ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბუნებრივი აირის ფასის ლიმიტის დაწესების საკითხზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები ევროპული გაზის ბენჩმარკზე – Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 191 დოლარის ეკვივალენტია.
ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟაზე 108 ევროს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოში მისი ფასი 340 ევროს აღწევდა, რაც რუსული ენერგოკომპანიის, Gazprom-ის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული.
გასათვალისწინებელია, რომ Dutch TTF-ის საშუალო ფასი ათწლიან ჭრილში 10-20 ევროს ფარგლებშია, შესაბამისად, მისი ღირებულება წელს პრაქტიკულად გაათმაგებულია, რაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.
საყურადღებოა, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებთან და ნებისმიერი სახის ფასის ლიმიტი, იქნება ეს რუსულ თუ ევროპულ გაზზე – მიუღებელია.
დატოვე კომენტარი