ვროკომისიამ უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (მოლდოვა, საქართველო და უკრაინა) ქვეყნებთან მიმართებით ახალი ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა მაინც დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ხანგრძლივვადიანი და მდგრადი განხორციელება.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რაც შეეხება კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და მის აღკვეთას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით მოლდოვას ესაჭიროება მყისიერი მოქმედება, რათა უზრუნველყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა ხანგრძლივვადიანი განხორციელება და აქამდე გატარებული რეფორმების მდგრადობა.
“ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინამაც მყისიერად უნდა იმოქმედოს წინა რეფორმებით დანერგილი ანტიკორუფციული ზომების გასატარებლად და შემდგომი წინსვლის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოაქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში უკანონოდ დარჩენის მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 2016 წელს 3%-ით შემცირდა და გასულ წელს მსგავსი 5,240 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან გასულ წელს 39%-ით შემცირდა ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები და ჯამში მსგავსი 810 შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშში წერია, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის არაწევრ იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართული დანაშაულებრივ და კრიმინალურ ქმედებებში ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. ამასთან საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ქვეყნად ევროკავშირში ნარკოტიკების და სხვა უკანონო საქონლის შეტანის კუთხით.
“მივესალმები საქართველოს ძალისხმევას, შეინარჩუნოს მიღწეული წინსვლა და რეფორმებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს, თუმცა დამატებითი ძალისხმევა აუცილებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მყისიერად აამოქმედოს ევროპოლთან თანამშრომლობის შეთანხმება, კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებები და სამართლებრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, უფრო ინტენსიურად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ზომები”, – აცხადებს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.
დატოვე კომენტარი