"ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

"ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს. 26 მაისიდან „ევრონიუსი“  საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა.  შემდეგ ეტაპზე კი,  აგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი” იხილოს. ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“  წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაში – ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, წარმომადგენლობა ხელშეკრულებით დააფუძნეს. საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ესწრებოდნენ.

“ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა  დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება,  ეს „ევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს  მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი. 

“ევრონიუსის“ მიზანია, განსხვავებული მოსაზრებები სრული მიუკერძოებლობით მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს.

“ევრონიუს საქართველოც“ იმავე ღირებულებებს ეფუძნება: სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

“ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ,  მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“ გახდეს, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, “ევრონიუს ალბანეთისა“ და “ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

მსოფლიოს მასშტაბით,  „ევრონიუსი“  160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის.  გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *