჩააბარებს. აი, ამ პატარა ბიჭებს ეძახიან გროშუას, რადგან გასამრჯელოს რაღაც გროშებს იღებს“
იოსებ გრიშაშვილი, „საიათნოვა“, „ქალაქური ლექსიკონი“

ძველი თბილისის ამსახველ შავ-თეთრ ფოტოებზე ხშირად შეგხვდებიან მენახშირეები, ნახშირით დატვირთული სახედრებით ქალაქისკენ რომ მოემართებიან. დილას, შუადღეს, საღამოს, ტფილისის ქუჩებში შეხვდებოდით ნახშირით დატვირთული სახედრების ქარავნებს – მენახშირეები ყოველდღიურად ათასობით ტომარა ნახშირს ეზიდებოდნენ ქალაქში.

როგორც ცნობილია, ტფილისში, ოჯახებში, დუქნებში, სახელოსნოებში, ტრაქტირებსა თუ ყავახანებში გასათბობად, თუ საქმიანობისთვის, აქტიურად იყენებდნენ ნახშირს და ქურსებს.

„ქურსი ასეთი იყო: შუაოათახით პატარა თონეს ამოსთხრიდნენ და შიგ გაღუებულ ნახშის [ნახშირი] ჩასდგამდნენ, მერე იმ ორმოში სახლის წევრები ფეხებს ჩაჰკიდებდნენ, საბანსაც ზედ დაიფენავდნენ და ისრეთ თბებოდნენ“, – აღნიშნულია კარაპეტ გრიგორიანცის წიგნში „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“.

იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ კი ვკითხულობთ: „ქურსი – ცეცხლს აღვივებენ მაყალზე, დასდგამენ შუა ოთახში, ზემოდან დაადგამენ ერთ დაბალფეხებიან მაგიდას, ამ მაგიდას გადააფარებენ დიდსა და სქელ საბანს, ყველა ოჯახის წევრი შემოუმწკრივდება გარშემო. შეჰყოფენ შიგ ფეხებს, გადმოიფარებენ საბანს და ზედ სადილობენ, ან ერთობიან, საქმობენ და სხვ.“.

ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ქალაქი დიდი რაოდენობით ნახშირს მოიხმარდა და მასზე დიდი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც, არსებული ცნობებით, დღიური მოხმარება ათას ტომარამდე იზრდებოდა.

თბილისელი მენახშირეები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ტფილისს ნახშირით ქალაქის მიმდებარე სოფლებიდან ამარაგებდნენ, სადაც ნახშირს ამქარში გაერთიანებული მენახშირეები წვავდნენ. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ნახშირის დაწვა ორმოში ხდებოდა:

ორმოში ხმელი შეშით ცეცხლს ჩაანთებდნენ და გაჩაღების შემდეგ აყრიდნენ მსხვილ შეშას. ორმოს ძირში შეშა თანდათან ნახშირდებოდა, ზემოდან კი ახალ შეშას აყრიდნენ. ასე გრძელდებოდა სანამ ორმო პირამდე არ გაივსებოდა ნახშირით. შემდეგ ზემოდან აფარებდნენ ხის მორებს, აყრიდნენ მიწას და ჰერმეტულად ხურავდნენ, რომ ჰაერი არ ჩასულიყო. ასე რჩებოდა ორმო ორი კვირის განმავლობაში. გაციების შემდეგ ნახშირს ქალაქში ეზიდებოდნენ.

„ნახშირს სწვავდნენ თბილისიდან 3-30 ვერსამდე დაშორებულ ხშირტყიან ადგილებში. მენახშირეები მთლიანად დასავლეთ საქართველოდან გამოქცეული ყმები იყვნენ. მენახშირეთ პატარა ამხანაგობები ჰქონდათ, კოლექტიურად ჭრიდნენ ხეებს, თხრიდნენ ორმოებს, წვავდნენ ნახშირს და თანასწორად იყოფდნენ ფულს. ტყის მეპატრონეს ერთი ორმოდან კვირაში ტომარა ნახშირი ეძლეოდა“, – ვკითხულობთ იაკობ ბალახაშვილის წიგნში „ძველი თბილისი“.

ნახშირის დაწვა დიდად სასიამოვნო საქმე არ უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს ერთი ქალაქური გამოთქმა – დროსტარების დროს, თუკი სუფრის მონაწილე რომელიმე წევრი მოწყენილი იყო, მასზე ამბობდნენ „ნახშირსა სწვამსო“.

მენახშირეები ქალაქში რამდენიმე ადგილას იყრიდნენ თავს. 1886 წელს, იმის გამო, რომ მეიდანზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო მოედანზე, მეტისმეტი სივიწროვე ყოფილა, ქალაქის გამგეობას სპეციალური განკარგულება „მოუხდენია“, რომ ნახშირი, რომელიც მეიდანზე მიჰქონდათ, „ამას იქით“, რიყეზე გაეყიდათ.

1900 წლისთვის ნახშირით ვაჭრობის წესი შეცვლილა. ქალაქის საბჭოს დადგენილებით, ნახშირის „წონით ყიდვა“ ყველასთვის სავალდებულო გამხდარა, როგორც ტფილისელი მენახშირეებისთვის, ისე მათთვის, ვისაც ნახშირი სოფლებიდან ურმებით ჩამოჰქონდა და ქუჩა-ქუჩა ჰყიდდა – „სოფლიდგან ჩამოტანილს ნახშირს ქალაქის სასწორზედ ასწონვენ და იქვე დააკრავენ ქაღალდს, რომელი ტომარა რამდენს იწონის და მხოლოდ შემდეგ შეუძლიანთ ასე წონადადებული ტომრებითა ჰყიდონ ნახშირი“.

მენახშირეებს ნახავდით ტფილისის ვიწრო ქუჩებშიც, სადაც ნახშირით სავსე ტომრებგადაკიდებულ სახედრებს უბან-უბან დაატარებდნენ გასაყიდად.

თუმცა, როგორც ჩანს, ქუჩა-ქუჩა სავაჭროდ მოსიარულე სახედრების ქარავნები, ზოგჯერ უბედური შემთხვევების მიზეზიც ხდებოდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა ავლაბარში მომხდარა, გოგილოს აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე – „მენახშირე ნახშირს ჯორებით ეზიდებოდა. ამ დროს ქუჩაზე მოდიოდა 17-18 წლის ქალი შახნაზაროვისა. ერთი ჯორი შეშინდა და დაფრთხა. ქალმა ვერ მოასწრო მორიდება, ჯორმა წიხლი ჰკრა და კბილები სულ ჩაულეწა. ქალი დავარდა მიწაზე, მაგრამ, საუბედუროდ, ჯორმა მეორედ მიარტყა წიხლი საბრალო შახნაზაროვისას მარჯვენა საფეთქლის ცოტა ქვემოთ. გულ-წასული ქალი ძლივს-ძლივობით მოაბრუნეს და გაგზავნეს სახლში. ექიმს, რომელიც სწამლობს, უთქვამს, რომ მორჩენის იმედი აღარ არისო. მენახშირე მაშინვე შეიპყრეს, ხოლო ისევ გაანთავისუფლეს“.

მენახშირეები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამას გარდა, ვაჭრობის თვალსაზრისით, მენახშირეებს არცთუ დალხენილი ცხოვრება უნდა ჰქონოდათ, რადგან ქალაქელი ვაჭრები და ჩარჩები მათ ხშირად ჩაგრავდნენ. მაგალითად, XIX საუკუნის 80-იან წლებში პრესა იუწყებოდა, რომ ჩარჩები, სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, ნახშირსაც ყიდულობდნენ და ინახავდნენ, რის გამოც ქალაქში ნახშირის ფასი საგრძნობლად მატულობდა.

თუმცა, ზოგჯერ, თავად მენახშირეებს, საკუთარი სურვილით მიჰქონდათ გასაყიდი საქონელი გადამყიდველებთან, რაც უკვე ქალაქის მოსახლეობისთვის იყო პრობლემა. აი რას წერდა გაზეთი „დროება“ 1878 წელს:

„წლევანდლამდინ ქალაქში მუდამ ვირებითა და ცხენებით ჩამოჰქონდათ ნახშირი, ჩერდებოდნენ ნახშირის და სხვა მაედნებზე; ჰყიდდნენ და თუ აქ არა იყო მუშტარი, ქუჩა-ქუჩა ატარებდნენ და გვიტკბობდნენ ყურთა სმენას დაუწყნარებელის ყვირილით:

„უგლი! უგლი!“

საუბედუროთ, ეს ყვირილი ახლა აღარ გვესმის. მიზეზი ის არის, რომ ახლა, ამ ომიანობის დაწყების შემდეგ [რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878 წწ.] პირდაპირ მოვაჭრეებთან მიაქვთ ტომრები, იქ სცლიან და შემდეგ ესენი ჰყიდიან ერთი-ორად, ერთი-სამად.

ამ ნაირად მენახშირეებიც მოგებაში არიან, რადგან დაუყოვნებლივ ასაღებენ თავიანთ შავ საქონელსა და მოვაჭრეებიც, რომელნიც, რასაკვირველია, ფულის ყოველ სახსრით მოგებაში კარგათ დახელოვნებულნი არიან.

ქალაქი? ღარიბი მცხოვრებლებიო? მკითხავთ. ნეტავი თქვენ, ქალაქს ვინ აქცევს ყურადღებას! ღარიბი მცხოვრებლებისთვის ვის რად ედარდება!..“.

მენახშირეთა პრობლემებს რომ დავუბრუნდეთ, ზოგჯერ თურმე ისეც ხდებოდა, რომ მათ დიდად არც პოლიცია ქომაგობდა სათანადოდ, მაგალითად, 1897 წელს, ნაძალადევში მომხდარი ეს ამბავიც გამოდგება:

„ნორიოს ქუჩაზედ ერთს სოფლელს ურმით ნახშირი დაჰქონდა და ვაჭრობდა. სხვათა შორის, ერთმა ვაჭარმა რამდენიმე ტომარა იყიდა და თითო ტომარაში ცხრა შაური უნდა მიეცა. მეურმემ გადმოალაგა ტომრები, მიართვა ვაჭარს და ხვედრი ფული მოსთხოვა. ვაჭარმა აიღო და იმაზედ ნაკლები მისცა, რაც ერგებოდა.

მეურმემ არ აიღო ფული და ისევ უკან მიჰქონდა ტომრებით ნახშირი. ამ დროს სწვდა საყელოში გათამამებული ვაჭარი და ცემა დაუწყო გირვანქიანებით. საბრალოს ლოყა გაუსკდა, ცხვირიდგან სისხლმა დაუწყო დენა, მაგრამ მაინც ვაჭარი არა სცხრებოდა. როგორც იყო პოლიციის მოხელეც მოვიდა, დაამშვიდა, მაგრამ ვაჭარმა მაინც არ მისცა საბრალო გლეხს ის, რაც ერგებოდა და ამ ნაირად თავისი სიტყვა გაიყვანა გათამამებულმა ვაჭარმა“.

ნახშირით მოვაჭრეები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ყველაფერთან ერთად კი, მენახშირეებს კინტო-ჯიბგირებიც არ აკლებდნენ ხელს:

„ერთმა ახალ-სოფლელმა გლეხმა ვერაზე ჩამოიტანა გასაყიდად ნახშირი დროგით, რომელშიაც ება ორი ცხენი. გაყიდვის შემდეგ გააჩერა დროგი ერთ დუქნის წინა, ცხენებს საჭმელი მისცა და თვითონაც დუქანში შევიდა პურის საჭმელად. დაინახა თუ არა ერთმა კინტომ, რომ სოფლელი დუქნისკენ გაემგზავრა, მყისვე შეხტა დროგზე და საითკენღაც გაუტია ჭენებით. დეედევნა გლეხიც თავ-ქუდ მოგლეჯილი, მაგრამ თავის ცხენებს აქამდისაც ვერ მოსწევია“.

თუმცა, არც მენახშირეები უნდა ყოფილიყვნენ „ანგელოზები“. ყოველ შემთხვევაში ის ორნი, 1887 წელს, ერთ სოლოლაკელს ბატკანი რომ მოჰპარეს. მენახშირეები პოლიციას მაშინ დაუჭერია, ერთმანეთს რომ ეჩხუბებოდნენ, „შენ რომ ბატკანი მოიპარე ამა-და-ამისა, ერთი მანათი მე უნდა მომცეო“.

ამის საპირისპიროდ, ქალაქს კონკრეტული მენახშირის გმირობის შემთხვევებიც ახსოვს. წარმოუდგენელი გაბედულობის ერთი ასეთი მაგალითი 1884 წელს მომხდარა, როდესაც ერთ მობინადრეს სახლში ნიაღვარი შევარდნია და ქალი ორ ბავშვთან ერთად კინაღამ დაუხრჩვია.

„ვერც პოლიციამ და ვერც არავინ სხვამ ვერ გაბედა შველა უბედური და სასო-მიხდილი დედა-კაცისა, რომელსაც მიეკრა გულში თავის პატარა შვილები, გულის საკლავად თურმე ყვიროდა და ევედრებოდა ხალხს უბედურებისგან დახსნას. მათი დაღუპვა აუცილებელი იყო თურმე, ერთი ვიღაც ყოჩაღი მენახშირე რომ არ შესწრობოდა. ამ დროს, როგორც მხსნელი ანგელოზი, მენახშირე შევარდა სახლში დინჯად, გულადად, გამოიყვანა იქიდგან უბედური დედა-შვილნი და ამ დროს კიდეც ჩამოწვა ბანი. ერთი წამიც რომ დასცლოდათ, მათი დახსნა შეუძლებელიღა იყო“.

დასასრულ კი, გთავაზობთ ერთ გამორჩეულ ამბავს „ბედდამწვარ“ მენახშირეზე, ისტორიას, რომელსაც ჯერ ცნობილი ქართველი დრამატურგის, ავქსენტი ცაგარელი პიესას დაეფუძნა, შემდეგ კი მიხეილ ჭიაურელის მხატვრული ფილმი – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

მანამდე, კვლავ იაკობ ბალახაშვილის წიგნიდან უნდა მოვიტანოთ ერთი პასაჟი, რომლის მიხედვითაც, მენახშირეები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან გამოქცეული ყმები იყვნენ, „ზოგი მენახშირე მრავალ წელთა განმავლობაში კაპიკს კაპიკზე ადებდა, რომ შეერთო ცოლი და რამდენიმე ხანი მაინც ადამიანურად ეცხოვრა. მაგრამ სწორედ აქ იჩენდა თავს უბედურება. როგორც კი ოჯახს მოეკიდებოდა, საზოგადოებაში გაერეოდა, ამას გაიგებდა თუ არა მისი პატრონი, დაესხმოდა თავს და გამოსასყიდს სთხოვდა. რაღა ჩარა იყო, მენახშირე „წელზე ფეხს“ დაიდგამდა, გაისტუმრებდა ბატონს. სამწუხაროდ საქმე ამით არ თავდებოდა. მერე მოდიოდა მეორე ბატონი, რომელსაც ეს საწყალი მენახშირე სულაც არ ეკუთვნოდა. აი ჩხუბი, აი პოლიცია, დავა, დამტკიცება. ამასაც აძლევდა გამოსასყიდ ფულს და მერე სხვა ბატონი მოდიოდა და ა.შ. ხშირად მენახშირეს ხუთ-ექვსჯერ გამოუსყიდია თავი „კანონიერ“ და „არაკანონიერ“ მებატონისაგან“.

მენახშირე

როგორც ჩანს, კნიაზ/ბატონები, მენახშირეებს არც ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ აყენებდნენ კაი დღეს:

„ერთ დიღმელ გლეხს გასათხოვარი ქალი ჰყოლია. ამ დღეებში სასიძო უპოვნია და ქორწილის დღე დანიშნული ჰქონდაო.

როცა სასიძო მისულა და ყველაფერი მზათ ყოფილა საქორწილოთ, ამ დროს ადრინდელი ნაბატონარი დასცემია გლეხს თავზე, აუტეხია ერთი აყალ-მაყალი, ჩხუბი და სასიძო გაუგდია. მე უკეთესს სასიძოს ვუშოვნი შენს ქალსაო!..

ამბობენ, ამ შემთხვევაში რაღაც რომანტიული მხარე არისო. ამ საქმის თაობაზე, როგორც გვწერენ, ამ ჟამად გამოძიებაა დანიშნული“, – წერდა „დროება“ 1875 წლის მიწურულს, მომდევნო, 1876 წელს კი გაზეთში ეს ამბავი უფრო დეტალური იყო აღწერილი:

„ჩვენ მივიღეთ შემდეგი აღწერა იმ შემთხვევისა, რომელზედაც რამდენიმე სიტყვა ამას წინათაც იყო გაზეთში:

„თფილისის ახლო მდებარე ერთს სოფელში მოხდა ამ დღეებში შემდეგი შემთხვევა: აქაურს ერთს გლეხს ჰყოლია დანიშნული თავის მეზობელს ერთს მენახშირეზედ თავისი ქალი; დანიშვნის შემდეგ რამდენიმე თვის უკან, საქმროს მოუნდომებია ჯვარი დაიწეროს. ქალის მამა მივა თავის ნაბატონართან გ.შ. და მოხსენებს:

– თუ მიკადრებთ, ამეღამ ჩემს ქალს ჯვარსა ვწერო და მობრძანდითო.

– ვის მიეცი შენი ქალიო? ჰკითხავს ნაბატონარი.

გლეხიც დაუსახელებს სასიძოს.

– არ გაედო, რო შენი ქალი იმას მისცეო, რადგან მე თითონ ფულს და კარგს მზითებს მივსცემო და კარგს ვისმე მივათხოვებო. ეუბნება ნაბატონარი.

რა საკვირველია, გლეხმა რომ ეს მოწყალების დაპირება გაიგონა, ძალიან გაეხარდა და მუხლთ მეეხვია მას.

შემდეგ ბატონი უბრძანებს გლეხს, რომ მე სანეფოზე ადრე მოვალ შენ სახლში და არამც-და-არამც კარი არ გაუღო სიძესა და მაყრებსაო, როცა ისინი მოვიდნენო.

გლეხი დაბრუნდება თავის სახლში და არაფერს შეატყობინებს თავის სასიძოს და არც უარს შეუთვლის.

სასიძო, როგორც სოფლის ადათი არის, ისე მომზადებით წამოვა სასიმამროს სახლში მაყრებით და ზურნით ჯვარის დასაწერათ და პატარძლის წამოსაყვანათ. მაგრამ სასიმამროს სახლის კარი მაგრა სოლით ჩაკეტილი დახვდებათ, გლეხის ნაბატონარიც შიგნით მოექცევა.

სასიძო და მაყრები ჰკვრენ ხელს კარებს, მაგრამ კარი არ იღება, გაჰკვირდებიან, თუ რა ამბავი არისო.

ამ დროს გამოვა ნაბატონარი სახლიდან ერთი ორი კაცით და თოფებს გაასროლინებს, ქაღალდით გატენილებსა, რომ შეაშინონ მოსული ხალხი.

მაყრები და სასიძო სულ აქეთ-იქით გაიფანტებიან;

სასიძოს დაიჭერენ და მთელს ღამეს კედელზედ მიაკრამენ. თუმცა ის იძახის: რა დამიშავებიაო, რომ ესე უღმერთოთ მტანჯავთო; არ გინდათ, ქალს ნუ მომცემთო! მაგრამ ვინ გაუგონებს.

მეორეს დღეს ამ საწყალს კაცს განათავისუფლებენ და სასამართლოში წამოიყვანენ დასასჯელათ, ამიტომ რომ სახლში მოგვიხტაო. სასამართლო გამოიძიებს ამის დანაშაულობებს და რასაკვირველია, გაამართლებს.

შემდეგ უფალი ნაბატონარი დაბრუნდება სოფლად და თავის ნაყმევს ეტყვის:

– მე მსურდა და მსურსო შენი ქალის ცოლათ შერთვაო; ეს ამბები ამისთვის მოვახდინეო; ნება მომეციო, იმაზედ ჯვარი დავიწეროო.

რასაკვირველია, გლეხი ნებას მიცემს და უფალი ნაბატონარი ჯვარს დაიწერს და მოყვრათ გაუხდება ამ გლეხს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *