ამერიკული Forbes-ი წერს, რომ ესპანელ მილიარდერს ჰაიმე ბოტინს, რომლის ქონებაც 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 18-თვიანი პატიმრობა და 52.4 მილიონი ევროს (60.1 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა შეუფარდეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მილიარდერი საკუთარი იახტით უკანონოდ ცდილობდა პიკასოს ნახატის – “ახალგაზრდა ქალის თავის” – გატანას ესპანეთიდან.
სასამართლომ ასევე დაადგინა, მოხდეს ნახატის კონფისკაცია და ის სახელმწიფოს გადაეცეს. მილიარდერს აპელაციის უფლება აქვს.
მართალია, ამ ნახატის მეპატრონე თავად ბოტინია, მაგრამ პიკასოს შედევრი რამდენიმე წლის წინ ესპანეთის ეროვნულ საგანძურად აღიარეს, ამიტომ მისი გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია.
ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, რომლის ასაკიც 100 წელს აღემატება და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეროვნულ საგანძურად ცხადდება, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის კერძო საკუთრებაში. თუ მეპატრონეს მათი ქვეყნიდან გატანა სურს, ესპანეთის კულტურის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს.
პაბლო პიკასომ “ახალგაზრდა ქალის თავი” 1906 წელს დახატა, ნახატის ამჟამინდელი ღირებულება 26 მილიონი ევროა.
დატოვე კომენტარი