ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2022 წლების პერიოდს მოიცავს.
კვლევის ავტორების, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ლორ დელკურის, ასევე ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის წარმომადგენლების, ჰანა აჰამად მადატალისა და ტალანდერ იანსენის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი დემოკრატიული პრინციპების დაცვისა და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში, საქართველომ უკან სერიოზულად დაიხია.
„მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ეტაპობრივად დაკარგეს საკუთარი არსი, მმართველმა კოალიციამ კი კიდევ უფრო მეტად გაზარდა საკუთარი ძალაუფლება და შეზღუდვა სივრცე განსხვავებული აზრისთვის“.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სერიოზულად გაუარესდა კანონის უზენაესობის საკითხი, რასაც მოწმობს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არასათანადო გამოძიების, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ფაქტები.
კვლევის ავტორების შეფასებით, 2020 წლიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევად და არაგამჭვირვალედ დანიშვნებმა და რეფორმების შეუსრულებლობამ, ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში, სერიოზული უკუსვლები აჩვენა.
„ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათია. მედიის მდგომარეობა კი ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა“.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მნიშვნელოვნადაა გართულებული, რაც დაკავშირებულია მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევასთან და ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებთან.
მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერად რჩება, ბოლო წლებში ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმები შენელებულია, ხოლო მაღალი დონის კორუფციული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევებია.
მკვლევრების შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, თუმცა ქვეყანას კარგი შედეგები აქვს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ის ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში.
„საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დადებითად არის შეფასებული, თუმცა საქართველომ უარი განაცხადა შეერთებოდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“.
ევროპარლამენტის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველო საკანონმდებლო პროცესის კუთხით სწორ გზაზეა, თუმცა ის ისევ დგას ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის მიმართულებით.
დატოვე კომენტარი