ევროპის მასშტაბით, ქვეყანათა ნაწილში მოქმედი შედარებით მკაცრი რეგულაციები ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის ამ ტერიტორიებზე მცირე თუ საშუალო ბიზნესის წამოწყებას ართულებს. თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც ერთნაირად ღიაა ბიზნესის დაწყების მსურველი როგორც შიდა, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.
კორონავირუსისა და ენერგოკრიზისის შედეგებთან გასამკლავებლად, ევროპა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საჭირო ზომებს იღებს. დაფინანსებისა და მხარდაჭერის არსებული სქემები მოიცავს „ერთიანი ბაზრის პროგრამას“, „ევროპის დაკავშირების ფონდსა“ (CEF) და „ჰორიზონტი ევროპას“. დამატებით არის შემსწავლელი ინსტრუმენტები, მათ შორის „ევროპის საწარმოთა ქსელი“ და „ერასმუსი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის“.
Statista-ს მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირში 24.4 მილიონამდე მცირე და საშუალო საწარმო (SMEs) აღირიცხებოდა, სადაც დასაქმებული იყო დაახლოებით 85 მილიონი ადამიანი. აღნიშნული საწარმოები კონტინენტზე მოქმედი ბიზნესის საერთო რაოდენობის 99.8%-ს შეადგენენ.
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის სიმარტივის ინდექსი“, ათ ძირითად პარამეტრს ასახელებს, ესენია: სამშენებლო ნებართვების მიღება, ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, გრანტების მიღება, აქციათა მცირე პაკეტის მქონე ინვესტორების დაცვა, გადასახადების გადახდა, საზღვრებშორისი ვაჭრობა, ხელშეკრულებების მიღება, გადახდისუუნარობასთან გამკლავება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა შესაძლოა საუკეთესო არ იყოს ყველა კატეგორიაში, Euronews-მა ევროპის ხუთი სახელმწიფო გამოავლინა, სადაც ბიზნესის დაწყება ყველაზე მარტივია.
ირლანდიის რესპუბლიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია ბიზნესის დასაწყებად – მაღალი შემოსავლის მქონე, ციფრულად განვითარებული ეკონომიკის წყალობით. 1Office-ის მონაცემებით, ქვეყანაში სმარტფონების გამოყენება 90%-ს აღწევს, ხოლო საყოფაცხოვრებო ინტერნეტზე წვდომა 92%-ს აქვს, რაც კარგი საფუძველია ტექნოლოგიური და ციფრული პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესის დასაწყებად.
Enterprise Ireland-ი ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტარტაპში ახდენს ინვესტირებას. მეწარმეებს გაერთიანებული სამეფოდან, ისლანდიიდან, შვეიცარიიდან და ევროკავშირიდან, სპეციალური ნებართვა ან ვიზა არ სჭირდებათ ირლანდიაში მაღაზიის გასახსნელად. ქვეყანა მიესალმება დისტანციური კომპანიის შექმნას და რეგისტრაციასაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადის განაკვეთი – 12.5, და ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება დაახლოებით 72 ქვეყანასთან.
აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარული ახალი ბიზნესჰაბია ბულგარეთი. ქვეყანა მიმზიდველია კომპანიის შექმნასთან დაკავშირებული შედარებით ნაკლები ბიუროკრატიით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდება. ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო კორპორაციული გადასახადი მხოლოდ 10%-ია. უცხოურ კომპანიებს ქვეყანაში მიწის შესყიდვაზე სამართლებრივი შეზღუდვა არა აქვთ და მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფარვა უწევთ რეგულაციების შემდეგ. შესაძლებელია კომპანიების დისტანციური რეგისტრაციაც.
ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯებიც დაბალია, არის როგორც მაღალკვალიფიციური, ასევე შედარებით იაფი მუშახელიც. ბულგარეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და წვდომა აქვს ევროპის ერთიან ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს კორუფცია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ნიდერლანდები ევროკავშირში სიდიდით მეხუთე ეკონომიკაა. მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით €918.7 მილიარდია, რაც ევროკავშირის ეკონომიკის 5.96%-ს შეადგენს. ნიდერლანდებს გამოარჩევს ბიზნესის მხარდაჭერის სქემები, საგადასახადო შეღავათები და მაღალკვალიფიციური მუშახელი. მთავრობა საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, უცხოელი ტალანტების ხელფასის 30% გადასახადების დაკავების გარეშე გადაიხადონ. ასევე მთავრობა ხელს უწყობს კვლევებს, ახალი, ინოვაციური პროდუქტების განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას.
მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის წყალობით, შვედეთი მეორეა Network Readiness Index 2020-ის ანგარიშში. ინდექსი ქვეყნის ციფრულ მზადყოფნას საზღვრავს და ადგენს, თუ რამდენადაა ხალხი, ბიზნესი და მთავრობა მზად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების სრულად გამოყენებისთვის. შვედეთი ერთ-ერთი მთავარი ცენტრია სტარტაპებისთვისაც, ქვეყნის ყველაზე ცნობილ კომპანიებს შორის კი ვხვდებით Ericsson-ს, Astra Zeneca-ს, Volvo-სა და Spotify-ს. ქვეყანას მიმზიდველობას მატებს კორუფციის დაბალი დონე და სტაბილური მთავრობა. შვედეთი გამორჩეულია თავისი ძლიერი სამშენებლო სექტორითაც.
ბრიტანეთის ბიზნესბანკის მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში 360 ათასამდე ახალი ბიზნესი იქმნება. კომპანიის შექმნა აქ შედარებით სწრაფი, მარტივი და იაფი პროცესია. საფოსტო განაცხადების დამუშავება ხდება 8-დან 10 დღემდე პერიოდში, ხოლო ონლაინგანაცხადების – 24 საათში. ბრიტანეთი მიმზიდველია მრავალფეროვანი ეკონომიკითა და სამუშაო ძალით. ბიზნესის დაწყებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც მოგება დაბალია, ქვეყანა მეწარმეებს ხელშეწყობის პროგრამებსაც სთავაზობს. ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს, აქტივების გაყიდვით მიღებულ შემოსავალთან მიმართებით, მოქმედებს საგადასახადო შეღავათებიც.