EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებები

EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებები

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში გერმანია, ტურნირის სამგზის გამარჯვებული უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება 14 ივნისს აიღებს სტარტს და ერთი თვის შემდეგ, 14 ივლისს, ფინალური მატჩით დაიხურება.

EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპისთვის გუნდები უკვე განაწილებულია. საინტერესოა, როგორია განსხვავება ტურნირში მონაწილე ნაკრებების ღირებულებას შორის?

UEFA-ს ევროპის ჩემპიონატში საერთო ჯამში 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 21 უკვე გამოვლენილია, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 8.85 მილიარდ ევროს შეადგენს. სამი კი შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. თუმცა ეს EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების ათეულზე გავლენას არ მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ EURO 2024-ზე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს ამ დროისთვის ორი ფეხბურთელი იყოფს, ფრანგი კილიან მბაპე და ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელთა საბაზრო ღირებულებაც 180 მილიონ ევროს უტოლდება.

გუნდებს შორის კი პირველობას არავის უთმობს ინგლისის ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირზე 23 ფეხბურთელით იასპარეზებს. მათი საერთო საბაზრო ღირებულება 1.15 მილიარდ ევროს შეადგენს. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეების საშუალო ასაკი 26.7 წელია, გუნდის ფეხბურთელის საშუალო ღირებულება კი 49.98 მილიონ ევროს უტოლდება.

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, €1.06 მილიარდით სიაში მეორე ადგილს სჯერდება. ის EURO 2024-ზე 22 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი, რომელთა საშუალო ასაკი 26.8 წელია. ნაკრების მოთამაშის საშუალო ღირებულება კი 48.27 მილიონ ევროს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ EURO 2024-ის მონაწილე ნაკრებებიდან საბაზრო ღირებულებით 1 მილიარდ ევროს მხოლოდ ზემოხსენებული ორი ქვეყნის გუნდი აჭარბებს. ტურნირის უკვე გამოვლენილი 21 გუნდიდან კი ყველაზე დაბალი, €81.15-მილიონიანი საბაზრო ღირებულება რუმინეთის ნაკრებს აქვს. ეს რიცხვი 26 ფეხბურთელის ფასს მოიცავს.

EURO 2024-ის ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები:

  1. ინგლისი – 23 ფეხბურთელი – €1.15 მილიარდი
  2. საფრანგეთი – 22 ფეხბურთელი – €1.06 მილიარდი
  3. პორტუგალია – 27 ფეხბურთელი – €945.8 მილიონი
  4. ესპანეთი – 25 ფეხბურთელი – €902 მილიონი
  5. გერმანია – 24 ფეხბურთელი – €654 მილიონი
  6. იტალია – 28 ფეხბურთელი – €610.5 მილიონი
  7. ნიდერლანდები – 22 ფეხბურთელი – €503 მილიონი
  8. ბელგია – 23 ფეხბურთელი – €477.8 მილიონი
  9. დანია – 22 ფეხბურთელი – €333 მილიონი
  10. ხორვატია – 24 ფეხბურთელი – €298.2 მილიონი

*მონაცემები აღებულია transfermarkt.com-იდან.