პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ეკონომისტები და ფინანსისტები იხრებიან პოზიციისკენ, რომ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლა დიდი პრობლემა არ იქნებოდა. 2011–12 წლებში დამოკიდებულება სხვაგვარი იყო: ბერძნული კოლაფსი მსოფლიო ფინანსური სისტემის დიდ ნაწილს შეიწირავდა. დღეისთვის საბერძნეთის სახელმწიფოს კერძო სექტორში თითქმის მხოლოდ სპეკულატორების ვალი აქვს. ყველა დანარჩენს საკმარისი დრო ჰქონდა „გრეკზიტისთვის“ (საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა) და მისი შესაძლო შედეგებისთვის მოსამზადებლად. ასეთ სცენარს ევროკავშირის მთავრობები მიესალმებოდნენ კიდევაც: უბედურება, რომელსაც ეს ნაბიჯი საბერძნეთს მოუტანდა, მწარე, მაგრამ საჭირო გაკვეთილი იქნებოდა ბერძენი ამომრჩევლისთვის. ისინი ნახავდნენ, რა ხდება პოპულისტური სიმღერებისა და ლოზუნგების ფონზე ექსტრემისტული პარტიის არჩევისას, რომელიც მათ საბიუჯეტო მარწუხებისგან გათავისუფლებასა და უხვ ხარჯვას ჰპირდება.
მართალია, ბერძნული კოლაფსის ეკონომიკური შედეგები მეტწილად ამავე ქვეყნით შემოიფარგლება, მაგრამ ასეთი სცენარი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დიდ ევროპულ ოცნებასაც შეარყევს – ერთიანი ბედნიერი სივრცის შექმნის ოცნებას, სადაც აღარასოდეს მოხდება დამანგრეველი ომი ან სხვა კატასტროფა. ევროპამ უდავოდ დიდი გზა გაიარა 1940-იანებიდან მოყოლებული, რომელიც ევროს შემოღებით დაგვირგვინდა.
ევროპაში გავრცელებული ეტატისტური მენტალობა (სახელმწიფოს გადაჭარბებული როლისკენ სწრაფვა) მუდმივად ქმნიდა შიდა დაძაბულობას. კონტინენტური ინიციატივები ხშირად ზევიდან ქვევით ინერგებოდა, საზოგადოებრივი განწყობების უგულებელყოფით, რამაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა ექსტრემისტული პარტიების აღმოცენებისთვის. ბრიუსელში მდებარე ევროკომისია ერთგვარი ბიუროკრატიული მახრჩობელაა, რომელიც აბსურდულ რეგულაციებს ბადებს, ბანანის რაობის დადგენის ჩათვლით, და კორუფციისკენ არის მიდრეკილი.
ამ პრობლემების მიუხედავად, გასული საუკუნის მასშტაბის ომი – რომ არაფერი ვთქვათ უფრო ადრინდელ ეპოქებზე – ბოლო ათწლეულების მანძილზე სრულიად წარმოუდგენელი იყო.
გამორჩეულად ცუდი მმართველობის წყალობით, დღეს უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული წესრიგიც სასიკვდილო საფრთხეშია, რაც შესაძლოა რთულად წარმოსადგენი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებით დასრულდეს.
პრობლემის სათავე არც საბერძნეთი და არც პუტინის მიერ უკრაინის აოხრება და ყირიმის მიტაცებაა. პრობლემა ისაა, რომ ევროპის ლიდერებმა არ იციან, რა გააკეთონ. 1930-იანებიდან მოყოლებული, მმართველები არასოდეს გამოიყურებოდნენ ამდენად უსუსურად, ამდენად უკონტროლო მოვლენების ფონზე.
როგორც Forbes-ის მესვეტე დევიდ მალპასი აღნიშნავს, 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან მოყოლებული, ევროპის მთავრობები ძირითადად კერძო სექტორის მეტი დაბეგვრითა და ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ მოქმედი მეტი რეგულაციით ცდილობენ სირთულეების გადალახვას. ისევე როგორც საბერძნეთში, სამთავრობო სერვისების ნაწილი უქმდება, მაგრამ მთლიანობაში მთავრობები იზრდება (ან, მინიმუმ, არ მცირდება), მაშინ როცა ყველაფერი დანარჩენი ზარალდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი დიდი ბრიტანეთია, სადაც მოქმედმა ხელისუფლებამ უაღრესად გაბერილ საჯარო სექტორში მილიონამდე სამუშაო ადგილი გააუქმა. ამან, მოგების გადასახადის 20%-მდე შემცირებასა (რომელიც აშშ- ში თითქმის 40%-ია) და საშემოსავლოს ზედა ზღვრის ცოტათი მაინც დაწევასთან (50-დან 45%-მდე) ერთად, ქვეყნის ეკონომიკას სხვა ქვეყნების უმრავლესობაზე სწრაფად ზრდის საშუალება მისცა.
მთავრობები არ არიან ერთადერთი დამნაშავეები: ცენტრალურმა ბანკებმა გაურთულეს სხვა ბანკებს კერძო სექტორისთვის მოქნილად სესხება.
ევროპაში თითქმის არ გაუტარებიათ შიდა სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ბუნებრივ, სამუშაო ადგილების შემქმნელ ზრდას წარმოშობდა და ევროექსპერიმენტის უდარდელობის გარსს დაიცავდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ევროპას არ შეუძლია საკუთარი თავის გადარჩენა.
პრობლემის გადაწყვეტა კვლავ აშშ-ს მოუწევს, ოღონდ არა ნორმანდიის სანაპიროზე, არამედ დადებითი მაგალითის ძალით, რისი შანსიც ორ წელიწადში, საპრეზიდენტო არჩევნებზე გვექნება. რონალდ რეიგანმა ეს გზა 1980-იანებში, თავისი რეფორმებით გვაჩვენა. ამ რეფორმებს სწრაფად მიბაძეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რამაც არა მხოლოდ გლობალური კეთილდღეობის ზრდა, არამედ ცივ ომში გამარჯვებაც მოიტანა.
დატოვე კომენტარი