ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისა და საქართველოსთან კავშირის გაუმჯობესების მიზნით, წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. 1,100 კილომეტრზე გადაჭიმული კაბელი შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კავკასიასთან დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება.
ევროკომისიის პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ახალი პროექტი გლობალური მონაცემების გადამცემი ინფრასტრუქტურის დაუცველობასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე, „რუსეთის გავლით არსებულ სახმელეთო ბოჭკოვან ტრანზიტზე დამოკიდებულებას შეამცირებს“. როგორც ცნობილია, ევროკავშირი და საქართველო, ქვეყნის ციფრული კავშირის გაუმჯობესების მიზნით, წყალქვეშა კაბელის პროექტის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2021 წელს შეთანხმდნენ. თემის აქტუალობა კი განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გაიზარდა, რადგან ევროკავშირს არ სურს, იყოს დამოკიდებული კავშირებზე, რომლებიც არ იქნება უსაფრთხო და სტაბილური.
პროექტი ევროკომისიის „გლობალური კარიბჭის ინიციატივის“ ნაწილია და განვითარებად ქვეყნებს Belt and Road-ისა და „ციფრული აბრეშუმის გზის ინიციატივის“ ალტერნატივას სთავაზობს. ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტისთვის 20 მილიონი ევროს გრანტი გამოყოს.
ცნობისთვის, კონტინენტთაშორისი ინტერნეტტრაფიკის დაახლოებით 99%, 1.4 მილიონ კილომეტრზე გადაჭიმული ოთხასზე მეტი აქტიური წყალქვეშა კაბელის საშუალებით გადაიცემა. რუსეთი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი მარშრუტებიდან, რომლის საშუალებითაც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა პაკეტები გადაიცემა, ამავდროულად კი, ქვეყანა განუყოფელი ნაწილია აზიისა და კავკასიის გარკვეული ნაწილისთვის, რაც, ევროკავშირის პოლიტიკოსთა აზრით, ბლოკის ქვეყნებს ერთ სახელმწიფოზე ზედმეტად დამოკიდებულს ხდის.
აღსანიშნავია, რომ Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებასაც გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს.