დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირისგან საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. სლოვენიაში მიმდინარე სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსმა ქვეყანამ შესაძლოა ბლოკში გაწევრიანების თაობაზე გარანტიებიც მიიღოს.
სლოვენიაში ევროკავშირის სამიტი გუშინ დაიწყო და ბლოკის წევრებს საშუალება მიეცათ, საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თემა და ამის ფონზე, საერთაშორისო არენაზე ორგანიზაციის მომავალი განეხილათ. თუმცა, დღევანდელი სამიტის მთავარი თემა დასავლეთ ბალკანეთის წევრი ექვსი ქვეყანაა, რომლებიც წლებია ორგანიზაციისგან წევრობაზე თანხმობას ელიან. ევროკავშირის გაფართოება ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროსა და სერბეთს მოიცავს.
ევროკავშირის განცხადების დოკუმენტის თანახმად, ბლოკის წევრები დაადასტურებენ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანებისადმი ერთგულებას. ამის მიუხედავად, დოკუმენტი ბლოკში მიღების კონკრეტულ თარიღს კვლავ არ ასახელებს, რაც ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას. ერთი, რომ თავად წევრობის მსურველი ქვეყნები არ არიან მზად და კვლავ სჭირდებათ რიგი რეფორმები და მეორე თავად ევროკავშირს ეხება, რადგან ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ქვეყანა თვლის, რომ ახალი ქვეყნების ინტეგრაციის დრო ჯერ არ დამდგარა.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკში წევრობაზე საბოლოო თანხმობას ვერ მიიღებენ, ახალი პარტნიორების ძებნა უკვე დაიწყეს. ასევე, რამდენიმე ქვეყანამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიღების თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ჰპირდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება მათ კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში და ინვესტიციებით ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასაც უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი სიფრთხილით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ალბანეთის ბლოკში გაერთიანებას ეკიდებიან, რაც ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემებით არის გამოწვეული. ალბანეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წევრებს შორის დისკუსია 2020 წლის მარტიდან მიმდინარეობს, ბლოკის ზოგიერთი წევრი კი კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არაა. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ალბანეთის წარმომადგენელი აღნიშნავს, ნარკოტიკებით ვაჭრობა არა ნაციონალური, არამედ საერთაშორისო პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის წევრების საერთო ძალისხმევაა აუცილებელი.