ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 430-მა, 52 წინააღმდეგი იყო, 126-მა კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტი კომპრომისულია და მასში არაერთი შესწორება შევიდა, მათ შორის ხაზგასასმელია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციის საკითხი.
“რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომელიც შესაძლებელს ხდის და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე,” – ნათქვამია შესწორებაში.
ამასთან, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც კომისიის მიერ განსაზღვრული 12-ვე რეკომენდაცია შესრულდება.
რეზოლუცია ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით სტრასბურგში დებატები გამართა, სადაც ევროპარლამენტარებმა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
დატოვე კომენტარი
Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?