ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მოქალაქეებისა და ბიზნესის ენერგიის მზარდი ფასებისგან დაცვისთვის საჭირო ზომების შესამუშავებლად შეიკრიბნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მინისტრებს, რუსულ ბუნებრივ აირზე ფასის ლიმიტის დაწესებასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.
მიუხედავად ამისა, საგანგებო შეხვედრაზე, ენერგეტიკის მინისტრებმა, ელექტროენერგიის მიმწოდებლების ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის საკითხზე ისაუბრეს და მათ მიმართ ფართო მხარდაჭერა გამოთქვეს.
ცნობისთვის, პარასკევს გამართული მინისტერიალის მიზანი, შემდგომი მოლაპარაკებისთვის განხილვის ვარიანტების შემცირება იყო, და არა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ბევრმა გაუსვა ხაზი შეთანხმებისა და მოქმედების დაჩქარების აუცილებლობას.
„ჩვენ რუსეთთან ენერგეტიკულ ომში ვიმყოფებით. ნათელი უნდა გავხადოთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობისა და ეკონომიკების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ.
რუსულ გაზზე ფასის ლიმიტის დაწესების მხარდამჭერებს შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული ბუნებრივი აირის ფასის შეზღუდვით, მოსკოვს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად ფულადი სახსრები შეეზღუდება.
მიუხედავად ამისა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს მარაგების დაკარგვის შიში აქვთ. ნაწილი კი, ენერგიის დაბალი მიწოდების ფონზე, ფასის შეზღუდვის ეფექტიანობას აყენებს ეჭვქვეშ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ექსკლუზიურად რუსულ გაზზე ფასის ლიმიტის დაწესება, რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მიზეზი გახდება.
დატოვე კომენტარი