ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.
სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები მიიღოს.
სესხის მიღება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ლარში შეეძლებათ და, ამავდროულად, DCFTA ინიციატივის ფარგლებში, ისინი ევროკავშირის გრანტით სარგებლობასაც შეძლებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. ასეთი გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პირობები თუ პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს, რომლებიც ტერაბანკის სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენენ“, – აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენგან საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს და ასევე, ჩვენი როლით COVID-19-ის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური აღდგენის ხელშეწყობაში. მოუთმენლად ველით, რომ მხარი დავუჭიროთ ტერაბანკს და მის სწრაფვას, უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებული მომსახურება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებისთვის“, – აღნიშნავს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა ჩერვინსკა.
მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი და მთავარი დამსაქმებელია. ტერაბანკისთვის სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას, ამიტომ ბანკი მუდმივად ცდილობს, მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს, რითაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საქმიანობებისა თუ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტია. იგი წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნის და მიზნად გრძელვადიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. საქართველოში იგი 2007 წლიდან საქმიანობს და დღემდე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში 1,85 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
დატოვე კომენტარი