ესტონეთის პრემიერი ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატად დასახელდა

ესტონეთის პრემიერი ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატად დასახელდა

ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატად დასახელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაია კალასმა უკვე მოიპოვა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა. მისი არჩევის შემთხვევაში კაია კალასი პოლიტიკურ-სამხედრო ბლოკის პირველი ქალი და პირველი აღმოსავლეთ-ცენტრალურევროპელი ლიდერი გახდება.

ცნობისთვის, ნატოს ახალი გენმდივნის თანამდებობაზე ასევე აქტიურად განიხილება ნიდერლანდების პრემიერის, მარკ რუტეს კანდიდატურაც. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მარკ რუტემ გერმანელებისა და ამერიკელების მხარდაჭერა დაკარგა. მათი ყურადღება კი კაია კალასმა მიიპყრო.

მარკ რუტეს კანდიდატურის დაწუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატოს მთავარი მოთხოვნა, თავდაცვაზე ქვეყნის მშპ-ის 2%-ის დახარჯვაა. მარკ რუტემ პრემიერობის 13 წლის განმავლობაში აღნიშნული ზღვარი ვერ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება კაია კალასს, ის ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად 2022 წლიდან განიხილებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთმა თავდაცვის ბიუჯეტი 2024-2027 წლისთვის მშპ-ის 3%-მდე გაზარდა.

ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი დაკავებულ თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს, მის ნაცვლად კი წევრმა სახელმწიფოებმა ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ. იენს სტოლტენბერგი ყველაზე დიდი სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელის პოზიციას 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იკავებს. მაშინ მან ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩაანაცვლა.

ნატოს გენერალური მდივანი კონსენსუსის საფუძველზე ინიშნება და მას 32-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. შეგახსენებთ, ბლოკს 32-ე წევრი, შვედეთი ახლახან შეუერთდა.