ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) დაიწყო მოლაპარაკებები ილონ მასკის SpaceX-თან, კომპანიის გამშვები სისტემების დროებითი გამოყენების თაობაზე. ცნობისთვის, უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, დასავლეთს რუსეთის Soyuz-ის ტიპის რაკეტებზე წვდომა აღარ აქვს.
ამრიგად, ევროპულ Arianespace-ს ამერიკული კონკურენტი გამოუჩნდა, როგორც მთავარი კანდიდატი დროებითი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. თუმცა, ESA-ს საბოლოო გადაწყვეტილება Ariane 6-ის რაკეტაზეა დამოკიდებული, რომლის გამოშვების თარიღიც კვლავ გადაიდო.
რუსული რაკეტების ჩასანაცვლებლად, იაპონიისა და ინდოეთის გამშვები სისტემების გამოყენებაც განიხილება. რაც შეეხება SpaceX-ს, ESA-ში კომერციული შეთავაზების გაკეთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ტექნიკური თავსებადობის დადგენამდე ვერ მიიღებენ.
ამ დრომდე, მცირე ტვირთისთვის ევროპა იტალიურ Vega-ს, საშუალოსთვის რუსულ Soyuz-ს, ხოლო შედარებით დიდი ტვირთისთვის Ariane 5-ს იყენებდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, სულ უფრო მეტი მომხმარებელი წყვეტს კავშირებს მოსკოვის იზოლირებულ კოსმოსურ სექტორთან. ESA-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, უკრაინის ომმა მიახვედრა ისინი, თუ რამდენად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთზე. ის იმედს იტოვებს, რომ ამ ფაქტს გადაწყვეტილების მიმღები პირებიც გააცნობიერებენ.
დატოვე კომენტარი