EV-ების მწარმოებელი Rimac-ი კონკურენტებისთვის ნაწილების დასამზადებლად 500 მილიონ ევროს დახარჯავს

EV-ების მწარმოებელი Rimac-ი კონკურენტებისთვის ნაწილების დასამზადებლად 500 მილიონ ევროს დახარჯავს

ელექტრომობილების ხორვატიულმა მწარმოებელმა, Rimac Group-მა ინვესტორებისაგან 500 მილიონი ევრო მოიზიდა. 1900 ცხენისძალის მქონე სპორტული ელექტრომობილის, Nevera-ს შემქმნელმა აღნიშნული თანხა Goldman Sachs-ის, Porsche-სა და SoftBank-ისაგან მიიღო. ინვესტიციის მიღების შემდეგ Rimac-ის ღირებულება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ახალი ინვესტიციის დიდი ნაწილი ელექტრომობილების ნაწილების დამზადებას მოხმარდება. თუმცა, ამის პარალელურად Rimac-ი კვლავ განაგრძობს 2.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Nevera-ს წარმოებას, რომელსაც Porsche-სთან თანამშრომლობით ამზადებს.

ელექტრომობილების მწარმოებლის ახალმა ბიზნესგეგმამ უკვე მიიქცია ავტოინდუსტრიის წარმომადგენელთა ყურადღება და პირველი მომხმარებლების სიაც გამოიკვეთა. როგორც ჩანს, Rimac-ის მიერ დამზადებულ ნაწილებს Ferrari, Hyundai, Jaguar-ი, Mercedes-Benz-ი, Porsche და Renault გამოიყენებენ.

Rimac-ის განცხადებით, ინვესტიციის გარკვეული ნაწილი 700 ახალი თანამშრომლის დასაქირავებლად დაიხარჯება. გარდა ამისა, ავტომწარმოებელი ევროპაში რამდენიმე ახალი ოფისის გახსნასა და ზაგრებში სათავო ოფისის აშენებას გეგმავს.

Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სათავო ოფისი, რომელიც საწარმოთი, საწყობითა და ლაბორატორიებითაც იქნება წარმოდგენილი, ხორვატიაში ყველაზე დიდი შენობა იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *