წავიდა ძველი დროები; დროები, როდესაც დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები ერთად უმკლავდებოდნენ კრიზისებს; ერთად წყვეტდნენ გლობალურ საკითხებს; ერთნაირად ხედავდნენ პრობლემებს და ერთად იზიარებდნენ პასუხისმგებლობებს.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ კარგად უგებდნენ ერთმანეთს. განა არ კამათობდნენ, განა საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებზე არ ზრუნავდნენ; ძალიან კარგადაც იცავდნენ და საკუთარი ქვეყნებისა და ერების კეთილდღეობისთვის თავგამოდებითაც იბრძოდნენ. გლობალიზაციის ფერხულშიც იყვნენ ჩაბმული და ეროვნულსაც არ ივიწყებდნენ. შედეგად, უკიდურეს სიღარიბეს წლიდან წლამდე ამცირებდნენ, ეპიდემიებს ამარცხებდნენ, ტერორისტებს ერთად ანადგურებდნენ, კლიმატის გაუმჯობესებაზეც თანხმდებოდნენ და ბირთვულ განიარაღებაზეც.
განა ყველაფერი იდეალურად იყო; განა მართლა ყველა ერთმანეთზე გიჟდებოდა; განა საკრიტიკო ცოტა იყო. თუნდაც ჩვენ რომ გვქონდა შესაჩივლი და გულისტკენა, ისეთი უნდა. დღისით, მზისით, გაგანია 21-ე საუკუნეში, კბილებამდე შეიარაღებული მეზობელი შემოგვივარდა, ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო, ჩვენც დაგვჩაგრა და დემოკრატიულ მსოფლიოსაც დასცინა, თუ ბიჭები ხართ, აქა ვარ, “საპოგით” ქართულ მიწაზე ვდგავარ და აქამც გელოდებითო.
განა უმადურები ვართ; მხარდაჭერაც კარგად გვახსოვს, რომლის გარეშეც დღეს როგორი სახელმწიფო ვიქნებოდით, წარმოდგენაც კი არ მინდა; მაგრამ ეს ტკივილი და წუხილი რომ არ ვთქვა, მაინც არ შემიძლია: ახლა, წლების მერე ამბობენ ჩვენი მეგობრები, 2008-ში საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ მიგვეცა, რუსეთი ომს ვერ გაბედავდაო. საქართველოს ამბავზე დროული და სათანადო რეაგირება რომ მოგვეხდინა, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი არ იქნებოდაო. მოკლედ, საკრიტიკებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ლიბერალური ღირებულებების ერთგულ დემოკრატიულ სამყაროში ურთიერთდამოკიდებულება, თანამოაზრეობის და კარგ საქმეში თანამზრახველობის შეგრძნება მაინც სხვა იყო.
რა მოხდა? რა შეიცვალა? სად წავიდა “ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” სულისკვეთება? არა, ნატო-ს წესდება, მადლობა ღმერთს, არავის შეუცვლია. უფრო მეტიც, საფრთხის რეალური შეგრძნება რომ გაჩნდა, ალიანსის წევრებს გულიც გაუმაგრეს, ზურგიც, ხმელეთიც, ზღვაც და ჰაერიც. არაწევრი უკრაინა უსამართლოდ რომ დაჯაბნა ისევ რუსეთმა, სანქციებიც მიიღეს და დღემდე აგრძელებენ (კბილებით უჭირავთ, მაგრამ მაინც ხომ აგრძელებენ). ეკონომიკებსაც თუ შევხედავთ, ნელ- ნელა, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, მაგრამ ისევ წამოიმართნენ. ჰოდა, აბა რა არის ასეთი, რომ ზოგს ევროკავშირში გაჩერება აღარ უნდა და ზოგს ტრანსკონტინენტურ თუ საერთაშორისო სავაჭრო და ბირთვულ შეთანხმებაში?
მიზეზი რამდენიმეა. ცალ-ცალკე აღებული და ერთობლიობაში განხილული, ისინი ნამდვილად განსაზღვრავენ დეზინტეგრაციულ, ანუ “ყველა ჩვენ-ჩვენთვის” სულისკვეთების განწყობებს. ერთ- ერთი მათგანი, არა უმთავრესი, მაგრამ არც უმნიშვნელო, დემოკრატიული სამყაროს საჭესთან, დიპლომატიურად ვიტყვი, განსხვავებული ტიპის ლიდერების ყოფნა და მათ შორის ე.წ. ქიმიის არარსებობაა.
დამეთანხმებით ალბათ, რომ დღევანდელ, ცივი ომის დასრულების შემდგომ ევროატლანტიკურ სივრცეში ყველაზე აწეწილ-დაწეწილ ვითარებაში და გლობალური ტურბულენციის ეპოქაში ვინ “ხელმძღვანელობს პარადს”, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. კი ბატონო, ნამდვილად სხვა ურთიერთობა იყო ტეტჩერის, რეიგანის, კოლის და მიტერანის დროს; გიდასტურებთ, რომ მათი ამჟამინდელი მემკვიდრეები არ გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული გულმხურვალებით და არც მაინცდამაინც იდეოლოგიური თანამოაზრეობით. თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს აიღოს ეს ლიდერობა/ მედროშეობა თავის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით მისი მცდელობა არცთუ შედეგიანია. ბრიტანეთის პრემიერს თავისი ბრექსიტი გასჭირვებია, გერმანიაში კიდევ ახალ კანცლერზე ფიქრი, თუ დაწყებული არაა, აშკარად დასაწყებია. “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დევიზით შეიარაღებული მოვიდა გრუხუნით, ჭექა- ქუხილითა და მუშტების ქნევა- ბრახუნით აშშ- ის 45-ე ლიდერი. მისი ქვეყანა იყო, არის და უნდა იყოს გლობალური მორალური დემოკრატიული ლიდერი, მაგრამ ვშიშობ, სხვადასხვანაირად ესმით გლობალური ლიდერობა თეთრი სახლის ამჟამინდელ მმართველს და მის ევროპელ მოკავშირეებს, მის დემოკრატ ოპონენტებს და მის თანაპარტიელ რესპუბლიკელებსაც კი. ეს კი, რა თქმა უნდა, აისახება სხვა ქვეყნებზეც და მათ ლიდერებზეც როგორც ევროატლანტიკური თანამეგობრობის შიგნით, ისე მის გარეთ.
მარტივი გამოსავალი იქნებოდა, რომ ყველაფერი ლიდერებისთვის და მათ შორის ქიმიის არარსებობისთვის დაგვებრალებინა. სამწუხაროდ, საქმე უფრო რთულადაა. ტერორიზმთან ბრძოლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ლიბერალურ- დემოკრატიული თანამეგობრობისთვის მიგრანტთა კრიზისი იქცა. უფრო მეტიც, გამოწვევა კი არა, განხეთქილების ვაშლიც შეიძლება დავარქვათ, ნაპრალის გაჩენის კერაც და ინდივიდუალურ ქვეყნებსა თუ საერთაშორისო კავშირებში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების მთავარი წყაროც. მიგრაციას შემოსავლების ზრდის შენელებაც მოჰყვა, ექსტრემიზმის საფრთხის გაჩენაც, “ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” უკან დახევა და “ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოს” ზენიტში მოქცევაც. ყველა თავის ფასს იხდის, პატიოსანი გადამხდელიც და მათ მიერ არჩეული ქვეყნის ლიდერიც. ამიტომაც არის, რომ ბრენდი “მეიქ ….. ეგეინ” უკეთ იყიდება, ვიდრე “ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო”.
ჰოდა, სადაც არეულობა და ამღვრეულობაა, იქამც ბოროტი ბეჰემოთია. ეს ბოროტი ბეჰემოთი, მარტივად კი მიმიხვდებით, მკითხველო, კრემლიდანაა. სადაც კი რამის გაფუჭება, ნგრევა, წაგლეჯა და გაწეწვა შეიძლება, ყველგანაა. არა აქვს მნიშვნელობა, ახლო აღმოსავლეთია, სამხრეთ კავკასია, შავი ზღვა თუ აზოვის ზღვა, ნისლიანი ალბიონი, პოტომაკი თუ ჰადსონი, ოდერი თუ დუნაი. რაც ბერლინის კედლის ჩამონგრევამდე ვერ გააფუჭა, ახლა იხელთა და თუ ძალით, თუ ცბიერებით, თუ ორივეთი ერთად, სადაც ღრიჭოს ნახავს, ყველგან მიშლიგინებს. გასდის და…
არ ივარგებს “ერთი ყველასთვის, ყველა – ჩვენ-ჩვენთვის”. ვიდრე მარსის ათვისება დაიწყება, დედამიწაზეც გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სხვა თუ არაფერი, კარგ ძველ დროებში უფროსი ჯორჯ ბუშის მიერ გაჟღერებული დიდი იდეა – “ევროპა ერთიანი და თავისუფალი” ბოლომდე გამოსაჭედია.
დატოვე კომენტარი