ქალაქში ხმა რომ გავარდა, „გამოჩენილი მდიდარი“ – გაბრიელ მირზოევი არათუ ტფილისში, არამედ მთელ „კავკასიის მხარეში“ ბამბის სართავ პირველ ფაბრიკას მართავსო, მოსახლეობაში გარკვეული ოპტიმიზმი გაჩნდა. ახალ ფაბრიკას ზოგი დასაქმების შესაძლებლობად მოიაზრებდა, ზოგი კი იმას ფიქრობდა, ადგილობრივი წარმოება რომ გვექნება, ასე საჭირო პროდუქტი გაგვიიაფდება, „ჩვენში ხომ მომეტებულ ნაწილად ინგლისში მოქსოვილ მიტკალს ვხმარობთო“. მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ ფაბრიკისთვის „მაშინები“ უკვე ადგილზე იყო და გაბრიელ მირზოევის მიერ „ევროპიდგან დაბარებული ოსტატებიც“ ტფილისში იყვნენ. ეს ამბავი 1870 წელს მოხდა, თუმცა მომავალში, რიგი მიზეზების გამო, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას ქალაქში იმედოვნებდნენ…
როგორც პუბლიცისტი პეტრე უმიკაშვილი წერდა, ეს ის დროა, „დღე დღეზე უეჭველათ თან და თან უნდა გახშირდეს სახელოსნო ადგილებისა, ქარხნების და ფაბრიკების გამართვა, რადგანაც შემძლებელი ფულიანი კაცები თავისთვის სარგებლობასა ნახვენ ამ გვარს საქმეს ხელ მიყოფითა, ვიდრე მამა-პაპურ ჩვეულებისამებრ, ფული სარგებლით გასცენ“.
ესეც რომ არა, როგორც ვთქვით, ქალაქში მოლოდინი დიდი იყო. ტფილისში იმედოვნებდნენ, რომ ბამბის სართავი ფაბრიკა სხვა „ზავოდების“ მსგავსად არ „დაიშლებოდა“, რადგან მათი დახურვის მთავარ მიზეზად ფინანსების ნაკლებობას მოიაზრებდნენ, ამის საპირისპიროდ, ახალი ფაბრიკის მფლობელს, „დიდი ფულის პატრონ“ გაბრიელ მირზოევს ეს საქმეს კარგად უნდა „წაეყვანა“:
„მიტკალი ისეთი რამ საქონელია, რომელსაც მთელი ხალხი და ყოველი ადამიანი ხმარობს; ამისთანა საყოველთავო საჭირო საქონლის გაიაფება, რასაკვირველია, დიდ სარგებლობას მოუტანს ხალხს. ამიტომაც სასიამოვნოა უფალ მირზოევისაგან ამ მიტკლის ფაბრიკის გამართვა“.
მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ფაქტორი, რაც მირზოევის ფაბრიკას დიდ უპირატესობას ანიჭებდა. განსხვავებით ზემოხსენებული „ზავოდებისგან“, რომელთაც ნედლეული „სამზღვარ გარეთიდან“ შემოჰქონდათ, ახალ ფაბრიკას ამ ნედლეულის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზევე შეეძლო – „ჩვენში, განსაკუთრებით იმერეთში, ბამბა ძლიერ კარგად მოდის“, – წერდა გაზეთი „დროება“. შესაბამისად, ბამბაც უფრო იაფად მოიპოვებოდა და ორთქლის „მაშინისთვის“ – შეშა თუ ქვა-ნახშირი. ასევე, მუშა კაცებისა და ხელოსნების, „შრომის პირველი დედაბოძების“, დაქირავება ადგილზე უფრო იაფი იქნებოდა. დამატებით კი, „გზის ქირა“, ანუ ტრანსპორტირების ხარჯი რომ აღარ იქნებოდა საჭირო, ამ წინაპირობებს უნდა უზრუნველეყო, რომ მირზოევის პროდუქცია „ინგლისიდან მოტანილ მიტკალზედ უფრო იაფად ღირებულიყო“.
ფაბრიკას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ქალაქის მოსახლეობისთვის, რადგან რამდენიმე ასეული მოქალაქის დასაქმების და მათ მიერ კონკრეტული ხელობის შესწავლის შესაძლებლობა ჩნდებოდა.
„ეს ქარხანა დიდ სარგებლობას აძლევდა ქალაქის ღარიბ ხალხს, რადგანაც მთელს ქალაქში სხვა სამუშაო ადგილები არ იყო, ამის გამოთაც მირზოევის ქარხანა ერთი საიმედო და ცხოვრების წყაროთ მიაჩნდათ“, – წერდა თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი.
თუმცა არსებობდა გარკვეული ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებასაც ფაბრიკის „გამმართველებს“ ადგილობრივი პრესა ურჩევდა:
„ჩვენი სოფლის ხალხი, თუმცა სიღარიბეშია, ქალაქებისკენ არ იწევს… თუ ფაბრიკა იმართება ჩვენს ქალაქებში, უფრო თვით ქალაქის ხალხის იმედი უნდა ჰქონდეს ფაბრიკის გამმართველსა. ქალაქის ღარიბი ხალხი ყოველთვის ხელოსნობას და ვაჭრობას ირჩევს. ყოველთვისა ცდილობს, მალე ოსტატად დალოცონ რამ ხელობაში, რომ პატარა დუქანი გაიმართოს თავისთვის და თავისუფლად ლუკმა მოიპოვოს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქალაქის ხელოსანს დღიურ მუშაზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს უეჭველად.
ამ გვარათ ქალაქში თუ ვინმე ფაბრიკას ანუ ქარხანასა მართავს, ამ გარემოებას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ვისაც უნდა ფაბრიკის საქმე კარგათ წაიყვანოს, კარგი ჯამაგირი უნდა აძლიოს მუშებსა, რომ კაი ოსტატი, გამჭრიახე ხალხი მიიზიდოს. თუ კაი ფასი არ მისცა მუშასა, ფაბრიკა წინ არ წავა იმის იმედით, რომ დღეს ერთ მუშას ვიყოლებ და ხვალ სხვასაო. თუ კი მუშაკაცს ფასი არ დაახარბებს, რათ შევა ფაბრიკაში. ყოველი კაცი თვის სიკეთეს ეძებს, საცა მეტ სარგებლობას ნახამს, იქ მივა. ფაბრიკა თუ იმაზე მეტს არ მისცემს მუშა ხალხსა, რასაც ისე ხელობაში შოულობს, არას დროს ფაბრიკაში არ შევა, რადგანაც იქ მუშაობა მძიმე მუშაობაა“.
ასე იყო თუ ისე, მირზოევის ფაბრიკა რომ გაიმართა, მაშინვე „კარგა ძალი ხალხი მიაწყდა. გამგებელი, ოსტატები და მაშინისტი ინგლისელები იყვნენ, წესი დაიდვა და მუშაობა რიგზე წავიდა“.
ამ ფონზე, ბუნებრივია, ქალაქი მოუთმენლად ელოდა ახალ-ახალ, უტყუარ ცნობებს ფაბრიკის შესახებ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს ცნობები არსად ჩანდა, რადგან იმ მიზეზით, თითქოს „მაყურებელნი ხელს უშლიან მუშებს“, ფაბრიკის საქმიანობას „საიდუმლოების ფარდა“ ჰქონდა ჩამოფარებული – გარეშე პირებს ფაბრიკის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ „ცნობის-მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ“ და იმის შესატყობად, თუ როგორ მიდიოდა მუშაობა, რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული, როგორ ქსოვდნენ მიტკალს და ა.შ.
თუმცა ნელ-ნელა მაინც ჟონავდა გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, რომ გაბრიელ მინაიჩ მირზოევის ფაბრიკის მოწყობაზე თითქმის მილიონი მანეთი დაეხარჯა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ფაბრიკის გამართვაში ბევრს ნაკლულევანებას ამბობდნენ“ – „ვინ იცის, ეს ზიანიც იმისაგან წარმოსდგა, რომ საიდუმლო საქმესავით დაიწყო და მარტო ერთ-ორ კაცს ენდო“.
ბამბის სართავ ფაბრიკაში, სავარაუდოდ, 800-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთაგან ნაწილი მფლობელს ინგლისიდან ჰყავდა „დაბარებული“:
„მუშა ხალხი არ არის უმადური უფალი მირზოევისა. მუშები ფულს იღებენო, რამდენსაც იმუშავებენ… მუშაობა იწყობა დილის შვიდ საათიდგან – საღამოს რვა საათამდე. საათი თუ საათ ნახევარი სადილისთვის არის დანიშნული“.
ტფილისში იმასაც ამბობდნენ, ჩვენებური ქალაქის ბიჭები „ძალიან მარდობას და გამჭრიახობას იჩენენ და საკმაოდ გაოსტატებულან“-ო, თუმცა, ყველა სიკეთესთან ერთად, ფაბრიკაში უბედური შემთხვევებიც ხდებოდა – „პირველ თვეებში მუშებში ორი კაცი დამახინჯებულა და ერთიც მომკვდარა, მაგრამ ამას იმათ გაუფრთხილებლობას აბრალებენ. ეხლა იმისთანა შემთხვევა აღარ არისო“.
ინფორმაცია ვერა, მაგრამ წარმოებული პროდუქცია კი აღწევდა ფაბრიკის კედლებს გარეთ. როგორც ამბობდნენ, მშვენიერი სქელი ძაფი [„ამერიკას“ რო ვეძახით“] გამოსდიოდათ, სიმაგრითა და გამძლეობით ყველა იმ „ამერიკის“ ძაფს რომ სჯობდა, ქალაქში რითაც ვაჭრობდნენ, შესაბამისად, კარგადაც იყიდებოდაო. ერთი კია, თავდაპირველად ტფილისში წარმოებულ პროდუქციას წუნი ჰქონდა – უხარისხო საღებავის გამო „ხამი ძაფი“ დამწვარი გამოდიოდა. ფაბრიკის მესვეურებს ეს პრობლემა მალევე მოუგვარებიათ, მაგრამ კარდაკარ მოსიარულე ვაჭრები და დალალები თურმე „ხმასა ჰყრიდნენ“ – ძაფი დამპალიაო.
ერთი სიტყვით, მირზოევის ფაბრიკის პროდუქციას კარგი „გასავალი“ ჰქონდა, მაგრამ ეს კია, რომ ფასი თითქმის იმპორტული ძაფისა ედო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, წარმოებას გაბრიელ მირზოევისთვის ის სარგებელი არ მოჰქონდა, რასაც მფლობელი ელოდა.
შესაძლოა, ამიტომაც იყო, დასაქმებულებსა და ხელმძღვანელობას შორის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავა არაერთხელ რომ წამოჭრილა. მაგალითად, 1872 წელს, გაზეთი „დროება“ იუწყებოდა:
„რამდენისამე კაცისაგან გავიგონეთ, რომ წარსულ ორშაბათს, აპრილის 3-ს, მუშებს, საკუთრად ფეიქრებს, უარი უთქვამთ მუშაობაზე. აი რაში მდგომარეობს ამისი მიზეზი, რომელიც სხვა და სხვა კაცებმა გვიამბეს და დაახლოვებით მითომც ასე ყოფილა – აპრილის პირველს, საღამოზე, ფულის დარიგების დროს, ფაბრიკაში გამოუცხადებიათ, რომ თითო თოფის ქსოვაზე ორ-ორ შაურს დაგიკლებთო. მაშინ ხმა არ ამოუღიათ მუშებსა. სამს აპრილს, დილით მუშები რომ მოგროვილან, ერთათ გამოსულან ფაბრიკიდგან. ყველა იმას იძახოდაო, „არ ვიმუშავებთო, ერთ ლუკმა პურს სხვაგანაც ვიშოვითო“. როდესაც აყვირდნენ თურმე პრიკაშჩიკები, რომ ლუკმა პურს ეს ფაბრიკა გაჭმევთო, მუშები უპასუხებდნენო, „თუ აქამდინ ეს ფაბრიკა არ იყო, მშივრები როდი ვიხოცებოდითო“.
საუზმის დროს, 9 საათზე, თვითონ მმართველი მოსულა და მუშები ქუდმოხდილები მიჰგებებიან. მცირე ლაპარაკის შემდეგ მმართველს გადაწყვეტით გამოუცხადებია, რომ „ვისაც ხელს მოგცემს იმუშავეთო, ვისაც არა და წადით, საცა თქვენი ნება იყოსო“. ამასთანვე დარიგებაც მიუცია, რომ „სიმთვრალეს, ქაღალდის თამაშობას და სამიკიტნოში სიარულს და ცუდ ყოფა ქცევას უნდებითო, მერე მოდიხართ მეორე დღესა და მეთხოებით, აღავ, დღეს თავი მტკივაო! დედ-მამას ლუკმა პური ენატრებაო და თქვენ კი მიკიტნებთან ღვინოს შეექცევითო, და სხვა და სხვა დარიგება მიუცია, თავის ჩვეულებისამებრ, როგორც ადრეცა სცოდნია. სხვათა შორის, უფალი მირზოევი ხშირათ თურმე არიგებს მუშებსა და ეუბნებოდაო, რომ ეს ფაბრიკა საწყალ ხალხისთვის გავმართეო, რომ ლუკმა პური მოიპოვოთო. ამ დარიგებისთვის ჩანს ყური არ უგდიათ, რომ მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ნახევარი ფაბრიკა არ მუშაობდაო და საუკეთესო ფეიქრები სრულებით გასულან…“.
ამას გარდა, დროგამოშვებით, ქალაქში სამწუხარო ხმები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, „რამდენიმე ხანია ფაბრიკაში მუშაობა შეუწყვეტიათ იმ მიზეზისა გამო, რომ საქსოვ მაშინას რაღაცა ნაწილები დაჰკლებია და სანამ ეს იარაღები ინგლისითგან მოუვიდოდათ, მუშები ცუდათ იყვნენო“.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ და სხვა მიზეზების გამო, 1875 წელს, გაბრიელ მირზოევი ფაბრიკის დახურვის გადაწყვეტილებამდე მისულა, რასაც იმ დროს იქ დასაქმებული 400-მდე მუშა, მათ შორის ქალები და ახალგაზრდები, ულუკმაპუროდ დაუტოვებია.
პრესა მომხდარს დიდი გულისტკივილით ეხმაურებოდა:
„საზოგადოთ, ყოველი ფაბრიკის წაყვანას, და განსაკუთრებით ამისთანა დიდი ფაბრიკისას, იმ ვაჭრული საშუალებებითა და ოსტატობით ვერ მოახერხებთ, როგორიც ჩვენებურს აღებ-მიცემობაშია მიღებული… საჭირო იყო, რომ ამ საქმის მოთავე, თფილისურად კი არა, ცოტათი მაინც ევროპიულად მოქცეულიყო, ევროპიულს წესზე, თავიანად წაეყვანა ეს საქმე“.
როგორც გაირკვა, ყოველ შემთხვევაში ქალაქში ასე ამბობდნენ, ფაბრიკის დაკეტვის მთავარი მიზეზი თვით ამ ფაბრიკის მეპატრონე – გაბრიელ მირზოევი იყო:
„ამ ქარხნის პატრონი ყველაფერში ერეოდა, ისე რომ ქარხნის გამგებელი და სხვა ოსტატები მობეზრდნენ თურმე ამის დავიდარაბისა და მეტიჩრობისაგან. მაგრამ დიდ ხანს ითმინეს, რადგან ხელწერილით შეკრულნი იყვნენ და გასვლასთანავე უარაროდ უნდა დარჩენილიყვნენ ყარიბად უცხო ქვეყანაში. რადგან თითონ არ გადიოდნენ, ქარხნის პატრონმა ჰკრა პანღური და თითო-თითოდ გაისტუმრა, რასაკვირველია ჯარიმა კი არ შერჩა და გადაიხადა.
ამის შემდეგ გამგებელი და ოსტატი ქარხანას აღარა ჰყოლია, რაც ისწავლეს ქალაქის უსწავლელმა მუშა კაცებმა, იმითი იოლათ მიდიოდა და აბა რა მუშაობა უნდა ყოფილიყო? მაშინას, ვთქვათ, ორმოცი ცხენის ძალა ჰქონდა, ქარხნის პატრონს სურდა ორმოცდაათის ცხენის საქმე გაეკეთებინებინა. ამის გამო ჩარხებს კბილები ჰსცვივოდა, ღერძები ემტვრევოდა და მუშაობა თითო კვირაობითა და თვეობითა ჩერდებოდა, ვიდრე აქაური მჭედლები რასმე მიაკერ-მოაკერებდნენ, ან ინგლისიდამ ჩარხია თუ ღერძი მოვიდოდა“.
არავინ იცის, რამდენად იყო გაბრიელ მირზოევის ახირებულობა იმის მიზეზი, რომ „ჩარხებს კბილები ჰსცვიოდათ“, მაგრამ 1879 წელს ქალაქში ერთი თვალსასეირო ამბავი მომხდარა. როგორც კარაპეტ გრიგორიანცი იხსენებდა, ამ წელს მირზოევს თავისი ქარხნისთვის რუსეთიდან უზარმაზარი, დაახლოებით 14 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ქვაბი ჩამოუტანია. „ეს ქვაბი დიდხანს იყო გაჩერებული რიყის ქუჩაზე. ამ გაჩერების მიზეზი ის იყო, რომ მთავრობა ხიდებზე გატარების ნებას არ აძლევდა, რადგან ჩატეხა საეჭვო იყო. როდესაც საქმე სატახტო ქალაქში გაიგეს, შემოუთვალეს მეფის მოადგილეს, რომ მირზოევს შეუძლია ერთი მილიონი ოქრო ხაზინაში ზალოგათ შეიტანოს და შემდეგ მეჩეთის ხიდზე გაატაროს თავის ქვაბიო. როდესაც ნებართვა მიიღო, თავისივე ჯოგებიდან მოარეკინა 20 წყვილი საუკეთესო დასუქებული კამბეჩები და ქვაბი სხაგვარი თვლების საშველებით ხიდზე გაატარა და ქარხანაში მიატანინა“.
ყველაფერთან ერთად, ტფილისში კარგად იცოდნენ, რომ ანაზღაურების შემცირების გამო, უფალ მირზოევს ხშირად მოსდიოდა დავა საკუთარ დასაქმებულებთან, უკმაყოფილოთა ნაწილს, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, უპრობლემოდ ათავისუფლებდა სამსახურიდან, უცხოეთიდან „დაბარებულ“ მუშა-ხელს კი დაუჯერებლად გულგრილად ექცეოდა:
„რამდენიმე მუშა, რომელთაც უფალ გაბრიელ მინაიჩ მირზოევის ქარხანაში უმუშავნიათ, სჩივიან, რომ ჯამაგირს არ გვაძლევენო. ამას გარდა, მკითხველს წაეკითხნოს იქნება ის შესაძრწუნებელი ამბავი, რომელიც ამას წინათ გაზეთს „კავკაზში“ იყო დაბეჭდილი და რომელიც გვაცნობებდა, რომ ამავე მირზოევს მოსკოვიდამ დაებარებინა თავის ფაბრიკისათვის მუშა-ქალები, შემდეგ არ მოსწონებოდა, გაეყარა და ულუკმო-პუროთ დარჩენილები, მათხოვრობდნენ, ერთი ამათგანი კინაღამ საროსკიპოში მოხვდა…“.
ამგვარი ცნობების მიუხედავად, თავად გაბრიელ მირზოევი სულ იმის მტკიცებაში იყო, „ქარხნიდამ არაფერი მოგება არა მაქვსო, მხოლოდ მუშებისთვის ვზრუნავო, ქარხანისათვის მომზადებული შეშა რომ გამეყიდნა, უკანასკნელ თორმეტ ათს თუმანს ფულს მოვიგებდიო და სხვ.“.
ასე თუ ისე, ტფილისის ბამბის სართავი ფაბრიკის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და მირზოევის ქარხანა დაიხურა…
„იქნება ამ მოკლე ხანში ფაბრიკამ კიდევ დაიწყოს მუშაობა, მაგრამ, თუ წარსულ იმის ისტორიას მოვიგონებთ, შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ის შემდეგშიაც ვერ იხეირებს, შემდეგშიაც ჭაპანწყვეტით და უხეიროთ იცხოვრებს და ბოლოს ვინ იცის – იქნება საუკუნო განსვენებასაც მიეცეს“, – წერდა „დროების“ რედაქტორი სერგეი მესხი, რომლის აღნიშნული მოსაზრება, წინასწარმეტყველური გამოდგა.
დახურული ფაბრიკა მირზოევმა ხელახლა გახსნა, შემდეგ ისევ დახურა, გახსნა და ასე უსასრულოდ… რამდენიმე წლის განმავლობაში ფაბრიკა „საფრანგეთის ქვეშევრდომ რიშარს“ ჰქონია იჯარით აღებული, თუმცა შემდეგ ისევ მირზოევს დაუბრუნებია და დავიდარაბა თავიდან ატეხილა.
გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, მირზოევს ფაბრიკის მუშები, 400-მდე ადამიანი გაუთავისუფლებია და ფაბრიკა „გაჩერებულა“. 1886 წლის 20 აგვისტოდან ძაფის წარმოება განახლებულა, მაგრამ 13 სექტემბერს მუშებისთვის გამოუცხადებიათ, რიშარის მიერ დადგენილი „ფასი უნდა დაიკლოთო“, რასაც დასაქმებულები არ დათანხმებულან:
„ამ ჟამად ქარხანა არა მუშაობს, დაყენებულია. ქარხნის პატრონი ბატონი მირზოევი მუშებს ქალაქ ლოდზიდგან იბარებსო და ამიტომ იქ კაცი გაუგზავნია კიდეც. ლოდზის მუშები ჩქარა მოვლენ ტფილისში და ქარხანა ხელ-ახლად დაიწყებს მუშაობასაო“.
თუმცა ტფილისის ბამბის სართავი პირველი ფაბრიკის ბედი უკვე უკუღმა ტრიალებდა და საეჭვო იყო, ეს ჩარხი ვინმეს ისევ წაღმა დაეტრიალებინა…
„ჩვენში ერთი ახირებული სურვილი აქვსთ მეტადრე ფულიან ხალხსა. რა საქმესაც ხელს მოჰკიდებენ ერთბამად და უეცრად გამდიდრება სურთ. ამ ქარხანის უხეიროთ ყოფნაც ამ ახირებულის სურვილის ბრალი უნდა იყოს. პირველ გამართვას და რიგში ჩაგდებას, რასაკვირველია, დიდძალი ფული მოუნდებოდა. ვიდრე კარგა ფეხს არ გაიმაგრებდა ეს ქარხანა იმ დრომდე დიდის მოგების იმედი კაცს არ უნდა ჰქონოდა. სარგებელი და კარგი მოგება მერე შეუდგებოდა. ქარხნის პატრონს უეჭველათ სხვა რიგათა ჰგონებია: თავნი და სარგებელი რაც შეიძლება მალე უნდა ადგესო. თუ ესე არ იყოს მაშ რას უნდა მივაწეროთ, ქარხანის ხელის-მცოდნეთა განდევნა, მუშების ხელფასის დაკლება, რომლისაგამოც ჩვენი ერთათ ერთი ქარხანა დღეს იღუპება“, – წერდა პეტრე უმიკაშვილი.
ასე იყო თუ ისე, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არათუ ტფილისში, მთელ „კავკასიის მხარეში“ ბამბის სართავი პირველი ფაბრიკით, ამ პერსპექტიული საქმით, სასურველი სარგებელი ვერც გაბრიელ მირზოევს, ვერ მოიჯარე რიშარს და ვერც „ბანკის პატრონ ჩითახოვს“ მიუღია. ამ წარუმატებლობის მიზეზთა ნაწილი ზემოთ აღვწერეთ, თუმცა, დასასრულ, კარაპეტ გრიგორიანცის მიამიტური ვერსიაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომლის აზრითაც, სამი მეწარმიდან ვერცერთმა იმიტომ ვერ იხეირა, რომ „მომუშავენი ძაფებს პარავდნენ და მტკვარში ყრიდნენ, მერე ქვემოთ ორთაჭალაში მენავენი ძაფებს იჭერდნენ და სანახევროთ ყიდდნენ“.
დატოვე კომენტარი