Forbes-ის უახლესი მონაცემებით, ევროპელ მილიარდერთა ქონების საერთო მოცულობა $3 ტრილიონს აღწევს.
ბიზნესგამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში, ევროპელ მილიარდერთა რაოდენობა 628-მდეა გაზრდილი. წინა წლის მონაცემებით, ევროპელ მილიარდერთა რაოდენობა 511-ს აღწევდა. მათი სიმდიდრის საერთო მოცულობა კი, წინა წელთან შედარებით, $1 ტრილიონითაა გაზრდილი.
ევროპელ მილიარდერთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს „ლუი ვიტონის“ მფლობელი ბერნარ არნო. იგი სიმდიდრით არამხოლოდ პირველი ადამიანია ევროპაში, არამედ ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის შემდგომ რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. არნოს სიმდიდრის მოცულობა, ამჟამად, $150 მილიარდია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან ($76 მილიარდი) შედარებით, თითქმის, გაორმაგებულია.
2021 წელს ევროპელ მილიარდერთა სიას 80 ახალი წევრი შეემატა. 2020 წლის მილიარდერთა სიას კი, გარდაცვალების მიზეზით, 7 ევროპელი მილიარდერი გამოაკლდა, მათ შორის, ფრანგი ოლივიე დასო, შვეიცარიელი ბენჯამინ როთშილდი, ესპანელი მანუელ ხოვე, რუსი დიმიტრი ბოსოვი. რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩეხი მილიარდერი, პეტრ კელნერი.
გერმანიაში, ამ დრომდე, ევროპის ყველაზე მეტი მილიარდერი იყრის თავს. მათი საერთო რაოდენობა 136-ს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 26-ით არის გაზრდილი, ხოლო მათი სიმდიდრის საერთო მოცულობა $625 მილიარდს შეადგენს.
ფრანგ მილიარდერთა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ მილიარდერთა რაოდენობას და 42-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, ფრანგ მილიარდერთა საერთო სიმდიდრე $512.2 მილიარდს აღწევს.
Forbes-ის თანახმად, ევროპის ათი ყველაზე მდიდარი მილიარდერის ჯამური კაპიტალი $552 მილიარდს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით ($216 მილიარდი), თითქმის, გაორმაგებულია.
გთავაზობთ, 2021 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე მდიდარ ადამიანებს:
- ბერნარ არნო, საფრანგეთი, $150 მილიარდი.
- არმანსიო ორტეგა, ესპანეთი, $77 მილიარდი.
- ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, საფრანგეთი, $73.6 მილიარდი.
- ფრანსუა პინო, საფრანგეთი, $42.3 მილიარდი.
- ბეატა ჰაისტერი&კარლ ალბრეხტ უმცროსი, გერმანია, $39.2 მილიარდი.
- დიტა შვარცი, გერმანია, $36.9 მილიარდი.
- ჯოვანი ფერერო, იტალია, $35.1 მილიარდი.
- ალენ ვერტჰაიმერი, საფრანგეთი, $34.5 მილიარდი.
- გერარდ ვერტჰაიმერი, საფრანგეთი, $34.5 მილიარდი.
- ალექსეი მორდაშოვი&ოჯახი, რუსეთი, $29.1 მილიარდი.