ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოსაყენებლად პირველ ქმედით ნაბიჯებს დგამს. ამისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ პირველი კანონი უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, $323 მილიარდი გაყინეს. დებატები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ, დიდი ხანია, გრძელდება. შეერთებული შტატების იდეა – გაყინული აქტივების სრული კონფისკაციაა. თუმცა ევროკავშირის ლიდერები ამას დიდი იურიდიული რისკის მქონე გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
საინტერესოა, რომ გაყინული აქტივების 2/3 სწორედ ევროკავშირშია, რომელთა უმეტესობაც ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია.
ახალი კანონის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტორებს (CSD), რომელთა შორისაც Euroclear-იც შედის, წმინდა მოგების გამოყენება აეკრძალებათ, ისინი ვალდებულნი იქნებიან, რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები შეინახონ. კანონი ყველა იმ ინსტიტუტს შეეხება, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის $1.1 მილიონზე მეტი მოცულობის აქტივებს ფლობს.
ევროკავშირის პროგნოზით, მსგავსი პროცედურით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის $16.17 მილიარდის აკუმულირება გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინის დასახმარებლად $53.89 მილიარდი გამოიყოფა.
კრემლის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება არალეგალურად და გასაჩივრდება რუსეთის მიერ.