მანამ, სანამ ტფილისის ქუჩები ელექტრონის ძალით განათდებოდა და შებინდებულზე თუ ღამღამობით ქალაქში ქვეითად მოსიარულეთა გასაჭირს ნაწილობრივ მაინც მოეღებოდა ბოლო, თფილისის განათების საკითხი ყბადაღებულ თემად იყო ქცეული.
მოქალაქეები სულ იმას გაიძახოდნენ, ქალაქი რიგიანად არ არის განათებულიო, რასაც პრესის ფურცლებზე გამოთქმული საჩივრებიც ემატებოდა. ამის გამო პასუხისმგებელი პირები გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმას ცდილობდნენ, რომ მუდმივ თავის ტკივილად ქცეული პრობლემა როგორმე მოეგვარებინათ, თუმცა ქალაქის საბჭოს ქუჩების მოიჯარეთაგან „ხეირი ნაკლებ ადგებოდა“, ყოველ შემთხვევაში იმგვარ მოიჯარეთაგან, როგორიც „უფალი იაგორ კასუმოვი“ იყო.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ტფილისის ქუჩების ფანრებით განათების საქმეს ქალაქის გამგეობა იჯარით გასცემდა. როგორც გაზეთი „დროება“ აცნობებდა მკითხველს, 1875 წლის 16 ივნისს „დაგეგმილი იყო ვაჭრობა, რომელზედაც ქუჩების ფარნების განათება, სამი წლის ვადით, იჯარით გაიცემოდა“.
ამ დროისთვის ტფილისის მასშტაბით 887 ქუჩის ფანარი უნდა ყოფილიყო დადგმული, თითოეულის განათება კი ქალაქს წელიწადში საშუალოდ 22 მანეთი უჯდებოდა.
„ქალაქის გამგეობის თანახმად დაგეგმილი ვაჭრობის“ შედეგად, ქუჩების განათების საქმე იაგორ კასუმოვს აუღია იჯარით. ქალაქთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ახალ მოიჯარეს თითო ფანრის გასანათებლად წლიურად 18 მანეთი მოუთხოვია, იჯარა კი სამი წლის ვადით გაფორმებულა – „მხოლოდ იმ პირობით, რომ თუ ამ დროის განმავლობაში ქალაქმა გაზით მოახერხოს ქუჩების განათება, მაშინ კანტრაქტს ძალა აღარ ექნებაო“.
და ის-ის იყო ტფილისელებს მბჟუტავი იმედი გაუჩნდათ, იქნებ ახალმა „იჯარადარმა“ მაინც წაიყვანოს ქალაქის ქუჩების განათების საქმე რიგიანადო, რომ იაგორ კასუმოვი პრესის ფურცლებზე წუწუნს და საჩივრების გამოქვეყნებას მოჰყვა, მით უფრო, რუსეთ-ოსმალეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რაც, საბოლოო ჯამში, ომით დასრულდა, ტფილისში ნავთი ერთობ გაძვირდა – „მიზეზი ამისა ის არის, რომ ურმები და ხარ-კამბეჩი, რომელნიც ნავთის მოტანაზე იდგნენ და ბაქო-თფილისის შუა დადიოდნენ, მმართებლობის საჭიროებისათვის არიან გაყვანილნი და დააქვთ სხვა და სხვა სამხედრო სურსათი და იარაღი“.
აი, რას წერდა „უფალი კასუმოვი“ გაზეთ „დროებას“:
„მას აქეთ, რაც ნავთის ფასმა აიწია, ქუჩის ფარნებიდგან თითქმის ყოველ ღამე ათ-თხუთმეტ ლამფას თავის შუშებით იპარავენ.
ეს თუმცა უწინაც მოხდებოდა ხოლმე, მაგრამ ისე იშვიათად, რომ სათქმელიც არ იყო. ახლა კი, რაკი ამ ქურდობამ იმ ზომამდისინ მიაღწივა, რომ ამით მეც დიდი ზარალი მეძლევა და ქალაქს ზოგიერთი ადგილიც, ჩემს უნებურათ, გაუნათებელი რჩება, ამიტომ ვაცხადებ ამას საყოველთაოთ, რომ მივაქციო ამ გარემოებაზედ ვისიც ჯერ არს, იმის ყურადღება და აგრეთვე თავიდამ ავიცილო ზოგიერთი უკანონო საყვედური.
ერთ მიზეზად ასე ხშირად ლამფების დაკარგვისა, სხვათა შორის, მე ის გარემოებაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ფარნის სვეტები ერთობ დაბალია და მოპარვის სიადვილეს ქურდი განსაცდელში შეჰყავს.
ამ ზემო ნათქვამი უწესოების მოსასპობლათ აუცილებლათ საჭიროა ქალაქის მხრივაც რაიმე ღონისძიების მიღება, ამ გვარი ადვილი გასაქურდი ფარნის ბოძების გამოსაცვლელათ.
ამასთანავე ვთხოვ ყველა სახლის პატრონს, ვის სახლთანაც ფარანი დგას, მხედველობაში იქონიოს ეს გარემოება და, თუ შენიშნოს რამე, ჩემს კანტორაში აცნობოს, რომელიც იმყოფება ვანქის ქუჩაზე, იარმუკის ახლოს, საკუთარს სახლში“.
ქალაქის განათების „იჯარადარის“ ეს განცხადება სასაცილოდ აუგდია გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორს, რომელსაც უოხუნჯია, უფალ კასუმოვს თუ მოვუსმინეთ, განათების ფარნები ტელეგრაფის მაღალ ბოძებზე უნდა დავამაგროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მათგანიც რომ არ აინთოს ქალაქში, მოიჯარე კვლავ ლამფების ქურდობით გაიმართლებს თავსო…
„კავკაზის“ რედაქტორის დაცინვას გვარიანად გაუწიწმატებია იაგორ კასუმოვი, რომელიც ამჯერადაც „დროების“ ფურცლებზე იმართლებდა თავს:
„აბა, რა ჩემი საქმეა, უბრალო მოქალაქისა, რედაქტორ კაცს შევებაასო, მერე იმისთანა რედაქტორსა! მაგრამ მაინც არ შემიძლიან არა ვკითხო:
წარმოიდგინეთ, უფალო სტალინსკი, რომ ჩვენ ქუჩებში ორ არშინიანი ფარნის სვეტები ვიქონიოთ (თქვენის აზრით, ხომ უფრო ემჯობინება – კარგად გაანათებს), როგორა გგონიათ: ლამფების შესანახავად ქურდებისაგან ორ ფარანს ხომ ერთი ყარაული მაინც მოუნდება? ყველა ხომ თქვენისთანა ანგელოზი არ არის თფილისში, რომ ხელი არ მოჰკიდოს სხვის საკუთრებას? ნუთუ თქვენ იმისი წინააღმდეგი ხართ, რომ ჩვენისთანა უპატრონო ქუჩებისთვის ისეთი ფანრის სვეტები არ ვარგა, რომელთაც ორჯელ მაინც მოლპობია ძირი და მაინც კიდევ ის ჩაუდგამთ ახლის ადგილას – არ იცით, განა ესა? მობრძანდით და მე გაჩვენებთ გნებავთ დადგმულებს და გნებავთ ჩემი კანტორის ეზოში გამონაცვალებს. აგრეთვე გაჩვენებთ ჩემგან დამზადებულებს, რომელთ სიმაღლე, გული დაიმშვიდეთ, ბევრათ დაბალია ტელეგრაფის ბოძზედ, სულ ოთხი არშინია [2.8 მ.] მიწიდგან. როგორ გგონიათ, ოთხი არშინიანი ბოძიდგან უფრო ადვილათ გაიქურდება, თუ სამ არშინიან და უფრო ნაკლები ბოძიდგან? მაგრამ ეტყობა თქვენ ამაზედ ფიქრს არ ეწყობით; უფრო მაღალი საგნებით ჰყოფილხართ გართული, ტელეგრაფის ბოძებზედ უფრო მაღალით…“.
იმავე წერილში „უფალი კასუმოვი“ საკუთარი საქმიანობის დეტალებსაც ასაჯაროებდა და აცხადებდა, რომ ქუჩის ფანრების სამკაულები, ე.ი. ლამფების დიდი ნაწილი დაძველებული და „დანჯღრეული“ გადაეცა ქალაქისგან:
„ზოგს როგორც არის, ვაი-ვაგლახით ვაახლებ, მაგრამ ზოგის-კი გაკეთებაც არ შეიძლება; ამიტომ მოხდება ხოლმე, რომ მოკიდების შემდეგ ლამფაში ჩავარდება ცეცხლი და ერთბაშათ ამოიწვის ნავთი, ან კიდევ პატარა ხანს უკან თავის-თავათ ქრება; ორივე შემთხვევაში ფარანი ქრება. რომ ვიცოდე ან მაშინვე შემატყობინებდნენ, ამისთანა შემთხვევა სად მოხდება ხოლმე, უეჭველია, იმ წამს ავანთებინებ ხელ-მეორედ, მაგრამ რომ არ ვიცი, რა გავაწყო?“
კასუმოვი რიტორიკულად იმასაც დასძენდა, რომ ამ გარემოებათა შესახებ ქალაქის გამგეობისთვის არაერთხელ მოუხსენებია, თუმცა მისი წერილიდან აშკარაა, რომ ამ მიმართვებს სასურველი შედეგი არ გამოუღია.
კიდევ ერთი ბრალდება, რასაც „უფალ კასუმოვს“ უყენებდნენ, ის იყო, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ფანრები თითქმის არ გვხვდებოდა, შესაბამისად, ასეთ ადგილებში უკუნი სუფევდა. საპასუხოდ, განათების „იჯარადარი“ კვლავ ქალაქის გამგეობისკენ იშვერდა ხელს და აცხადებდა: „მე ჩემ ნებად ფარნების დადგმის უფლება არავისგან მაქვს მოცემული და სადაც ქალაქის გამგეობა არ მიბრძანებს, იქ მე ვერ დავდგამ ფარნებსა; და როდესაც კი მომსვლია ქალაქის გამგეობისაგან ამგვარი ბრძანება, მე მაშინვე ყოველის დაუბრკოლებლივ დამიდგამს ნაჩვენებ ალაგებში“-ო.
ამასობაში კი, ამ კინკლაობის ფონზე, ტფილისი გაუნათებელი რჩებოდა… ქალაქის უსწორმასწორო ქუჩებზე ხალხი „ცხვირ-პირს იმტვრევდა“, ამავდროულად კი სიბნელით გათამამებული ავაზაკები გვარიანად აფრთხობდნენ მოსახლეობას:
„ბევრს 8-9 საათის შემდეგ, საღამოს, გარეთ გამოსვლა და ქუჩებში სიარული ეშინიანთ. და გასაკვირველია, რომ თითქო განგებ, ჩვენი ქუჩები ხანდისხან თითქმის სრულებით არ არიან განათებულნი…“ – წერდა „დროება“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, იაგორ კასუმოვს იმდენი მოუხერხებია, რომ ნავთის გაძვირების მიზეზით, თითო ფანრის გასანათებლად, ქალაქისთვის წელიწადში დამატებით ორი მანეთი მოუთხოვია და მისი თხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, თითო ფანარზე, წელიწადში, 18-ის ნაცვლად, 20 მანეთს იღებდა.
მაგრამ ნელ-ნელა იაგორ კასუმოვის რეპუტაციასაც შესდგომია წყალი…
1877 წელს, ქალაქის გამგეობის ერთერთ სხდომაზე, ხმოსან სურგუნოვისგან კასუმოვს გვარიანად „მოხვედრია“ – ძალიან ცუდად მიჰყავს ქალაქის განათების საქმე, ზოგიერთ ქუჩას სულ არ ანათებს, დილაობით დანიშნულ დროზე ადრე აქრობს ფანრებს, საღამოთი კი უფრო გვიან ანთებსო:
„იმ ოცს მუხლში, რომელიც ქალაქის გამგეობისაგან შეკრულს კონტრაქტში არისო, სთქვა უფალმა სურგუნოვმა, ყველაზე უფრო ბეჯითად უფალი კასუმოვი მე-14 მუხლს ასრულებსო, იმ მუხლს, რომელშიაც მოხსენიებულია, თუ რა დროსა და რამდენი ფული უნდა აიღოს მეიჯარადრემ ქალაქის ხაზინიდამ“.
სიტყვის დასასრულ, ხმოსანი სურგუნოვი წინადადებით გამოსულა, თითო ფანრის განათებაზე, წლიურად, ოცის ნაცვლად მოიჯარეს 15 მანეთი მივცეთო, ამას გარდა კი ქუჩების განათებას ზედამხედველობა ქალაქმა გაუწიოსო.
რამდენიმე დღეში ხმოსანი სურგუნოვი კვლავ „ამხედრებულა“ იაგორ კასუმოვის წინააღმდეგ. მისი ხანგრძლივი და მჭევრმეტყველური სიტყვის შემდეგ კი „ქალაქის რჩევას“ გადაუწყვეტია, რომ შეერჩიათ ორი პირი, რომელთაც ფანრების რიგიანად განათებაზე „თვალ-ყური ეჭირებოდათ“.
ამგვარი კრიტიკა არც იაგორ კასუმოვს დაუტოვებია უპასუხოდ და ქალაქის გამგეობისთვის მიუმართავს – „გამათავისუფლეთ თქვენის იჯარისაგან, ფარნები არ ვარგა, ნავთი ძვირად ღირს; ხელს არ მაძლევს ეს იჯარაო!“
მისი მოთხოვნების გაჟღერებას ქალაქის ხმოსანთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყოლია – „ერთმა სთქვა: ამ კასუმოვისთანა ეშმაკი მოიჯარადრე ქალაქს არ ჰყოლია ჯერაო! მეორემ წამოიძახა: ამ კასუმოვმა მთელი ქალაქი გაჰყვლიფაო! მესამე ამბობს: გირაო დავატოვებინოთ და გაუშვათო! მეოთხე ჰყვირის: არ შეიძლება გაშვებაო და სხვ. და სხვ.“
საინტერესოა ისიც, რომ განათების „იჯარადარის“ წინააღმდეგ, ერთ-ერთი ხმოსნის, კერძოდ კი სურგუნოვის „ამხედრებებში“ შესაძლოა გარკვეული სუბიექტური ინტერესიც ყოფილიყო. მით უფრო, რომ მისი ინიციატივით, ქალაქის რჩევას სოლოლაკის სამი ქუჩის დროებით გამოსაცდელად, გაზით განათების გადაწყვეტილება მიუღია. ამ გზით, ქუჩების გაზით განათების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეესწავლათ, ხოლო თუკი ამგვარი განათება ქალაქს „ხელს მისცემდა“, მაშინ გამგეობა სხვა ქუჩების გაზით განათებასაც შეუდგებოდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმის „იაფად მკისვრელი“ კაცი, თავად ხმოსან სურგუნოვს „უშოვნია“…
მოვლენათა შემდგომ განვითარებას მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდა. 1878 წელს გაზეთი „დროება“ წერდა:
„უფალ ხმოსანის სურგუნოვის თაოსნობით დაწყებული ქალაქის ქუჩების გაზით განათების საქმე, როგორც ეტყობა, მალე მოვა სისრულეში, მთელი ქალაქისთვის თუ არა, სოლოლაკისთვის მაინც. ამ დღეებში სერგიევის ქუჩაზე გაიყვანეს გაზის მილები და ახლა დანარჩენ სოლოლაკის ქუჩებზედაც გაჰყავთ. იმედია, ეს ნიმუშათ გაკეთებული ფანრები დაუმტკიცებენ ქალაქის გამგეობას, რომ გაზით განათება საუკეთესო განათებაა ქალაქისათვის და უფრო იაფიც“;
„გაცხარებით მიდის სოლოლაკზე მუშაობა ფანრების გაზით განათებისათვის. სერგიევისა და ირაკლის ქუჩაზე თითქმის სულ გაყვანილია გაზის მილები და ფანრებიც გაკეთებულია; ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ორ-სამ კვირაში სოლოლაკის ხსენებულ ქუჩებს პირველად ეღირსებათ გაზით განათებაო“.
ამ დროისთვის, ტფილისის ქუჩების განათებაზე ქალაქის მიერ იაგორ კასუმოვთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა ნელ-ნელა იწურებოდა. ამასთანავე, კონტრაქტის პირობის მიხედვით, თუკი ქალაქი გაზით მოახერხებდა ქუჩების განათებას, კასუმოვთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალას დაკარგავდა.
თუმცა კიდევ ბევრი წყალი ჩაივლიდა, სანამ ტფილისის ქუჩებს რიგიანად გაანათებდნენ, იაგორ კასუმოვს კი, ყველაფერთან ერთად, მუხრანის ხიდთან გამართული ბორნის „იჯარადარს“, უცნაურ კაცს, რომელიც იმასაც ახერხებდა, რომ საკუთარი ლექსები გამოეცა, წიგნებით მიღებული შემოსავლის ნაწილი კი „კავკასიის პირუტყვების დამცველ საზოგადოების“ სასარგებლოდ“ დაენიშნა, 1878 წლის აპრილში სულ სხვა რამ ჰქონდა სადარდებელი…
ამ წელს „უფალი კასუმოვი“ წავკისელი მიხა კახელაშვილის „შაიკას“ დაუყაჩაღებია და დაუჭრია.
აი, როგორ მომხდარა ეს ამბავი:
წავკისელი მიხა კახელაშვილის დაჯგუფება, „რიცხვით – 15 კაცამდინ“, ვანქის ეკლესიასთან ჩინოვნიკის ტანისამოსში გადაცმული მისულა, ცხენები იქვე დაუბამთ და ფეხით გაუგრძელებიათ გზა მუხრანის ხიდისკენ, სადაც „უფალ კასუმოვის“ სახლს „დასცემიან“.
ავაზაკებს დაუჭრიათ სახლის პატრონი, მისი მოურავი და ერთი ოთხი თვის ბავშვი; ყაჩაღობის შედეგად წაუღიათ ორი საათი, ორი დამბაჩა, ხმალი, სხვა ნივთები და გაქცეულან. ეს ალიაქოთი ასასს [ღამის დარაჯს] შეუნიშნავს და დამხმარეთა მოსაყვანად გაქცეულა, თუმცა ავაზაკებს თოფი უსროლიათ და მოუკლავთ. შემდეგ დაბრუნებულან ვანქის ეკლესიასთან, ცხენებზე შემსხდარან და დაუბრკოლებლად გაუგრძელებიათ გზა.
„უფალი კასუმოვი ისე ძლიერ არის თურმე რევოლვერით დაჭრილი, რომ არ მორჩება“, – წერდა პრესა.
ეს ამბავი 26 აპრილს მომხდარა… მომდევნო დღეს გარკვეულა, რომ კასუმოვს ზურგიდან ნასროლი ტყვია მხარში მოხვედრია და „სასიკვდილო არაუშავსრაო“; თავის მხრივ, დაზარალებული დიდ ფულად ჯილდოს დაჰპირებია ნებისმიერს, ვინც თავდამსხმელებს დააჭერინებდა.
[ამ მოვლენებიდან სულ ცოტა ხანში, 5 მაისს, ქალაქში ხმა გავარდნილა, მიხა კახელაშვილის დაჯგუფების ცხრა წევრი დაუჭერიათო, მაგრამ ის კი უცნობია, გადაიხადა თუ არა იაგორ კასუმოვმა ის დიდი ფულადი ჯილდო, რასაც ჰპირდებოდა ყველას, ვინც თავდამსხმელების დაჭერაში დაეხმარებოდა.]
ამასობაში, ქალაქის გამგეობას საყოველთაოდ გამოუცხადებია, რომ 1878 წლის 10 მაისს შედგებოდა „ვაჭრობა ქალაქის 1300 ფანრის ნავთით განათების იჯარით მიცემაზე“.
არადა, პარალელურად, წინ მიიწევდა „უფალ სურგუნოვის“ ინიციატივით წამოწყებული საქმე – ქალაქის ქუჩების გაზით განათებისა… „2 მაისს პირველად გაანათეს ზოგიერთი ქუჩები სოლოლაკისა. როგორც მოგეხსენებათ, ეს გაზით განათება გამოსაცდელად მიიღო ქალაქის რჩევამ. ეს საქმე სულ უ. ვ. ი. სურგუნოვის თაობით დაიწყო და თუ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი ქალაქის ქუჩები გაზით იქნება განათებული, ამას ჩვენ ხსენებულ ხმოსანს უნდა უმადლიდეთ. იმედია, ქალაქის რჩევა დარწმუნდება ამ „ცდით“, ამ რამდენიმე ქუჩის გაზით განათებით, რომ ამგვარი განათება ერთი-ორად უფრო გამანათებელია ქუჩებისა, და თითქმის ერთი-პრათაც უფრო იაფად დაუჯდება ქალაქს“, – იუწყებოდა „დროება“.
მაგრამ აქ ერთი საოცარი ამბავი მოხდა – ქალაქის ქუჩების გაზით განათების მოიჯარეებმა: სტრატელამ და იანსენმა უარი თქვეს „პირობების აღსრულებისა; ასე რომ ორი დღის განმავლობაში კი იყო ქუჩები გაზით განათებული და მერე ისევ ნავთით დაიწყეს განათება“.
ამგვარად, იმ ფონზე, რომ იაგორ კასუმოვის მიერ ქალაქთან გაფორმებულ კონტრაქტსაც ვადა გასდიოდა, გამგეობა აქტიურად ეძებდა პირს/პირებს, ვინც ტფილისის ქუჩების ნავთით განათების საქმის იჯარას იკისრებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ტფილისში ხმა გავრცელებულა, „იჯარის აღების მსურველთ პირი მიუციათ ერთმანეთისათვის, რომ 27-28 მანეთ ნაკლებ არ ავიღოთ თითო ფანრის განათება წელიწადშიო“.
და თქვენ წარმოიდგინეთ, პროცესებში ჩართული ყოფილა იაგორ კასუმოვიც, ის იაგორ კასუმოვი, რამდენიმე დღით ადრე რომ დაჭრეს, მანამდე კი სულაც ქალაქის გამგეობას რომ სთხოვდა – „გამათავისუფლეთ თქვენის იჯარისაგანო“. მეტიც, ამბობდნენ, რომ თითო ფანრის განათებაში ის 32 მანეთს ითხოვდა.
ასეა თუ ისე, ქალაქს ქუჩების ფანრების ნავთის განათების იჯარით გაცემაზე კიდევ ერთხელ გაუმართავს „ვაჭრობა“. საბოლოოდ, 2 ივნისს დაგეგმილ „ვაჭრობაზე“, „ქალაქის ფარნების განათება გარდაეცა მოიჯარადრეებს გრიქუროვებს, ორის წლის ვადით“. თითო ფარნის განათებაში ქალაქს 25 მანეთი და 50 კაპიკი უნდა გადაეხადა, 5 მანეთითა და 50 კაპიკით მეტი, ვიდრე ამ საქმეში „განათების ეშმაკი იჯარადარი“ – იაგორ კასუმოვი იღებდა…
დატოვე კომენტარი