ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გუშინ საბოლოო თანხმობა განაცხადეს კრიპტოინდუსტრიისათვის მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი რეგულაციების დაწესებაზე. კრიპტოაქტივების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევით ევროკავშირი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისაკენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთსაც უბიძგებს.
საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს. რეგულაციების საკანონმდებლო ჩარჩოს კი მწვანე შუქი ევროპარლამენტმა აპრილში აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, რეგულაციები ძალაში 2024 წლიდან შევა.
კრიპტოინდუსტრიის რეგულირება მთავრობების დღის წესრიგში განსაკუთრებით აქტიურად ცნობილი კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრების შემდეგ დადგა. შვედეთის ფინანსთა მინისტრის, ელისაბეთ სვანტესონის განცხადებით, კრიპტოაქტივების რეგულირება ევროპულ სახელმწიფოებს კრიპტოვალუტების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების პრევენციის შესაძლებლობას მისცემს.
ევროკავშირის ახალი წესების თანახმად, კომპანიას, რომელსაც უნდა, რომ ბლოკის 27 წევრ ქვეყანაში გამოსცეს, ივაჭროს და შეინახოს კრიპტოვალუტები, შესაბამისი ლიცენზიის მიღება მოუწევს.
ფინანსთა მინისტრების განმარტებით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისათვის, კრიპტოტრანზაქციების კონტროლი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. შესაბამისად, მათი შეთანხმების თანახმად, 2026 წლის იანვრიდან სერვისის პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან, კრიპტოაქტივების გამგზავნისა და მიმღების შესახებ ინფორმაცია მიიღონ გადარიცხული თანხის ოდენობის მიუხედავად. გარდა ამისა, ახალი წესები კრიპტოაქტივების დაბეგვრის საერთო სისტემის შემოღებასაც ითვალისწინებს.