გასულ წელს ევროკავშირის მასშტაბით გაყიდულ ახალ ავტომობილებს შორის, ელექტრომობილების წილმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ევროპის საავტომობილო ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, 2022 წელს ბატარეაზე მომუშავე მანქანებმა ახალი ავტომობილების გაყიდვების 12.1% შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 და 2019 წლებში ელექტრომობილების წილი, შესაბამისად, 9.1% და 1.9% იყო.
შეგახსენებთ, რომ ბლოკის ქვეყნების მიზანი – წიაღისეული საწვავზე მომუშავე მანქანებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაა. ევროკავშირი 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვასაც აკრძალავს. შედეგად, გასულ წელს, ელექტრომობილების გაყიდვები 28%-ით, 1.1 მილიონამდე გაიზარდა. ზრდის უმეტესი ნაწილი გერმანიის ბაზრის დამსახურებაა, სადაც გაყიდვებმა განსაკუთრებით წლის ბოლოს მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში გაყიდული ხუთი ახალი ავტომობილიდან ოთხი (79%) ელექტრო იყო. ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვას 2025 წლიდან, ევროკავშირის კანონმდებლობის ამოქმედებამდე 10 წლით ადრე გეგმავს. ერთადერთი ქვეყანა კი, სადაც გასულ წელს ელექტრომობილების გაყიდვა შემცირდა (-26.9%) იტალია იყო.
რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათ 2022 წელს ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების 22.6% შეადგინეს. პარალელურად კი, ევროკავშირში გაყიდულ მანქანებს შორის, მცირდება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წილი, თუმცა ისინი კვლავ ახერხებენ ბაზრის ნახევარზე მეტის (52.8%) დაკავებას. თუმცა გასულ წელს დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა განსაკუთრებით იკლო, თითქმის 20%-ით შემცირდა და 1.5 მილიონ გაყიდულ ავტომობილს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი