ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიაღწიეს დროებით შეთანხმებას, იძულებითი შრომით დამზადებული პროდუქტების ევროპულ ბაზარზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით. შეთანხმება ავალდებულებს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, გამოავლინონ კომპანიები, რომლებიც დასაქმებულთა იძულებით შრომით ექსპლუატაციას ეწევიან და აკრძალონ მათი პროდუქცია.
ბელგიის ეკონომიკისა და შრომის მინისტრის, პიერ-ივ დერმანის განცხადებით, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული გარიგება მსგავსი კომპანიების ბიზნესმოდელის დარღვევას ისახავს მიზნად. „ამ რეგულაციით, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამ კომპანიების პროდუქცია არ მოხვდება ერთიან ბაზარზე, არა აქვს მნიშვნელობა, ის დამზადებულია ევროპაში თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა.
ახალი აკრძალვები იმოქმედებს ევროკავშირის გარეთ, იძულებითი შრომით დამზადებულ საქონელზე. ასევე იმ პროდუქციაზე, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში, უცხოეთიდან მიღებული მსგავსი ტიპის პროდუქციითაა წარმოებული. ძალაში შესვლისთვის, დროებითი შეთანხმება ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.
იძულებითი შრომით დამზადებული პროდუქციის აკრძალვამ შესაძლოა ჩინეთთან არსებული სავაჭრო დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს. 2022 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სინძიანიდან ყველანაირი იმპორტი აკრძალა. ვაშინგტონი პეკინს სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღური მუსლიმების შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. რეგიონიდან ევროკავშირი დიდი რაოდენობის მზის პანელების იმპორტს ახორციელებს, აქვე ფუნქციონირებს Volkswagen-ის მანქანების მწარმოებელი ქარხანა.
ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, მხოლოდ ჩინეთის შეზღუდვა ორგანიზაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანტიდისკრიმინაციული წესების დარღვევა გამოიწვიოს.
დატოვე კომენტარი