ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირში გამგზავრების მსურველ რუსეთის მოქალაქეებზე ზოგადი სავიზო წესები გავრცელდება.

შედეგად, სავიზო მოსაკრებელი 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. ამასთან, ვიზის მისაღებად საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაიზრდება ვიზის გაცემის დრო და უფრო მეტი შემზღუდველი ზომა იმოქმედებს მრავალჯერადი ვიზების გაცემაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ წარდგენილი გეგმა არ ითვალისწინებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას – ის ვიზების მიღების პროცედურის გართულებაზე და მონიტორინგის პროცესის გამკაცრებაზეა მიმართული.

„გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება სანდო ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში პრივილეგირებული შესვლის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომით და აგრესიით, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებით, რუსეთმა დაკარგა ეს ნდობა და ჩვენი საერთაშორისო ფუნდამენტური ღირებულებები ფეხქვეშ გათელა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის მორიგი მტკიცებულება“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის 1 ივნისიდან მოქმედებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *