ნინო მემანიშვილის ილუსტრაცია
ეს იმდროინდელი ამბავია, როდესაც ამერიკელები არც ჯორჯ კობის მიერ წარმოებული მინის სათამაშოებით რთავდნენ ნაძვის ხეებს, არც პრინც მაჩაბელის წარმოებულ სუნამოებს ჩუქნიდნენ საყვარელ ქალს, არც ალექსანდრე ქართველის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის ქება გაისმოდა შორს და არც ლუკა ჩხარტიშვილს და გურულ მხედრებს გადაერიათ „სუნთლა“ ამერიკა…
თავიდან იყო ცნობა, 1875 წელს, ოდესის გაზეთ „ნოვოროსიის ტელეგრაფში“ გამოქვეყნებული ამბავი „ჩვენებური კაცისა“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ფილადელფიაში კომერციულ საქმიანობას ეწოდა.
ამ ცნობის თანახმად, მიხეილ ბეთანელი ერთადერთი „ჩვენებური“ იყო, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაჭრობდა:
„უფალი ბეთანელი ოთხი წელიწადია, რაც ამერიკაში ცხოვრებს; გაიცნო თუ არა ამერიკის აღებ-მიცემა, იმწამსვე მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამერიკის ვაჭრულ დამოკიდებულებას რუსეთთანა და თფილისის ვაჭარის ვართანოვის შემწეობით, გახსნა თფილისში კანტორა, სადაც იმისგან გამოგზავნილი სხვა და სხვა მაშინები და სამეურნეო იარაღები ისყიდება“.
თავის მხრივ, თფილისში დაარსებული „კანტორა“ ბეთანელს სხვადასხვა პროდუქციას უგზავნიდა ფილადელფიაში: ბეწვეულს, აბრეშუმის საქონელს, სპარსეთის ხალიჩებს და ა.შ.
ოდესური გაზეთის შემდეგ, 1876 წელს, უკვე „დროებაში“ გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ მიხეილ ბეთანელი საქართველოში ჩამოვიდა:
„ახლად ამერიკიდამ ჩამოსულმა ჩვენმა თანა-მემამულემ მიხეილ ბეთანელმა გადმოგვცა ჩვენ ერთი ნომერი ნიუ იორკის გაზეთისა „The Daily Graphic“, 1874 წლის 1 დეკემბრისა, რომელშიაც თითქო ფოტოგრაფიულად გადაბეჭდილია 1873 წლის „დროების“ მე-38 ნომრის პირველი და მეორე ფურცელი.
ქვევით რედაქციის შენიშვნაა, რომელშიაც სწერია, რომ ეს გაზეთი ჩვენ ქართველმა ბეთანელმა გადმოგვცაო, რომელზედაც ჩვენი გაზეთის წასულს ნომერში რამდენიმე სიტყვა იყო მოხსენიებულიო.
ამავე უფალმა ბეთანელმა ჩვენ გვიანბო, სხვათა შორის, რომ ამერიკის გაზეთებში რამდენჯერმე იყო სტატიები დაბეჭდილი: კავკასიაზე და ქართულს ლიტერატურაზე. ერთი ამერიკელი ამოჩნდაო, რომელიც ქართული ენის სწავლებას მეხვეწებოდაო და სხვ“.
რამდენიმე დღეში იმავე „დროებაში“ უკვე მიხეილ ბეთანელის ფირმის სარეკლამო განცხადება იყო დაბეჭდილი, რომლის თანახმადაც, ფილადელფიაში, 1874 წელს დაარსებული „კომისიონური აგენტობა ბეთანელი და ამხანაგობა“ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღებ-მიცემობით იყო დაკავებული:
„ამერიკაში მიაქვს: რწყილის წამალი, მატყლი, გაუკეთებელი აბრეშუმი, კაკლის კუნძი, ბზის ხე, სპარსული ხალიჩები და სხვა კავკასიისა და რუსეთის ნაწარმოები.
ამერიკიდამ გამოაქვს: სამეურნეო იარაღები, რკინის და ფოლადის ხელობა და ყოველ გვარი მაშინები.
მთავარი აგენტები რუსეთისათვის ჰეინრიხ დისტონისა და შვილების სახერხავი მაშინებისა (Henry Disston et Sons Keystoue Saw, Iool, Steel et Fil Works, Philadephia) და ოცი სხვა ამერიკის საუკეთესო ფაბრიკებისა და ქარხნებისა.
ფირმის ადრესი ფილადელფიაში: Betanelly et C-0; 430 Walnut Street, Philadelphia, Pa. United States of America.
მ.ს. ბეთანელი, ფილადელფიიდამ, ამ ჟამად მოკლე დროით თფილისში იმყოფება და საქმისათვის მიიღებს მსურველთ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით, დილის 10 საათიდამ შუადღემდი და ნაშუადღევის 3-დამ 6-მდე, „ლონდონის“ სასტუმროში“.
როგორც ჩანს, კომერციული კუთხით, ბეთანელის ვიზიტი წარმატებული გამომდგარა – ადგილობრივ მემამულეებს „ამერიკიდამ სხვა და სხვა სამეურნეო იარაღების დაბარება“ სწორედ ბეთანელის ფირმის ადგილობრივი კანტორისა და უფალ ვართანოვის დახმარებით დაუწყიათ.
თავის მხრივ, ტფილისში ყოფნისას, მიხეილ ბეთანელსაც დაუწყია ამერიკაში წასაღები პროდუქციის შერჩევა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა 100 000 „ჩვენებური პაპიროსი ენფიაჯიანცის ფაბრიკისა“, 200 ფუთი თამბაქო და რამდენიმე ძველი ნივთი – „კავკასიის ხელოვნების ნაწარმოები“.
საგულისხმოა, რომ ბეთანელის ტფილისში ჩამოსვლა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წასაღები პროდუქციის აქტიურად ძიება ერთ მნიშვნელოვან გარემოებას ემთხვევა – ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, რომელიც 1876 წელს აღინიშნებოდა და ამ თარიღის მასშტაბურად აღსანიშნავად, ყველაფერთან ერთად, „ფილადელფიაში, იმ ქალაქში, სადაც პირველად გაჩნდა და დაიბადა ამერიკის თავისუფლების ჰაზრი, უნდა გამართულიყო ჩინებული მსოფლიო გამოფენა“.
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოდან იყვნენ მიწვეული „თავისუფლების მოყვარე ხალხები და პირები, რომ ერთად ემხიარულათ, ედღესასწაულათ ეს დღე“, ფილადელფიაში დაგეგმილ მსოფლიო გამოფენაზე კი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაჰქონდათ და აგზავნიდნენ ექსპონატებს, გარანტირებული იყო, რომ გამოფენას დიდძალი დამთვალიერებელი/მუშტარი ეყოლებოდა.
„ამ დღის მოსაგონებლად, ამერიკამ ააგო ძეგლი, „ძეგლი თავისუფლებისა“. ძეგლი, რომელიც დედამიწის სხვა ყველა შენობებზე, კოშკებზე და პირამიდებზე უმაღლესია, რომლის წვერიდამ მუდამ გამოანათებს ელექტრონის სინათლე, თითქო თავისუფლების სხივი არისო“, – იუწყებოდა გაზეთი „დროება“.
1876 წლის მარტის ბოლოს, ფილადელფიაში დაგეგმილ მსოფლიო გამოფენასთან დაკავშირებით, ტფილისში ერთი საინტერესო ჭორი გავრცელდა, რომელიც მალევე დადასტურდა და შემდეგ პრესის ფურცლებზეც ჰპოვა ასახვა:
„ჩვენ გავიგონეთ, რომ თფილისის მცხოვრებლების კარგი ნაცნობი მეჭიანურე – ჭიპრო იოანე რამდენიმე თავის მომხრეებით და ერთის ჩვენებურის ქალით, რომელმაც კარგი სიმღერა და ცეკვა იცისო, ამ დღეებში ამერიკაში აპირებს წასვლას, ფილადელფიის გამოფენაზედო“, – წერდა „დროება“.
გაირკვა რომ ამ საქმის უკან მიხეილ ბეთანელი იდგა, რომელსაც „ადგილობრივი მუზიკანტებიდგან შედგენილი ორკესტრის“ ფილადელფიაში წაყვანა ჰქონია განზრახული. მსოფლიო გამოფენაზე, თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, აღმოსავლელ მუსიკოსთა ჯგუფის შემოქმედებით კი კარგი შემოსავლის მიღების იმედი ჰქონდა.
„როგორც ამბობენ, გზაზედ სტამბოლს, პარიჟს და სხვა ქალაქებში რამდენიმე კონცერტი უნდა გამართოსო. როგორ მოგწონთ ეს ამბავი!“, – კითხულობდა ადგილობრივი პრესა.
თქმა და ქმნა ერთი ყოფილა! ტფილისში მიხეილ ბეთანელის ჩამოსვლიდან ორი თვის თავზე, 14 აპრილისთვის, მისი „ორკესტრი“ უკვე სტამბოლში ყოფილა, სადაც კონცერტიც გაუმართავთ და „ბლომათ გაუსუქებიათ ჯიბეები“. ყოველ შემთხვევაში, ამას ირწმუნებოდა ქალაქში მოსული ცნობა.
მეტიც, სტამბოლიდან თავად მიხეილ ბეთანელს მოუწერია – „მე ჩემის ქართულის ტრუპპით ამ მოკლე ხანში ვენას მივდივარო, იქიდამ პარიჟს გავივლით და პარიჟიდამ – ლონდონს, საიდამაც პირ-და-პირ ამერიკაში უნდა წავიდეთ ფილადელფიის გამოფენაზეო“.
ხსენებულ ქალაქებში ბეთანელი და მისი „ტრუპპა“ კონცერტების გამართვას გეგმავდა.
ტფილისში პარიზიდანაც მოსულა ამბავი, რომლის თანახმადაც ბეთანელს და მის „ტრუპპას“ ერთი კონცერტი პარიზში გაუმართავს, ერთიც მონპელიეში, თუმცა, ქალაქში მოსული ცნობა არაფერის ამბობდა იმის შესახებ, მოეწონათ თუ არა „პარიჟელებს ქართული ზურნა და ტასიკოს ლეკური“.
და აი, 1876 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში მსოფლიო გამოფენა გაიხსნა…
„დილიდამვე აუარებელი ხალხი, მხიარულის სახით და სადღესასწაულო ტანისამოსით დაიარებოდა ქუჩებზე… ყველა ელჩები უცხო ქვეყნებისა, ყველა დიდ-კაცობა და პატარა კაცობა დაესწრო… მთელი ღამე ქალაქი გაჩირაღდნებული იყო, ყველა სახლებზე ამერიკის ნაციონალური დროშები იყვნენ ამართული, პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ ქუჩებში და სახლებში…“, თუმცა, 4 ივლისს, ფილადელფიის ქუჩებში, „ჩვენებური ზურნა“ არ ისმოდა, მეტიც, უფალ ბეთანელის და მისი „ორკესტრის“ შორსმიმავალი გეგმები ევროპის კონტინენტს ვერ გასცდა.
1876 წლის აგვისტოს დასაწყისში, ფილადელფიაში მსოფლიო გამოფენის გახსნიდან თითქმის ერთი თვის თავზე, „ქალაქში დაბრუნდა უფალ მიხეილ ბეთანელის ტრუპპა „აზიელი მოსაკრავეებისა“.
მოგეხსენებათ, რა საიდუმლოებით წავიდნენ აქედამ ამ სამი თვის წინათ, შემდეგ რა ბაქიბუქითა და ამბით მისცეს სტამბოლში კონცერტი!
ვენაში სამსახროთ აიგდეს და შემდეგ მონპელიეში და სხვა ქალაქებში საქმე იქამდინ მივიდა და თურმე, რომ კინაღამ ცემით გამოჰყარეს თეატრიდამ.
თვითონ უფალი მიხეილ ბეთანელი გამოდიოდა თურმე სცენაზე, ჩერქეზულ ტანისამოსში და ჩუსტებში ჩაცმული, ლეკურს თამაშობდა, მაგრამ არც ამან უშველა-რა.
ბოლოს ანტერპრიონერმა გადასწყვიტა, რომ ამისთანა საქმით ამერიკაში მე ფულს ვერ მოვიგებო და მარსელიდამ გამოისტუმრა (ამბობენ, მიატოვაო) თავის მშვენიერი ქართველი ქალი ტასიკო და ორი სხვა დამკრავები.
ახლა, როგორც მოგახსენეთ, აქ ჩამოვიდნენ, ვიღაც სომხის ვაჭრების წყალობით, და როგორც ამბობენ, კბილების დაუკრაჭუნებლად ვერ მოიგონებენ თავიანთ ანტერპრიონერს…“
დატოვე კომენტარი