2020 წლის პირველ ნახევარში, ევროპის ენერგიის მეხუთედზე მეტი მზის პანელებმა და ქარის ტურბინებმა გამოიმუშავეს. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.
მზისა და ქარის ენერგიით გამომუშავებული ენერგიის მაჩვენებელი ევროპის ზოგ ქვეყნაში უფრო მაღალია. მაგალითად: კლიმატის თემებზე მომუშავე ორგანიზაცია Ember-ის კვლევის მიხედვით, დანიის ენერგიის 64% სწორედაც მზისა და ქარის ენერგიაზე მოდის. დანიას რეიტინგში მოსდევს ირლანდიაც, სადაც განახლებადი ენერგია ქვეყანაში გამომუშავებული ენერგიის 49%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი გერმანია იკავებს (42%).
ივლისში გამოქვეყნებული წელიწადნახევრიანი მიმოხილვის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წილმა წიაღისეულ საწვავს გადაუსწრო და ევროპის ენერგიის 40% მოიცვა, მაშინ როდესაც წიაღისეულმა საწვავმა 34%.
გარდა ამისა, განახლებადმა ენერგიამ ახალი რეკორდი მსოფლიოს მასშტაბითაც დაამყარა. 2020 წლის პირველ ნახევარში, ენერგიის მეათედი სწორედ განახლებადი რესურსებიდან მომდინარეობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 14%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნახშირით გამომუშავებული ენერგიის მაჩვენებელმა რეკორდული 3%-ით იკლო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი, მეტწილად პანდემიის გამო, ეს რიცხვი 8.3%-ით შემცირდა. ევროპაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა, კერძოდ, რეგიონში ნახშირით გამომუშავებულმა ენერგიამ ერთი მესამედით იკლო.