რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ევროპის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ომის საპასუხოდ ევროკავშირის ქვეყნები წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას უფრო აქტიურად ცდილობენ, რისთვისაც სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა დეკარბონიზაციასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლა დააჩქარა.
მთლიანობაში ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ბლოკის მიერ მოხმარებული ენერგიის 82% სუფთა წყაროებიდან იქნება მიღებული. თუმცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების პროცესს აჩქარებს და ათწლეულის ბოლომდე 100%-ით სუფთა ენერგიის გამოყენების მიზანს ისახავს. აღნიშნულ ინფორმაციას ენერგეტიკული კვლევითი ცენტრი Ember-ი ავრცელებს.
პორტუგალია
ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარების შესახებ პორტუგალიამ აპრილში განაცხადა. ევროკავშირის სახელმწიფო, თავდაპირველ გეგმაზე ოთხი წლით ადრე, 2026 წელს აპირებს, რომ ქვეყანაში წარმოებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილი 80%-მდე გაზარდოს. ცნობისთვის, ამჟამად პორტუგალია ელექტროენერგიის 60%-ს სუფთა წყაროებიდან იღებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეცაა ევროპაში.
პორტუგალია, ევროპის ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ისტორიულად რუსულ გაზზე დამოკიდებული არც ყოფილა. ბუნებრივი აირის ძირითად მიმწოდებლებს პორტუგალიისთვის ნიგერია და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდნენ. სახელმწიფო 2021 წლის ბოლოს, ნახშირზე მომუშავე უკანასკნელი ელექტროსადგურის დახურვის შემდგომ, ნახშირზე დამოკიდებულებისგანაც გათავისუფლდა.
ამ ყველაფერთან ერთად კი, პორტუგალიის უმსხვილესი კომუნალური კომპანია EDP-ი, ათწლეულის ბოლომდე სრულად განახლებადი ენერგიის მიწოდებაზე გადასვლას გეგმავს. Ember-ის განცხადებით, ეს ყველაფერი პორტუგალიას 2030 წლისთვის წიაღისეული საწვავისგან თავისუფალ სახელმწიფოდ აქცევს.
ნიდერლანდები
მიმდინარე წლის დასაწყისში, Oliver Wyman-ის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, ნიდერლანდები ევროპაში ენერგეტიკული ტრანზიციის მიმართულებით ლიდერ სახელმწიფოდ დასახელდა. ათწლეულის ბოლომდე ნიდერლანდების მიზანია, გააორმაგოს ოფშორული ქარის ელექტროენერგიის გამომუშავება, ხოლო 2050 წლისთვის ჩრდილოეთ ზღვაში 150 გიგავატი ელექტროენერგიის წარმოება შეძლოს, რაც 230 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებისთვის იქნება საკმარისი.
მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნიდერლანდებზე გარკვეულწილად მაინც იმოქმედა. 2022 წლის დასაწყისში ნიდერლანდები ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული დეფიციტის ასანაზღაურებლად, იძულებული გახდა, ქვანახშირის გამოყენებას დაჰბრუნებოდა.
როგორც ვთქვით, ნიდერლანდები ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც 2030 წლისთვის 100%-ით სუფთა ენერგიის გამოყენებას ისახავენ მიზნად, თუმცა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. ცნობისთვის, სუფთა ენერგია მოიცავს ელექტროენერგიის ყველა წყაროს, რომლებიც არ გამოყოფს CO2 ემისიებს. შესაბამისად, მზისა და ქარის განახლებადი წყაროების გარდა, სუფთა ენერგიაში ბირთვული ენერგიაც ერთიანდება.
ნიდერლანდების განახლებადი ენერგიის სამიზნე ნიშნული 2030 წლისთვის საკმაოდ მაღალია და 97%-ს შეადგენს.
დანია
უკრაინის ომის საპასუხოდ, დანიის მთავრობა ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ნულოვან ნიშნულამდე შემცირებასა და მზისა და ქარის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ოთხჯერ გაზრდას გეგმავს. საინტერესოა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მოკლევადიან პერსპექტივაში გაზარდოს ბუნებრივი აირის წარმოება და ამით ევროპას რუსული წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. დანიის განცხადებით, მათი გრძელვადიანი გეგმები ბუნებრივი აირის წარმოების შეწყვეტის შესახებ კვლავ უცვლელია.
სუფთა წყაროებიდან წარმოებული ენერგიის გაზრდით, დანიას სურს, განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი გახდეს. გარდა ამისა, 2030 წლისთვის ქვეყანა 100%-ით განახლებადი ენერგიის წარმოებაზე გადასვლას ისახავს მიზნად.
ავსტრია
2021 წელს ავსტრიის ეროვნულმა პარლამენტმა „განახლებადი ენერგიის წყაროების გაფართოების აქტი“ (EAG) დაამტკიცა. EAG-ის მიზანია, ქვეყანამ ათწლეულის ბოლომდე 100%-ით განახლებადი ელექტროენერგია გამოიყენოს.
დაახლოებით €260-მილიონიანი ინვესტიცია მზის დახმარებით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ერთი მილიონი სახურავის განთავსებას, ქარისა და ჰიდროენერგიის გაზრდას მოხმარდება. სუფთა ტექნოლოგიების მხარდაჭერისთვის €1 მილიარდის სპეციალური გრანტებიც გამოიყოფა, რაც ათწლეულის ბოლომდე წლიურად განახლებადი ენერგიის გაფართოებაზე დაიხარჯება.
დატოვე კომენტარი