ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და ევროკავშირი (EU) ერთობლივი პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში დედამიწის დაბალ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (COP26) გაავრცელეს.
მისიის მიზანი ატმოსფეროში ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური აირების ემისიისთვის თვალყურის დევნებაა. იდეის ავტორების განცხადებით, ეს მსოფლიოს კლიმატის ცვლილების შერბილებაში დაეხმარება.
ხელოვნური თანამგზავრების შექმნაზე, რომლებიც CO2MVS-ის სახელწოდებით ცნობილ თანავარსკვლავედში გაერთიანდებიან, ევროპის კოსმოსური სააგენტო მეტეოროლოგიური სატელიტების ექსპლუატაციის ევროპულ ორგანიზაციასთან (EUMETSAT) ერთად მუშაობს. ეს აპარატები ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გასვლის შემდეგ ატმოსფეროში გამოყოფილი ორი ყველაზე გავრცელებული სათბური აირის – ნახშირორჟანგისა და მეთანის ემისიას უპრეცედენტო დეტალიზაციით, რეალურ დროში დააკვირდებიან.
ცნობისთვის, ნახშირორჟანგი, რომელიც ჰაერში წიაღისეული საწვავის მოხმარებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად ვრცელდება, ატმოსფეროში გამოყოფილი სათბური აირების 80%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი ამ აირების მხოლოდ 16%-ს წარმოადგენს, ის CO2-თან შედარებით 80-ჯერ უფრო ძლიერ ზემოქმედებს გლობალურ დათბობაზე.
პროგრამა „კოპერნიკის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედი 2026 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. მათი განცხადებით, CO2MVS-ის დახმარებით სათბური აირების გამომყოფ ინდივიდუალურ წყაროებზე, მათ შორის ელექტროსადგურებსა და წიაღისეული საწვავის წარმოების ადგილებზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი