ესპანეთის მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის დასახმარებლად 4.3 მილიარდ ევროიანი გეგმა გამოაცხადა. ღონისძიებას, რომელზეც მთავრობის წევრები იყვნენ წარმოდგენილი, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილიც ესწრებოდა.
“ესპანეთის მთავრობა ტურიზმს ხსნის. ჩვენ მსოფლიოს ლიდერები ვართ და ამ კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა.
ტურიზმის ინდუსტრიის დახმარების პაკეტიდან დაახლოებით 2.5 მილიარდი ევრო საკრედიტო გარანტიით შესთავაზა მთავრობამ ტუროპერატორებს.
მთავრობა ასევე დაეხმარება კომპანიებს იპოთეკურ გადასახადებში 12 თვემდე პერიოდში და დაეხმარება ჯანდაცვის საჭირო ზომების მიღებასა და თანამშრომლების ტრეინინგებში.
“ტურიზმის სექტორის განახლებით და ამის ისე გაკეთებით, რომ დაცული იყოს ყველა მოწყვლადი ჯგუფი, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა, ესპანეთს შეუძლია დანარჩენ მსოფლიოს ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს. ქვეყანა დიდი ხანია გლობალური ტურიზმის ლიდერია და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სანჩესს ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმაში და ისეთი მაგალითის შექმნაში, რასაც სხვა ქვეყნები მიჰყვებიან“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ესპანეთი მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ხშირად მონახულებადი ქვეყანაა საფრანგეთის შემდეგ, რომელიც წლის განმავლობაში 80 მილიონზე მეტ ტურისტს იღებს.
პანდემიის გამო ტურიზმის სექტორიდან შემოსავლები ესპანეთში ოთხი თვის მანძილზე განახევრდა. სამხრეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე გახსნა საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის, თუმცა, ესპანეთი ამ მხრივ კვლავ ჩაკეტილია. ქვეყანა მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის 22 ივნისისთვის გაიხსნება.
დატოვე კომენტარი