ქართულ-ჰოლანდიური ინვესტიციით შექმნილი CHAPTER25 საქართველოსა და რეგიონში ყველაზე დიდი WEB3-აქსელერატორია, რომელიც კლიენტებსა და ინვესტორებს 360-გრადუსიან სერვისს სთავაზობს. კომპანიის პროდუქტების მენეჯერი ნიკოლოზ გელაშვილი NFT-ისა და WEB3-ის სამყაროში შეგვიძღვა.
დიდი შანსია, ბოლო პერიოდში ყური მოგეკრათ ტერმინებისთვის NFT და WEB3. ამის გაგონების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ალბათობით, დაინტერესდებოდით, რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი. დაინტერესების შემდეგ ბევრად უფრო მეტი შანსია, ისეთი ჩახლართული დეფინიციები მოგესმინათ ან წაგეკითხათ, რომ საერთოდაც ხელი ჩაგექნიათ. თუმცა ეს ერთი შეხედვით რთული ტერმინები არც ისე რთულად გასაგებია, თუ განმარტებას პროფესიონალისგან მოისმენთ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ინტერვიუ გვეთხოვა საქართველოსა და რეგიონში ინოვატორი და ყველაზე დიდი WEB3-აქსელერატორისა და კრეატიული სააგენტო CHAPTER25-სთვის. C25, რომელიც ქართული და უცხოური ინვესტიციებით შეიქმნა, მიზნად ისახავს საქართველოს WEB3-სერვისებისა და გადაწყვეტილებების მულტიფუნქციურ ჰაბად გარდაქმნას.
CHAPTER25 პოზიციონირებს როგორც ერთი ფანჯრის პრინციპზე აწყობილი აქსელერატორი, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ახალგაზრდა დეველოპერს, მარკეტოლოგს, სოციალური მედიისა და web3-ის სპეციალისტებს. Forbes Georgia CHAPTER25-ის პროდუქტების მენეჯერს, ნიკოლოზ გელაშვილს ესაუბრა.
ბოლო დროს ხშირად გვესმის NFT-ისა და Web3-ის ახალი პროდუქტების შესახებ, მაგრამ იშვიათად გვესმის გასაგებად ახსნილი, რა არის NFT, რა პროდუქტთან გვაქვს საქმე, როგორ შეიქმნა და რატომ არის ის ასეთი მოთხოვნადი?
საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში NFT-ის დეფინიცია დამწყებთათვის ხშირად არასწორადაა მიწოდებული. როცა ადამიანი პირველად იგებს NFT-ის, როგორც ტერმინის, შესახებ, მას უბრალოდ თვალწინ წარმოუდგება ის ნამუშევრები და ნახატები, რომლებიც ძვირად გაიყიდა. მათ ხშირად იმდენად რთულად ეჩვენებათ ეს სფერო, რომ უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ საერთოდ არ გაერკვნენ ამ სფეროში, რადგან ეს შეუძლებელი ეჩვენებათ.
გვსურს, ჩვენმა საქმიანმა მკითხველმა და მაყურებელმა მეტი იცოდეს ამის შესახებ − რა არის Web3?
იმის გასაგებად, თუ რა არის Web3, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის Web1 და 2. უპირველესად, Web1 არის ინტერნეტის პირველადი ფორმა, როდესაც მომხმარებელს შეეძლო, ინტერნეტის მეშვეობით მხოლოდ წაეკითხა მასში არსებული ინფორმაცია.
Web2-ის დღევანდელ ეპოქაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა და ასევე ჩაწერა/რედაქტირება, თუმცა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვწერთ და ვაზიარებთ ინტერნეტში, ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ტექნოლოგიურ კომპანიებს: Facebook-ის, Instagram-ისა თუ WhatsApp-ის მსგავს პლატფორმებს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ ინფორმაციების დაბლოკვა ან სათავისოდ გამოყენება.
Web3 არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა და ასევე ჩაწერა/რედაქტირება. ამასთან ერთად ბლოკჩეინში არ არსებობს ცენტრალური მაკონტროლებელი ორგანო და ყველაფერი არის ხალხის ხელში.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) მაგალითი განვიხილოთ: თუ რომელიმე მსხვილი პლატფორმის მფლობელს სურს განახლების დამატება, ეს არ არის მხოლოდ დირექტორისა და მენეჯმენტის გადასაწყვეტი − ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება კენჭისყრა და ხალხი დემოკრატიულად გადაწყვეტს, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა − არა.
და რა შეიძლება იყოს NFT, ყველაფერი?
NFT არის უნიკალური ინფორმაცია ბლოკჩეინზე, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი სახის ფორმატით, მათ შორის; ფოტო-, ვიდეო- და აუდიოფაილით. ამ ეტაპზე NFT-ის ყველაზე ცნობილი ფორმაა ნახატები და JPEG-ფაილებით წარმოდგენილი ნამუშევრები, რომელთაც ადამიანები შესაბამის მარკეტებზე ათავსებენ და თავისუფალი ბაზრის პრინციპით გარკვეულ ფასად ყიდიან.
გარდა ციფრული დატვირთვისა, NFT შეიძლება სხვა უამრავი დანიშნულებით გამოვიყენოთ, NFT არ არის მხოლოდ ნახატი. მის უკან დგას უდიდესი ტექნოლოგია, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მთლიანად შეცვალოს თანამედროვე ფინანსური სისტემა და ყოველდღიური ცხოვრება.
რამდენად განუყოფელია კრიპტო- და NFTინდუსტრიები და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ NFT-ში ბოლომდე ვერასოდეს გაერკვევა ადამიანი, თუ მას კრიპტოინდუსტრიის აღქმა არა აქვს?
NFT და კრიპტო ორივე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პროდუქტებია, მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ, თუმცა შესაძლებელია მათი განსხვავება. კრიპტო არის რთული კრიპტოგრაფიული ინფორმაცია ბლოკჩეინზე, ხოლო NFT წარმოადგენს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილია ვიზუალური/ხმოვანი ფორმატით. დღეს NFT-ის შესაძენად მომხმარებელმა პირველ რიგში კრიპტოვალუტა უნდა შეიძინოს. მას შემდეგ შესაბამის ბლოკჩეინზე ხდება კრიპტოს საშუალებით NFT-ის შეძენა/გაყიდვა.
ჩვენი შეხვედრის მიზეზი CHAPTER25-საც უკავშირდება, რადგან ის მოექცა Forbes-ისა და BMG-ის ინტერესის სფეროში და ფაქტია, რომ იგი სერიოზულად ვითარდება. გვიამბეთ ამ კომპანიის შესახებ, როგორ და რა დანიშნულებით შეიქმნა ის?
CHAPTER25 არის Web3-აქსელერატორი, რომელიც ქართული და ჰოლანდიური ინვესტიციებით შეიქმნა. კომპანიაში დასაქმებულნი არიან არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. CHAPTER25-ის მიზანი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც რეალურ ღირებულებას წარმოადგენენ ინვესტორებისთვის როგორც WEB3-ში, ისე რეალურ ცხოვრებაშიც.
როცა შემოდიხარ ამ სფეროში და ქმნი NFT-პროექტს, მნიშვნელოვანია, გესმოდეს ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან ეს არის ძალზე ცვალებადი სექტორი. ჩვენი კომპანია ბაზრის 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს და ჩვენმა ექსპერტებმა ზუსტად იციან, თუ რა სჭირდება ახლა ბაზარს და რით შეიძლება მომხმარებლის დაინტერესება.
შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დასაქმებული კადრებიდან და სერვისებიდან გამომდინარე, CHAPTER25-ი გლობალური და საერთაშორისო კომპანიაა?
დიახ ცალსახად, CHAPTER25-ი პერსონალს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ასაქმებს. ჩვენი მიზანია, რომ კომპანია არა მხოლოდ ქართულ ან რეგიონალურ კომპანიად პოზიციონირდეს, არამედ გახდეს გლობალური ლიდერი WEB3-სექტორში.
ჩვენი კომპანია სთავაზობს კლიენტებსა და ინვესტორებს 360-გრადუსიან სერვისს. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს პროექტებში, ვართ აქსელერატორი, გვაქვს საფორთის მიმართულებაც და გაყიდვების ინოვაციური სისტემებიც.
ვმუშაობთ სოციალურ პლატფორმებზე, როგორიცაა ტვიტერი, დისქორდი, მედიუმი და ამ სოციალურ ქსელებს ვაკავშირებთ ისეთ ტრადიციულ გაყიდვების მეთოდებთან, როგორიცაა იმეილი, პირდაპირი კომუნიკაცია, პრეზენტაციები და სხვა.
დღეს არცერთი პროექტი კომპანია WEB3-ის სექტორში არ ახდენს საფორთის იმპლემენტაციას NFT-პროექტებზე. ჩვენი საფორთი 24/7-ზე უწევს მხარდაჭერას ჩვენს კლიენტებს. ასევე გვყავს კონსიერჟები ჩვენი VIP-კლიენტებისთვის, რომლებისთვისაც ვახდენთ NFT-პორტფოლიოებისა და სხვადასხვა პროექტის მონიტორინგს.
CHAPTER25-ის რომელიმე მიმდინარე პროექტზე ხომ არ ისაუბრებდით?
ჩვენ ვმუშაობთ ორ პროექტზე, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება როგორც კონცეფციით, ისე კლიენტურითაც. ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი დეტალებზე საუბრისგან, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი პროექტი NFT-სექტორში, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ არ გაკეთებულა. ჩვენმა უცხოელმა კონსულტანტებმა ბაზრის კვლევის დროს მსგავსი პრეცედენტი ვერ იპოვეს.
მოკლედ რომ გითხრათ, ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ, არის ძალიან ექსკლუზიური კლუბი, რომელში მოხვედრაც და გაწევრებაც NFT-ის ნებისმიერი ენთუზიასტისთვის იქნება სასურველი და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი. მხოლოდ ამ პროექტზე, ამ ეტაპზე მუშაობს დაახლოებით 100 ადამიანი – როგორც in-house, ასევე outsourceზეც.
ასევე, გვაქვს სხვადასხვა პროექტი სხვადასხვა ბლოკჩეინზე, არამხოლოდ ეთერიუმზე. FTX-ის აღმასრულებელ დირექტორთან სულ რამდენიმე დღის წინ შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ სოლანას ბლოკჩეინზეც განვავითარებდით პროექტებს და ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა. გეტყვით, რომ უკვე საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ.
დატოვე კომენტარი