ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საზოგადოებას უკრაინასა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ ოფიციალურად ამცნო. აღნიშნულის შესახებ შარლ მიშელმა და ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს.
რაც შეეხება საქართველოს, შარლ მიშელის განმარტებით, „ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა კიდევ ერთხელ ოფიციალურად აღიარა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“.
„ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს – პერსპექტივა.
„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. ის ასევე სტატუსის მიღებას ულოცავს უკრაინას და მოლდოვას.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებიც.
„გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, მიანიჭონ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. მხარდაჭერის გამო, მადლიერი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის ლიდერების. უკრაინის მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული“ – ვკითხულობთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა მაია სანდუმაც: „ ისტორიული დღეა მოლდოვისთვის. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. ეს მხარდაჭერის ცალსახა და ძლიერი სიგნალია ჩვენი მოქალაქეებისა და მოლდოვის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ და მზად ვართ, განვაგრძოთ რეფორმების გზაზე წინსვლა.“
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც: „დღეს კარგი დღეა ევროპისთვის, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ სანდუს. თქვენი ქვეყნები ევროპული ოჯახის ნაწილია. დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ლიდერების მხრიდან ამას ადასტურებს… ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. და ეს აძლიერებს ევროკავშირს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ძლიერი გარე საფრთხეების წინაშე.“
დატოვე კომენტარი