2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.
1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.1 დოლარია, თუმცა ქვეყნების მიხედვით ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება. კერძოდ, თუკი მაგალითად პოლონეთში ერთი ლიტრის საექსპორტო ფასი საშუალოდ 2.8 დოლარია, ბელგიაში ის 9 დოლარს აჭარბებს.
საშუალო საექსპორტო ფასი კონკრეტულ ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის მოცულობით და ექსპორტის მთლიანი ღირებულებით ითვლება. სხვადასხვა ქვეყნებში საშუალო ფასის განსხვავება კი ამ ქვეყნებში ექსპორტირებული ღვინის პარტიების ფასზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ 5 თვეში რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობით – (63%) ღვინო რუსეთში გავიდა, საექსპორტო ღირებულებით რუსეთი მოწინავე ადგილზე ვერ დგას. საანგარიშო პერიოდში რუსეთში 51 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ეს ფასი კი 16 მლნ ლიტრ ღვინოზე გადანაწილდა.
ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით:
- არაბთა გაერთიანებული საემიროები – $13.2
- ბელგია – $9.3
- ავსტრალია – $8.9
- აზერბაიჯანი – $7.9
- შვეიცარია – $7.4
- ნიდერლანდები – $6.5
- იაპონია – $6.6
- აშშ – $5.9
- კანადა – $5.2
- ყირგიზეთი – $5
- საფრანგეთი – $5.3
- შვედეთი – $5.5
- ფინეთი – $5
- ყირგიზეთი – $5
- გერმანია – $4.3
- გაერთიანებული სამეფო – $4.1
- ბულგარეთი – $4.4
- სომხეთი – $4.5
- ჩეხეთი – $3.8
- ჩინეთი – $3.4
- ესტონეთი – $3.3
- ყაზახეთი – $3.2
- ყირგიზეთი – $3.2
- რუსეთი – $3.1
- ლიეტუვა – $3
- უკრაინა – $2.8
რაოდენობრივად ქართული ღვინისთვის რეკორდული წელი 2018 იყო. ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმალურ ნიშნულს 2014 წელს, – რუსული ემბარგოს მოხსნიდან 1 წელში მიაღწია. 2006 წლის ემბარგომდე, ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო, ემბარგოს შემდეგ კი მწარმოებლებმა ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყეს. პარალელურად, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მალევე, თითქმის 50%-ზე მეტად გაიზარდა. თუკი 2006 წლამდე 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 1.9 დოლარი იყო, 2014 წელს ის 4 დოლარამდეც გაიზარდა. ამის შემდეგ კი საშუალო ფასმა კლება დაიწყო და $3.1–მდე შემცირდა.
მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია.
დატოვე კომენტარი