სს „მისო ევრო კრედიტი“ 2023 წლის 1 დეკემბრიდან საინაუგურაციო სავალო ფასიანი ქაღალდის (ობლიგაციის) ემისიას იწყებს. ფასიანი ქაღალდის ოდენობა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი გამოშვება საჯარო განთავსების გზით მოხდება.
ტრანზაქციის ამოცანა კომპანიისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაა და ამ პროცესში მას შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ დაეხმარა, რომელიც ფასიანი ქაღალდის განთავსების ემისიის განთავსების აგენტია.
ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი შპს „იურიდიული ფირმა ბიელსია“, ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“.
„ევროკრედიტისთვის ობლიგაციების გამოშვება ეფექტური საშუალებაა საჭირო კაპიტალის უზრუნველსაყოფად. ალფა კაპიტალ ედვაიზორის დახმარებითა და ხელშეწყობით, ამ ფასიანი ქაღალდების განთავსება წარმოადგენს ინვესტორთა ნდობის დადასტურებას, რაც აძლიერებს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და სამომავლო ზრდის პერსპექტივას.
მოზიდული სახსრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია რისკის მართვის კუთხით, რადგან ფინანსების მოზიდვის მხოლოდ ერთ წყაროზე არ იქნება კომპანია დამოკიდებული. შენარჩუნდება სტაბილურობა დაფინანსების კუთხითაც, განხორციელდება კაპიტალზე ხარჯების ოპტიმიზაცია და მოქნილობა ოპერაციული თვალსაზრისით, რაც არსებით როლს შეასრულებს კომპანიის წარმატებაში და მედეგობაში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტისთვის ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან კომპანიის გეგმა ზრდა-განვითარების კუთხით რეალობად იქცევა.
ფასიანი ქაღალდების ემისია და კაპიტალის ბაზრის განვითარება უმნიშვნელოვანესი იმპულსია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.“ – განაცხადა მიხეილ ნონიკაშვილმა, სს „მისო ევრო კრედიტის“ გენერალურმა დირექტორმა.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „მისო ევრო კრედიტი“ მიკროსაფინანსო სექტორის უკვე მე-4 წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია კომპანია „მისო ევრო კრედიტის“ სულისკვეთება ალტერნატიული გზით უზრუნველყოს ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სექტორში ფონდირების დივერსიფიკაციის გაღრმავებას და შესაბამისად სექტორის სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „მისო ევრო კრედიტის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, ფინანსურ სექტორში პირველ საჯარო ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.
„მისო ევრო კრედიტი“ საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის მსხვილ ქალაქებში 11 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოების კუთხითაც იქნება სიახლეები. ევროკრედიტი მომხმარებელს ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობს.
შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. S
ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები შემდეგია:
ემიტენტი | სს „მისო ევრო კრედიტი“ (ს/ნ 404919102) |
ემისიის ფორმა | საჯარო შეთავაზება |
ლისტინგი | ფასიანი ქაღალდი გამიზნულია დაილისტოს „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ |
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი | არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია |
ემისიის მოცულობა | 10,000,000 (ათი მილიონი) აშშ დოლარი |
მინიმალური ინვესტიციის მოცულობა | 50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი |
ობლიგაციების ემისიის თარიღი | 1 დეკემბერი 2023 |
ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი | 4 წელი, ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2027 წლის 1 დეკემბერს |
წლიური კუპონის განაკვეთი | 9.50% |
პროცენტის გადახდა | ნახევარწლიური |
გამოსყიდვის ოფცია | 24 თვის შემდეგ სრულად, ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 102.5%-ად |
ინვესტორების ტიპი | არ არის შეზღუდული |
კანონმდებლობა | საქართველოს კანონმდებლობა |
საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ISIN) | GE 2700604558 |