ესტონეთი ქვეყანაში სწავლის მსურველი რუსი მოქალაქეებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გაცემას წყვეტს. ბალტიისპირეთის ქვეყნის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი ქმედება ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება რუსი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი სამუშაო უფლების მინიჭების შეწყვეტასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ბელარუსებსაც, რომელთაც ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყნიდან აქვთ მიღებული. საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებისთვის აუცილებელია. რუსული აგრესიის შეჩერებას კი დადებითი გავლენა ექნება ესტონეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზეც.
ესტონეთმა, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. უკრაინის შეჭრის შემდგომ, ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩევა რუსეთის მიმართ. მაისში ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო დიპლომატიის დამყარების მცდელობისთვისაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ ყველა ეცდება მასთან დაკავშირებას, პუტინი თავს იზოლირებულად ვეღარ იგრძნობს.
ომის დაწყების დღიდან ქვეყანა რუსული გაზისგან თავის დაღწევის განცხადებებითაც გამოდის. ესტონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოქალაქეებს რუსულ ჯარში გაწევრიანება აუკრძალა, უკრაინის თავზე კი აკრძალული ზონის შექმნას მხარი დაუჭირა.
დატოვე კომენტარი