ევროკავშირის სტატისტიკის ბიურო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საგამომცემლო ინდუსტრიის შესახებ საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს: 2011-2021 წლებში, წიგნების ფასმა 12%-ით იმატა, მაშინ, როცა სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასი 14%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სტატისტიკის ბიურო მონაცემებს ჟანრობრივ ლიტერატურაზეც აგროვებს, ოღონდ 2016 წლიდან: ამგვარად, 2016 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ელექტრონული წიგნების ფასი 12%-ით გაიზარდა, ხოლო მხატვრული ლიტერატურისა – 6%-ით. სხვაგვარ ტენდენციას ინარჩუნებს სასწავლო ლიტერატურა – მისი ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა.

ევროკავშირის სტატისტიკის ბიურო ინფორმაციას წიგნების ექსპორტსა და იმპორტზეც ავრცელებს: 2020 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა მათ ფარგლებს გარეთ €1.7 მილიარდის ღირებულების წიგნები გაიტანეს, ხოლო €1.5 მილიარდისა შემოიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებელი საკმაოდ სტაბილური იყო. ამ სფეროს წამყვანი ქვეყნები გერმანია (ექსპორტი – €535 მილიონი; იმპორტი – €284 მილიონი), საფრანგეთი (ექსპორტი €291 მილიონი; იმპორტი – €220 მილიონი) და ესპანეთი (ექსპორტი – €183 მილიონი; იმპორტი – €147 მილიონი) არიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ევროკავშირის შიდა ბაზარზე €4.6 მილიარდის ნაბეჭდი წიგნები გაიყიდა, რაც თავისთავად, შემცირების ტენდენციის ბუნებრივი გაგრძელებაა – ერთ წელიწადში წიგნის გაყიდვებმა 15%-ით იკლო. ცნობისთვის, 2008 წელს ევროკავშირის შიდა ბაზარზე €7 მილიარდი ევროს წიგნები გაიყიდა, ხოლო 2019 წელს – €5.4 მილიარდისა.

თავისთავად ცხადია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა საგამომცემლო ინდუსტრიაზეც იქონია. თუმცა, ეს გავლენა მხოლოდ ნეგატიური არ ყოფილა: აი, გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად, პირველი ლოქდაუნის დროს, გამოკითხულთა 41%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მეტს კითხულობდა. 2020 წელს, მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა გერმანიაშიც, სადაც, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ერთი ნაბეჭდი წიგნი მაინც შეიძინა.
მთავარი ფოტო: ELAINE CHUNG
დატოვე კომენტარი