ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სომხეთში არდადეგების გატარების შესაძლებლობებზე ფიქრობენ. თუმცა, სომხეთის მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი, შავი ზღვის სანაპირო, შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. აღნიშნულ მოსაზრებას მედია eurasianet ავრცელებს.
გასულ წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს საქართველო ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახმელეთო და საჰაერო სივრცეები სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ყველა დაინტერესებული თუ ჩართული მხარისათვის ჩაიკეტა.
თუმცა ომის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველო თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით წასულ სამხედრო ტვირთს საკუთარ ტერიტორიაზე გავლის უფლებას აძლევდა. შესაბამისად, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სომეხი მოსახლეობის მხრიდან დასასვენებლად საქართველოში ჩამოსვლისაგან თავშეკავების მიზეზი.
გარდა ამისა, იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ საქართველო ბლოკავდა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია უარყო სომხეთის საელჩომაც საქართველოში.
სომხურ სოციალურ მედიაში აქტიურად საუბრობენ მოსახლეობის მხრიდან საქართველოში ვიზიტისაგან თავის შეკავებაზე. საქართველოს საზღვაო კურორტები: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი სომხებისათვის ათწლეულების განმავლობაში ხელმისაწვდომ და სასურველ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. სომეხი ტურისტების ჩასვლით მოგებას ადგილობრივი მოსახლეობაც ნახულობდა, რადგან სომეხი ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს საკმაოდ დიდი იყო.
საქართველოს სახმელეთო საზღვარი სომხეთისათვის 1 ივლისიდან გაიხსნა. მატარებლით საქართველოში მოხვედრა კი სომხეთის მოსახლეობას 15 ივნისიდან შეუძლია.
დატოვე კომენტარი