ევროკავშირის მასშტაბით, ქარის ტურბინებიდან და მზის პანელებიდან წარმოებულმა ენერგიამ ბუნებრივი აირის გამომუშავებას პირველად გადააჭარბა. დამოუკიდებელი ენერგეტიკული ანალიტიკური ცენტრ Ember-ის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში, ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებით ევროკავშირმა ელექტროენერგიის რეკორდულ 22%-ს მიაღწია, ბუნებრივი აირის წარმოებამ კი მხოლოდ 20% შეადგინა.
განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ზრდით, ევროკავშირმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული €10 მილიარდის ხარჯებიც აიცილა თავიდან. განახლებადი ენერგიის ზრდაში ყველაზე დიდი წილი მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიაზე მოდის, რომელიც 24%-ით გაიზარდა და, გასულ წელთან შედარებით, დამატებით 39 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას აწვდიდა ევროკავშირს. აღსანიშნავია, რომ ბლოკის, სულ მცირე, ოც ქვეყანაში მზის ენერგიის წარმოებამ რეკორდულ წილს მიაღწია.
როგორც Ember-ის ანალიზიდან ირკვევა, გასულ წელს ყველაზე ნახშირბადინტენსიური წიაღისეული საწვავის, ქვანახშირის გამოყენება 1.5%-ით გაიზარდა და ევროკავშირის მთლიანი ელექტროენერგიის 16% შეადგინა. თუმცა ზრდა ხანმოკლე აღმოჩნდა და წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად შემცირდა. პარალელურად კი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ბირთვული და ჰიდროელექტროსადგურებიდან წარმოებული ენერგიის მაჩვენებელი, რაც 2022 წლის მშრალმა ამინდებმა, მდინარეების დონის კლებამ და ბირთვული რეაქტორების დროებით ან სამუდამოდ გათიშვამ გამოიწვია.
საერთო ჯამში, ელექტროენერგიის მაღალი ხარჯებისა და ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდების გავლენით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ენერგომოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7.9%-ით შემცირდა. Ember-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს წიაღისეული საწვავის მთლიანი წარმოება 20%-ით შემცირდება, პარალელურად გაიზრდება ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება, ხოლო ევროპის მასშტაბით, მათ შორის საფრანგეთში, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობა განახლდება.
ფაქტია, ბლოკის ქვეყნები, რუსეთის ენერგომიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, უკრაინის ომის შემდეგ, განახლებად ენერგიაზე გადასვლას უფრო მეტად აჩქარებენ. ევროპული მწვანე შეთანხმების საკითხებში, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, ევროკავშირის მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის 45%-იან წილს მიაღწიოს, „ამბიციურია, თუმცა განხორციელებადი“.
დატოვე კომენტარი