ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონის საპასუხოდ, სავარაუდოდ, სექტემბერში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და სადეპოზიტო განაკვეთი ნეგატიური, -0.5%-იანი ნიშნულიდან 0%-მდე გაიზრდება.
„ამჟამინდელი პერსპექტივიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მესამე კვარტლის ბოლოსთვის ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის პოზიციიდან გამოსვლა მოგვიწევს“, – განაცხადა ლაგარდმა.
ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ხელს უწყობს სესხის გაცემასა და ხარჯვას, ECB-მა 2014 წელს დააწესა, რაც რეგიონის წინაშე არსებული სუვერენული ვალის კრიზისით იყო განპირობებული.
გასულ თვეს ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 7.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ECB-ის პრეზიდენტის განმარტებით, თუკი საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია 2%-იანი ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდება, საპროცენტო განაკვეთების ნეიტრალურ ზონაში დაბრუნება იქნება მიზანშეწონილი ქმედება, რომელსაც ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუკი ევროზონის ეკონომიკის გადახურება და ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ECB-მა მონეტარული პოლიტიკა დაგეგმილზე უფრო მეტად გაამკაცროს.
დატოვე კომენტარი